დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-44-397-07 28 მაისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს “მ...” (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ნ. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – მიუღებელი დივიდენდის ანაზღაურება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. მ-მა 2005 წელს სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს “მ...ს” მიმართ და მოითხოვა მოპასუხე ორგანიზაციისათვის მისი კუთვნილი დივიდენდის გადახდის დაკისრება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ არის შპს “მ...ს” 5%-ის მფლებელი პატნიორი. მიუხედავად მისი არაერთი მიმართვისა შპს “მ...ს” დირექტორი მ.მ-ი უზღუდავდა უფლებას, საზოგადოების მოგებიდან მიეღო კუთვნილი დივიდენდი, მან ასევე უპასუხოდ დატოვა მისი ადვოკატის მიმართვაც. მოსარჩელის მითითებით, ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 7 მარტის ¹02/578 ცნობის თანახმად საზოგადოების მოგებამ 2000-2003 წლებში 1999 წლის ზარალის _ 15702 ლარის გამოქვითვის შემდეგ შეადგინა 70742 ლარი, საიდანაც მისი კუთვნილი 5% დივიდენდი შეადგენს 3537.10 ლარს. ამ თანხიდან მას არანაირი თანხა არ მიუღია. ამასთან, არის პენსიონერი და სხვა საარსებო საშუალება არ გააჩნია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით გ. მ-ს სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს “მ...ს” გ. მ-ს სასარგებლოდ გადახდა მიუღებელი დივიდენდი 4935.65 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “მ...ს” წარმომადგენელმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებით შპს “მ...ს” წარმომადგენლის ნ.კ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-ი შპს “მ...ს” 5%-ის მფლობელი პარტნიორია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ შპს “მ...ს” საბალანსო მოგება შეადგენდა 1999 წელს 15702 ლარს (ზარალი), 2000 წელს 7926 ლარს, 2001 წელს 10032 ლარს, 2002 წელს 24630 ლარს, 2003 წელს 28154 ლარს, 2004 წელს 36371 ლარს. სააპელაციო სასამართლომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლზე მითითებით საფუძვლიანად ჩათვალა გ.მ-ს მოთხოვნა მოგებიდან დივიდენდის მიღების თაობაზე, რადგან მიიჩნია, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 47.3 მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა საზოგადოების მოგების პარტნიორებზე განაწილების ნაცვლად სხვა მიზნით გამოყენება. სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შპს “მ...ს” გააჩნდა 1 062 925 ლარის კრედიტორული დავალიანება, რაც გამორიცხავდა დივიდენდის გაცემას. აღნიშნული საფუძველი სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის საფუძველზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “მ...ს” წარმომადგენელმა ნ. კ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მითითებით, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 44-ე მუხლის შინარსიდან გამომდინარე კრედიტორებთან ურთიერთობაში შპს “მ...ს” პარტნიორი კი არ გამოდის, არამედ საზოგადოება, ხოლო ის რაც პარტნიორებმა საზოგადოებაში ჩადეს ხმარდება საზოგადოებას. კასატორის მითითებით, დღეის მდგომარეობით შპს “მ...ს” კრედიტორების წინაშე გააჩნია დავალიანება 1062925 ლარის ოდენობით. კასატორმა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 50-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოპასუხემ ისე ნაადრევად დატოვა 2004 წლის 17 მაისის კრება, რომელზედაც იხილებოდა ვალის სანაცვლოდ შპს “მ...ს” კუთვნილი უძრავი ქონების “... ფარმაზე” გადაფორმება და საერთოდ არსებული დავალიანება, რომ არ შესთავაზა წინადადება პარტნიორებს, დამატებით ემსჯელათ მიუღებელი დივიდენდების შესახებ, ხოლო მოგვიანებით კი დარღვეული უფლებების გამო პირდაპირ მიმართა სასამართლოს. კასატორის მოსაზრებით, მოცემული საქმე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 9 მარტის განჩინებით შპს “მ...ს” წარმომადგენლის ნ. კ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარე გ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს “მ...ს” წარმომადგენლის ნ. კ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “მ...ს” წარმომადგენლის ნ. კ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს შპს “მ...ს” წარმომადგენელს ნ. კ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70%, რაც 210 (ორას ათ) ლარს შეადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე და 284-ე მუხლებით და
ბ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს “მ...ს” წარმომადგენლის ნ. კ-ს საკასაციო საჩივარი.
კასატორ შპს “მ...ს” წარმომადგენელს ნ. კ-ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 (ორას ათი) ლარი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.