საზედამხედველო
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №4აგ-16 29 ივნისი, 2016 წელი
ძ. გ., 4აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ძ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით გ. ძ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 24, 362–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 362–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ხ. სულაძის აუდიტორული დასკვნის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 362–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თ. ხაბელაშვილის აუდიტორული დასკვნის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 182–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 180–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 1 000 000 ლარი. სსკ–ის 59–ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, სსკ–ის 182–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა: სსკ–ის 180–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 24,362–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 362–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ხ. სულაძის აუდიტორული დასკვნის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 362–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თ. ხაბელაშვილის აუდიტორული დასკვნის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და გ. ძ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 13 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 1 000 000 ლარი.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 11 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ძ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით გ. ძ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, გაუნახევრდა სსკ–ის 182–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა: სსკ–ის 24,362–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და სსკ–ის 59–ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 362–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ხ. სულაძის აუდიტორული დასკვნის ეპიზოდი) დანიშნული და სსკ–ის 59–ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 362–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თ. ხაბელაშვილის აუდიტორული დასკვნის ე პიზოდი) დანიშნული და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 180–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და სსკ–ის 59–ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ძ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით, 6 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 12 ივნისის №12/06/07 განკარგულებით მსჯავრდებული გ. ძ. შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 ოქტომბრის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის განაჩენებით სსკ–ის 182–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 180–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 24,362–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 362–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 194–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
6. 2015 წლის 25 ნოემბერს მსჯავრდებულ გ. ძ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ბ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს სსსკ–ის 310–314–ე მუხლების შესაბამისად, ითხოვა მსჯავრდებულ გ. ძ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შემდეგი მოტივებით:
· კასატორის მითითებით, 2006 წლის 2 მაისის პრეზიდენტის განკარგულებით შპს ” ---- -----“ კრედიტის სახით გამოეყო 5 500 000 ევრო, რაც უნდა მოხმარებოდა ყურძნის კონცენტრატის წარმოების ხელშეწყობას კახეთის რეგიონში. ხელისუფლება მოითხოვდა უმოკლეს ვადაში ყურძნის კონცენტრატის დამამზადებელი ხაზის შეძენასა და დამონტაჟებას -----ში და ამ მიზნით საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზ. ნ-მა საქართველოში მოიწვია იტალიური ფირმა „---- ---- “-ს წარმომადგენლები და მათგან მიიღო დასტური, რომ უმოკლეს ვადაში საქართველოში ამოქმედდებოდა ყურძნის კონცენტრატის დამამზადებელი ხაზი. 2006 წლის მაის–სექტემბერში შპს „----- -------“ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და უმოკლეს ვადაში ------ში დაამონტაჟა და აამოქმედა ყურძნის კონცენტრატის დამამზადებელი ხაზი, რის შემდეგაც დაიწყო მოსახლეობისაგან ყურძნის მიღება და კონცენტრატის დამზადება. შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ სს „-------“ და სს „---- -----“ ანგარიშებზე 2 057 170 ლარის ჩარიცხვით ამ თანხების მითვისებას კი არ ჰქონდა ადგილი, არამედ ამით დაიფარა ის დავალიანება, რაც წარმოეშვა შპს „----- -----“ სს „------“ და სს „----- -----“ მიმართ, საიდანაც აღებული სესხებით ანაზღაურდა ------ში ყურძნის კონცენტრატის ხაზის დასამონტაჟებლად იჯარით აღებული ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად წინასწარ გაწეული სამშენებლო სამუშაოების ხარჯები. შუამდგომლობის ავტორს ერთ-ერთ ახლად გამოვლენილ გარემოებად მიაჩნია სამშენებლო კომპანია „------“ 2013 წლის 11 ივნისის ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ ამ კომპანიამ, შპს „----- -------“ 2006 წლის მაისში დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ------ში, ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე, ჩაატარა სამშენებლო სამუშაოები და საერთო ჯამში მათგან მიიღო 1 470 430 ლარი.
· ადვოკატმა ი. ბ-მა ასევე ერთ–ერთ ახლად გამოვლენილ გარემოებად მიუთითა კომპანია ,,---- ---“-ს კომერციული დირექტორის ა. პ-ს პასუხზე, რომელიც 2014 წლის 14 იანვარს DHL ფოსტით მიიღეს და რომლის თანახმადაც, კომპანია „---- ----“-ს კომერციული დირექტორი ა. პ. ატყობინებს, რომ: ,,იტალიის მხარე ადასტურებს, რომ „ქართული პროდუქტის“ მიერ მათთვის გადარიცხული 4 000 000 ევრო მთლიანად მოხმარდა 2006 წლის 3 მაისის №---/---/--- კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას და ამ პროექტის რეალიზაციაზე გახარჯული თანხა 4 000 000 ევრო მთლიანადაა ასახული საქართველოს საბაჟოსათვის წარდგენილ ინვოისებში“. რაც შეეხება იმას, თუ რატომ განსხვავდება იტალიის საბაჟოდან ამოღებულ ინვოისებში დაფიქსირებული თანხა საქართველოს საბაჟოდან ამოღებულ ინვოისებში მითითებული თანხისგან, განმარტავენ შემდეგს: ,,იტალიიდან გამოგზავნილი მოწყობილობის ღირებულება მთლიანად შეესაბამება სინამდვილეს. იტალიის საბაჟოზე განცხადებულ ღირებულებასა და კონტრაქტის მთლიან ღირებულებას შორის სხვაობა წარმოიქმნა იმიტომ, რომ კომპანიის ინტერესებისათვის ჩვენ განვაცხადეთ მხოლოდ იმ საქონლის ღირებულება, რომელიც წარმოებული და ექსპორტირებულ იქნა იტალიიდან, რათა დაუმსახურებლად არ გადაგვეხადა გადასახადი ისეთი მომსახურებისათვის, რომელთა მიწოდება და შეკვეთა ხორციელდებოდა საზღვარგარეთიდან (და რომლებიც არ ექვემდებარებოდა დაბეგვრას იტალიაში). თუ ,,----- ----“ მიაწოდებდა იტალიის საბაჟოს 4 000 000 ევროს ოდენობის საექსპორტო ანგარიშ–ფაქტურებს, ცრუ მონაცემების დეკლარირების გარდა, ის იძულებული გახდებოდა, უსამართლოდ გადაეხადა გადასახადები, რომელთა გადახდა, გარდა ამისა, მოუწევდა აგრეთვე მომსახურების საზღვარგარეთელ მიმწოდებლებსაც. მეორე მხრივ, საქონელი უნდა შემოსულიყო საქართველოს საბაჟოზე -----ს 4 000 000 ევროს თანხის ოდენობის ინვოისით, რაზეც იზრუნა ჩვენმა აგენტმა. ეს განხორციელდა ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად, რომელმაც არ იცოდა ამ აქტის შესახებ, ვინაიდან ეს საკითხი ეხებოდა მხოლოდ იტალიაში დაბეგვრას და არ ეხებოდა საქართველოს“. შუამდგომლობის ავტორს მიაჩნია, რომ გ. ძ-ის ბრალდება ამ ეპიზოდში სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ა. ი-ს 2010 წლის აგვისტოში მიცემული ჩვენებებით, რომლებიც სასამართლოს არ უნდა მიეღო მტკიცებულებად, რადგან იგი დაინტერესებული პირია. ა. ი. აშანტაჟებდა გ. ძ-ს და სთხოვდა 6 000 000 აშშ დოლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა განცხადების შეტანით და სისხლის სამართლის საქმის აღძვრით, რასაც ადასტურებს გ. ძ-ათვის 2009 წლის 6 ივლისს გაგზავნილი მისი წერილი, რაც ასევე არ იყო ცნობილი სასამართლოსათვის განაჩენის დადგენის დროს და რადგან მან შანტაჟით ვერ მიაღწია საწადელს, დაიწყო თანამშრომლობა საქართველოს საგამოძიებო ორგანოებთან.
· შუამდგომლობაში ადვოკატმა ი. ბ-მა ასევე ახლად გამოვლენილ გარემოებად მიუთითა, რომ ყურძნის კონცენტრატის წარმოების ხელშეწყობისათვის შპს „----- -----“ გახარჯა 6 203 691 ევრო, ანუ იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე პრეზიდენტის განკარგულებით იყო გათვალისწინებული, რაც დასტურდება ე. ხ-ის 2014 წლის 23 აპრილის გამოკითხვის ოქმითა და საქმეში არსებული დოკუმენტაციით.
· ხ. ს-ის აუდიტორული დასკვნის ეპიზოდთან დაკავშირებით შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ ხ. ს-ეს აღიარებითი ჩვენებები მიცემული აქვს მძიმე ფსიქოლოგიური ზეგავლენის შედეგად, რის გამოც მისი ჩვენება არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული.
· თ. ხ-ის აუდიტორული დასკვნის ეპიზოდთან დაკავშირებით კი ადვოკატმა განაცხადა, რომ თ. ხ. დაკითხულია წინასწარი გამოძიების დროს, თუმცა, ბრალდების მხარემ იგი სასამართლოში დასაკითხ მოწმეთა სიაში შეგნებულად არ შეიყვანა, ვინაიდან სასამართლოზე მისი დაკითხვით აშკარა გახდებოდა ბრალდების აბსურდულობა, ხოლო 2014 წლის 23 აპრილს, მოწმის სახით გამოკითხვისას, თ. ხ-მა დაადასტურა, რომ გ. ძ-თან არავითარი შეხვედრა არ ჰქონია და აუდიტი ჩაატარა ფინანსთა სამინისტროს დავალებით და ურთიერთობაც მხოლოდ ამ სამინისტროს თანამშრომლებთან ჰქონდა.
· შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა ასევე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაგზავნილ დასკვნაზე, რომელშიც კომიტეტმა აღნიშნა, რომ ,,შესწავლილი ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა გ. ძ-ის მიმართ სამართალწარმოების განხორციელებისას პოლიტიკური მოტივის არსებობა და ,,სამართლიანი სასამართლოს“ მოთხოვნების სავარუდო დარღვევები“.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
8. მსჯავრდებულ გ. ძ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის არგუმენტებს, რომ სამშენებლო კომპანია „-----“ 2013 წლის 11 ივნისის ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ ამ კომპანიამ შპს „----- -----საგან“ 2006 წლის მაისში დადებული ხელშეკრულების საფუძველზე -----ში, ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე, ჩაატარა სამშენებლო სამუშაოები და საერთო ჯამში მათგან მიიღო 1 470 430 ლარი - ვერ ჩაითვლება კანონით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებად, ვინაიდან თავად შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს, რომ აღნიშნულის თაობაზე შპს „----- -----ის“ გენერალური დირექტორები - რ. თ. და ა. ი. თავიანთ ჩვენებებში მიუთითებდნენ.
4. პალატა ეთანხმება ასევე მსჯელობას იმის შესახებ, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებად ვერ მიიჩნევა ა. ი-ს მიერ გ. ძ-თვის გაგზავნილი წერილი, ვინაიდან, როგორც შუამდგომლობის ავტორი უთითებს, ა. ი-მ გ. ძ-ს წერილი გაუგზავნა 2009 წლის 6 ივლისს, ასევე ა. ი-ს, როგორც ადვოკატი ი. ბ. აცხადებს, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მიცემული აქვს განაჩენის დადგენამდე; გარდა ამისა, ა. ი-ს მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემა დადასტურებული უნდა იყოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რაც წარმოდგენილი არაა.
5. ადვოკატ ი. ბ-ის მიერ შუამდგომლობაში მითითებული გარემოება, რომ ყურძნის კონცენტრატის წარმოების ხელშეწყობისათვის შპს „----- ------“ გახარჯა 6 203 691 ევრო, ანუ იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე პრეზიდენტის განკარგულებით იყო გათვალისწინებული, მისივე მითითებით, დადასტურებულია საქმეში არსებული საბუღალტრო დოკუმენტაციით, შესაბამისად, ცხადია, აღნიშნული ასევე ვერ მიიჩნევა ახლად გამოვლენილ გარემოებად.
6. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას ხ. ს-თან დაკავშირებითაც და მიუთითებს, რომ ფაქტი ხ. ს-ის მიერ ჩვენებების მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიცემის შესახებ უნდა დასტურდებოდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
7. რაც შეეხება შუამდგომლობაში მითითებულ იმ გარემოებას, რომ თ. ხ. ბრალდების მხარემ სასამართლოზე დასაკითხ მოწმეთა სიაში შეგნებულად არ შეიყვანა, საკასაციო პალატა ასევე იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიუთითებს, რომ აღნიშნული არ წარმოადეგნს განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, ვინაიდან ხსენებულ ფაქტებს ადგილი ჰქონდა საქმის არსებით განხილვამდე და მათ შესახებ ცნობილი იყო სასამართლოსა და მხარეებისთვის.
8. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატ ი. ბ-ის მიერ შუამდგომლობასა და საჩივარში მითითებულია ისეთი გარემოებების შესახებაც, რაც აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ:
· კომპანია ,,----- ---“-ს კომერციული დირექტორის - ა. პ-ის წერილი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, უშუალო შემხებლობაშია გ. ძ-ის ბრალეულობასთან; რაც შეეხება სააპელაციო პალატის არგუმენტაციას აღნიშნული მტკიცებულების ახლად გამოვლენილად არ მიჩნევის თობაზე, იმ მოტივით, თუ რატომ, ვერ მოიპოვა იგი დაცვის მხარემ საქმის არსებით განხილვამდე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში კასატორი უთითებს იმ ობიექტურ გარემოებებზე, რის გამოც ვერ მოხერხდა მისი მოპოვება, კერძოდ: გ. ძ-ის მიმართ წინასწარი გამოძიება და სასამართლო პროცესები ჩატარდა მის დაუსწრებლად, ვინაიდან იგი იყო ძებნილი, რის გამოც დაცვის მხარეს არ ჰქონდა მასთან კონტაქტი. დალუქული იყო მისი კომპანიები და დოკუმენტაციები, რაც ობიექტურად ხელისშემშლელი იყო დაცვის მხარისათვის მტკიცებულებათა დროულად მოპოვებაში.
9. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ძ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გ. ძ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე იყო კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დაყენებული და დასაბუთებული, რის გამოც მისი დაუშვებლად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. ძ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე და წარმოება უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობის განსახილველად დაშვების მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. ძ-ის მიმართ.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე