საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის
საქმის ნომერი
2კ-603აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №603აპ-15 ქ. თბილისი

ლ-ე ნ. 603აპ-15. 28 აპრილი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ლ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - რ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის განაჩენით ნ. ლ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარი.

გაუქმდა ნ. ლ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

ნივთმტკიცება - უკანონოდ მოჭრილი სხვადასხვა ზომის 92 დახერხილი ფიცარი და სხვადასხვა ზომის 33 დახერხილი კოჭა, რომლებიც ჩაბარებული აქვს ..... სოფელ ….. მცხოვრებ ნ. ქ-ეს, საქმეზე განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ უნდა გადაეცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სახელმწიფო საკუთრებაში მისაქცევად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 სექტემბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის განაჩენი სასჯელის ნაწილში შეიცვალა მსჯავრდებულის საუარესოდ, კერძოდ:

ნ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისფულების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

ნ. ლ-ეს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის დადგენისთანავე, რა დროსაც მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალა, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

გაუქმდა ნ. ლ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

ნივთმტკიცება - უკანონოდ მოჭრილი სხვადასხვა ზომის 92 დახერხილი ფიცარი და სხვადასხვა ზომის 33 დახერხილი კოჭა, რომლებიც ჩაბარებული აქვს ….. სოფელ ….. მცხოვრებ ნ. ქ-ეს, საქმეზე განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ უნდა გადაეცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სახელმწიფო საკუთრებაში მისაქცევად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.

მსჯავრდებულ ნ. ლ-ის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.

ამასთან, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ნ. ლ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - რ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი