საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.04.2016
საქმის ნომერი
2კ-551აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.04.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №551აპ-15 ქ. თბილისი

ზ-ი რ., 551აპ-15 11 აპრილი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების – რ. ზ-ს, ვ. ფ-სა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ვ-სა და გ. ჩ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის განაჩენით ვ. ფ-ი, რ. ზ-ი და ზ. მ-ა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვ. ფ-სათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის განაჩენით დანიშნული, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით განახევრებული და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2014 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 3 თვე, 15 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; რ. ზ-სათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; ზ. მ-სათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის განჩინებით განსაზღვრული ჯარიმა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2014 წლის 26 ივნისიდან; მსჯავრდებულ რ. ზ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2013 წლის 1 მაისიდან იმავე წლის 20 მაისის ჩათვლით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.

მსჯავრდებულების – რ. ზ-სა და ვ. ფ-სათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.

ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების – რ. ზ-ს, ვ. ფ-სა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ვ-სა და გ. ჩ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე