დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №494აგ-15 11 აპრილი, 2016 წელი
ხ-ი ტ. 494აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით ტ. ხ-ი, - დაბადებული 19… წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ტ. ხ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით გაუქმდა ტ. ხ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 წელი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და მსჯავრდებულს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ტ. ხ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2014 წლის 26 იანვრიდან.
მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. 2015 წლის 4 აგვისტოს მსჯავრდებულმა ტ. ხ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვა და მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 სექტემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ტ. ხ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. მსჯავრდებული ტ. ხ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 სექტემბრის განაჩენის შეცვლას სასჯელის ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ტ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
5. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, მას უნდა შეუმსუბუქდეს სასჯელი.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ტ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ტ. ხ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი