დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.03.2016
საქმის ნომერი
307აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
15.03.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №307აგ-15 15 მარტი, 2016 წელი

ზ-ე დ.- 307აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ზ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის განაჩენით დ. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით გაუქმდა დ. ზ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის განაჩენითა და იმავე სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 3 თვე და მსჯავრდებულს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 6 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 3 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. დ. ზ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2014 წლის 5 აპრილიდან.

მასვე 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით - „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული დანარჩენი უფლებები.

2. 2015 წლის 7 აგვისტოს მსჯავრდებულმა დ. ზ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვა და მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 სექტემბრის განაჩენითა და იმავე სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ დ. ზ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით გაუქმდა დ. ზ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის განაჩენითა და იმავე სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 3 თვე და მსჯავრდებულს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 5 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 3 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. დ. ზ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2014 წლის 5 აპრილიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებული დ. ზ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მისთვის განსაზღვრული სასჯელი არ შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და იმის გათვალისწინებით, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

4. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 სექტემბრის განაჩენით დ. ზ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და დანიშნული სასჯელი შეუმცირდა - 1 წლით, 9 წლიდან - 8 წლამდე, ახალი რედაქციის სანქციის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე, დანიშნული სასჯელის მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან შესაბამისობის თაობაზე და შეამციროს მისი ზომა.

5. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, მას უნდა შეუმცირდეს სასჯელი.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 სექტემბრის განაჩენი და იმავე სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინება მსჯავრდებულ დ. ზ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

ზ. მეიშვილი