დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 02.11.2016
საქმის ნომერი
117აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
02.11.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №117აგ-16 2 ნოემბერი, 2016 წელი

გ. ლ., 117აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. გ-ის საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 აპრილის განაჩენით ლ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 15 მარტიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 აგვისტოს განაჩენით ლ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლითა და 6 თვით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელში ჩაითვალა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი, რომლის 5 თვე და 11 დღე მოხდილია და ლ. გ-ს საბოლოოდ მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 15 მარტიდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2016 წლის 21 მარტს მსჯავრდებულმა ლ. გ-მა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული ლ. გ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მას წარმოდგენილი აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბარათი, რომლის არსებობა პოლიციელებმა განზრახ დამალეს და რომლის მოპოვებაც მან ვერ შეძლო საერთო სასამართლოებში საქმის განხილვის დროს; ამ დოკუმენტის არსებობით ცხადი გახდა, რომ სასამართლოს მათ მისცეს ცრუ ჩვენებები. გარდა ამისა, მსჯავრდებულს წარმოდგენილი აქვს მოწმე თინათინ გამეზარდაშვილის გამოკითხვის ოქმი, რომელიც დათარიღებულია 2015 წლის 15 თებერვლით, შესაბამისად, მას მხარე ვერ წარადგენდა სააპელაციო სასამართლოში, სადაც საქმის განხილვა დასრულდა 2014 წლის 24 დეკემბერს; ამ გამოკითხვის ოქმში მოწმე პირდაპირ და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლ. გ-ს პოლიციელებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. პირველი ინსტანციის მოსამართლე თ. ს-ის მიერ განაჩენში ჩაწერილი დაკითხვის ოქმებისა და პატაკების კოპირების დადასტურებაც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ეს მტკიცებულებები თავის დროზე დაუშვებლად ეცნოთ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ლ. გ. ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 აპრილის განჩინების გაუქმებას, შუამდგომლობის განხილვას და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ 1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

პალატა მიუთითებს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არ იშუამდგომლა მოწმე თინათინ გამეზარდაშვილის დაკითხვის თაობაზე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბარათს, იგი შედგენილია მსჯავრდებულის დაკავების დღეს, ანუ საქმის არსებით განხილვამდე, ხოლო ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა, აქტიური მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო მისი მოპოვება, საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ დასტურდება. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სამედიცინო ბარათით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულ ლ. გს დაუდგინდა ფსიქო-ემოციური აღგზნების სინდრომი, შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი არც თავისთავად და არც სხვა გარემოებებთან ერთად არ ადასტურებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას.

რაც შეეხება კასატორის პოზიციას დაკითხვის ოქმებისა და პატაკების სიყალბის თაობაზე, პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულების სიყალბე, რომელსაც ეყრდნობა გადასასინჯი განაჩენი, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დადგინდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება.

ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ლ. გის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ლ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე