დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-91(კ-26)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ე. ჯ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
დავის საგანი - თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2025 წლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ჯ-ემ 22.10.2024 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 27.09.2024 წლის №3149 განკარგულების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც 525 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ... ტერიტორიის მიმდებარედ) აღიარებულ იქნება მოსარჩელე - ე. ჯ-ის საკუთრების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.03.2025 წლის გადაწყვეტილებით ე. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე. ჯ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2025 წლის განჩინებით ე. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.03.2025 წლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ფიზიკურ პირზე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი დაადასტურებს, რომ მოთხოვნილ ტერიტორიას თვითნებურად დაეუფლა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და იმ დროიდან, განცხადების წარდგენის მომენტისათვის უწყვეტად ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 27.09.2024 წლის №3149 განკარგულების თანახმად, ე. ჯ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ... ტერიტორიის მიმდებარედ, საერთო ფართობი: 525 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულებაში აღიარების კომისიამ აღნიშნა, რომ წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (კომისიის 16.11.2023 წლის №73 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემული 01.12.2023 წლის №3624 განკარგულება). კომისიამ დაადგინა, რომ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის 01.12.2023 წლის №3624 გადაწყვეტილების მიღებას არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომელიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ე. ჯ-ე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ მან აღნიშნული ტერიტორია თვითნებურად დაიკავა და მასზე განათავსა შენობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა 2006-2007 წლის და ასევე 2014 წლის ორთოფოტოებზე და აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე არ ჩანდა შენობა-ნაგებობა, შენობა ფიქსირდებოდა 2016-2017 წლის ორთოფოტოზე (იხ. https://maps.gov.ge). ამასთან, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 04.09.2024 წლის №16-0124248558 წერილის თანახმად, მითითებულ ტერიტორიაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.03.2019 წლის №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდებოდა სატრანსპორტო (ტზ-1) ზონა. მითითებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო აგრეთვე შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული წყალარინების ქსელის მილსადენი.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო კომისიის 01.12.2023 წლის №3624 განკარგულების გამოცემას, შეუცვლელი სახით არსებობდა 29.07.2024 წელს წარდგენილი განცხადების დროსაც, შეცვლილი იყო მხოლოდ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფართობი, კერძოდ, 1843 კვ.მ. ნაცვლად მხარე ითხოვდა 525 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აღიარებას. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ განმცხადებლის მიერ შეცვლილი ან ახლად აღმოჩენილი გარემოება, რომელიც მისთვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მისცემდა, კომისიისთვის წარდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მხრიდან სხვა გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2025 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ე. ჯ-ის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ილახება მოსარჩელის უფლება მოიპოვოს საკუთრება მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ის 2007 წლამდეც ფლობდა და დღესაც აგრძელებს ფლობას, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებით. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ არ შეფასებულა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სადავო მიწის ნაკვეთზე შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული წყლის მილსადენის არსებობის უარსაყოფად. სზაკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც კასატორის მოსაზრებით ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს №ბს-628(კ-22) განჩინებაში ჩამოყალიბებულ მსჯელობას, რომლის თანახმად განმცხადებელმა შეიძლება მრავალჯერ მიმართოს კომისიას საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას უარი უნდა ეთქვას სზაკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, უარი ყოველთვის უნდა იყოს დასაბუთებული. კასატორმა მიუთითა აგრეთვე უზენაესი სასამართლოს 11.07.2023 წლის №ბს-149(2კ-23) განჩინებაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეფუძნებოდა განაშენიანების არსებულ პირობებთან შეუსაბამობას, დადგენილი უნდა ყოფილიყო კონკრეტული ტერიტორიის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის გეგმების კონკრეტული პირობები. კასატორი თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში არ შეფასებულა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქმის გარემოებები. კასატორმა უზენაესი სასამართლოს №ბს-52-52(კ-08) განჩინებაზე მითითებით აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით ხელმძღვანელობით სტანდარტთან დაკავშირებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება განჩინებაში გადმოსცეს მოკლე დასაბუთება, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით ახორციელებს მართლმსაჯულებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმების ვალდებულება პროცესუალურ-სამართლებრივი დოქტრინის მიხედვით უცილობლად გულისხმობს და მოიაზრებს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებას.
კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს. კასატორი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა ხელს შეუწყობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამორკვევას. ამასთან, კასატორი თვლის, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ შესაფასებელია თუ რამდენად მიზანშეწონილია ე. ჯ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმა, მაშინ როდესაც მისი შვილიშვილი საკუთრების უფლებით ფლობს მომიჯნავე მიწის ნაკვეთს, რომელიც ერთი ღობის შიგნით მდებარეობს უფლებაასაღიარებელ სადავო მიწის ნაკვეთთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, ე. ჯ-ემ 29.07.2024 წელს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქალაქი თბილისი, ... ტერიტორიის მიმდებარედ). ამასთან, თანხმობა გამოთქვა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია განსახილველად გადაგზავნილიყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.08.2024 წლის №... მიმართვით, ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაიგზავნა ე. ჯ-ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იქნა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. მარეგისტრირებელი ორგანოსგან აღიარების კომისიას გადაეგზავნა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი და საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის დროს მოძიებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 04.09.2024 წლის №16-0124248558 წერილის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ეცნობა, რომ სააგენტომ, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, განმეორებით განიხილა ... ტერიტორიაზე 525 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი. ამავე წერილის თანახმად, მითითებულ ტერიტორიაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.03.2019 წლის №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდებოდა სატრანსპორტო (ტზ-1) ზონა და უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი კვეთდა №... საკადასტრო ერთეულს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 27.09.2024 წლის №3149 განკარგულების თანახმად, ე. ჯ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ... ტერიტორია, მიმდებარედ, საერთო ფართობი: 525 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე. აღიარების კომისიამ მიუთითა, რომ წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (კომისიის 16.11.2023 წლის №73 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემული 01.12.2023 წლის №3624 განკარგულება). შესაბამისად, კომისიამ დაადგინა, რომ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის გადაწყვეტილების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომელიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შესაბამისად, განცხადების განუხილველად, მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლითაც მოწესრიგებულია ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. აღნიშნული ნორმის 1-ელი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წლის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლი. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 01.12.2023 წლის №3624 განკარგულებაზე, რომლის მიხედვით, ე. ჯ-ეს მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, დასახლება ..., ... მიმდებარედ, საერთო ფართობი: 1843 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით და აეროფოტოგადაღებების თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა განთავსებული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ. ასევე, აღნიშნული მიწა არ წარმოადგენდა განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერად დაკავებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეული იყო სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1). ამასთან, მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტი, კერძოდ, შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული წყალარინების ქსელის მილსადენი (ს.კ. №...). შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად, არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას. აღსანიშნავია, რომ მითითებული განკარგულება დაინტერესებული პირის მიერ არ გასაჩივრებულა.
შესაბამისად, განსახილველ დავაზე შესაფასებელია, იძლეოდა თუ არა ე. ჯ-ის მიერ 29.07.2024 წელს წარდგენილი განცხადება და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საკითხზე ხელახალი მსჯელობისა და მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს, იყო თუ არა შეცვლილი ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკერძოება ხდება იმ შემთხვევაში უკეთუ მიწის თვითნებურად დაკავების, მასზე საცხოვრებელი სახლის ან/და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის განთავსება დასტურდება კანონის ამოქმედებამდე. რომელიმე დასახელებული წინაპირობის არარსებობა გამორიცხავს კონკრეტული საფუძვლით მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობას. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა (მე-2 მუხლის "გ" ქვ.პ.).
განსახილველ შემთხვევაში, ე. ჯ-ე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ მან აღნიშნული ტერიტორია თვითნებურად დაიკავა და მასზე განათავსა შენობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ე. ჯ-ის მიერ კომისიისთვის განმეორებით, 29.07.2024 წელს წარდგენილ განცხადებაზე შეცვლილი იყო მხოლოდ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფართობი, კერძოდ, 1843 კვ.მ. ნაცვლად იგი ითხოვდა 525 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აღიარებას, ხოლო ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო 01.12.2023 წლის №3624 განკარგულების გამოცემას, შეუცვლელი სახით არსებობდა ზემოაღნიშნული განცხადების წარდგენის დროსაც. კერძოდ, შენობა-ნაგებობა აშენებული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ 2006-2007 წლის, ასევე 2014 წლის ორთოფოტოებზე სადავო მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობა არ ფიქსირდება, შენობა ფიქსირდება 2016-2017 წლის ორთოფოტოზე, შესაბამისად, საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთზე შენობის არსებობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. რაც შეეხება კასატორის შედავებას, რომ სადავო პერიოდში მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი დასტურდება მოწმეთა ჩვენებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება) იძლევა შესაძლებლობას, ობიექტურად განისაზღვროს დედამიწის ზედაპირის მდგომარეობა, კერძოდ, დადგინდეს კონკრეტული მიწის ნაკვეთის ზუსტი საზღვრები და შემოწმდეს მისი განვითარებულობა მასზე კონკრეტული შენობა-ნაგებობის არსებობა-არარსებობის გარკვევით. ამგვარი ტექნოლოგიური საშუალებები გამორიცხავს მოწმის ჩვენებით იმ გარემოების დადგენის საჭიროებას, რაც კონკრეტული, ობიექტური ფაქტების განმსაზღვრელი მტკიცებულებებით დადასტურებას ექვემდებარება (სუსგ 13.12.2018 წლის საქმე №ბს-698-698(კ-18)). გარდა ზემოაღნიშნულისა, სადავო მიწის ნაკვეთზე კვლავ ვრცელდებოდა სატრანსპორტო (ტზ-1) ზონა და მასზე განთავსებული იყო შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული წყალარინების ქსელის მილსადენი. კასატორს ზემოაღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგოდ სათანადო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება კასატორის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან ე. ჯ-ის შვილიშვილს შეძენილი ჰქონდა საკუთრება ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და ნაკვეთები ერთიან სივრცეში მდებარეობდა, მიზანშეწონილი იყო მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების აღიარება, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს. მოცემულ შემთხვევაში ე. ჯ-ის შვილიშვილის, გ. ჯ-ის მიერ შეძენილი ქონება წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ განკარგულ მიწის ნაკვეთს, ქონება შეძენილია 03.06.2024 წელს, ამასთან, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს არა მოსარჩელის, არამედ მისი შვილიშვილის საკუთრებას.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადება და მტკიცებულებები არ ქმნიდა ე. ჯ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, კერძოდ, ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო მის მიმართ მიღებულ კომისიის 01.12.2023 წლის №3624 განკარგულებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა მოსარჩელისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ე. ჯ-ის მიერ წარდგენილი შემცირებული ფართის ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ წარმოადგენს ისეთი სახის ახალ მტკიცებულებას (გამოკვლეული მონაცემებისაგან განსხვავებულს, მოსარჩელის სასარგებლო ფაქტის დასადასტურებლად), რომელიც დაასაბუთებდა მოთხოვნის საფუძვლიანობას.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისა და ფაქტობრივი გარემოებების გამორკვევის თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა (სუს 01.11.2022 წლის №ბს-693(კ-კს-21)). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქმის განხილვა საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განხორციელდა ზეპირი მოსმენით, მხარეთა დასწრებით ჩატარდა არაერთი სასამართლო სხდომა. თავის მხრივ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასებისათვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქმის ზეპირი განხილვისა და მხარეთა პოზიციების დამატებით მოსმენის საჭიროება.
ამასთანავე, მიმდინარე დავისაგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების გამო არარელევანტურია კასატორის მითითება საკასაციო სასამართლოს განჩინებებზე. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. სასამართლოს მიერ დავა წყდება კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მათი სამართლებრივი შეფასების გზით. ამდენად კასატორის მიერ დასახელებულ განჩინებებზე მითითება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის და არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას.
სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ე. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2025 წლის განჩინება;
3. ე. ჯ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.02.2026 წლის №3917 საგადასახადო დავალებით გ. კ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე