საზედამხედველო
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №101აგ-16 თბილისი
ბ-ე დ. 101აგ-16 30 აგვისტო, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და დ. ბ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. დ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის) და 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი - 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დ. ბ-ს მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი - 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. დ. ბ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2013 წლის 17 ნოემბრიდან.
2. 2016 წლის 4 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ. ბ-მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა და მსჯავრდებულ დ. ბ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ბ-მ და მოითხოვა მისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გაუქმება ან შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
5. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესული ცვლილების გათვალისწინებით, მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების შესახებ.
6. რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გაუქმების ან შემსუბუქების შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ეს მოთხოვნა არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი