საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №219აპ-16 ქ. თბილისი
ქ. ი., 219აპ-16 5 ოქტომბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულების – ი. ქ-სა და თ. ქ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ი. ქ., – დაბადებული ----ს, ნასამართლობის არმქონე, და თ. ქ., – დაბადებული ----ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6-6 წლით, ხოლო 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრათ 7-7 თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 19 ივნისიდან.
ამავე განაჩენით დამტკიცდა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ჟ-ს, ბრალდებულ ჯ. ბ-სა და ადვოკატ რ. რ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, ჯ. ბ., – დაბადებული ---ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 25-ე,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლით პირობითი მსჯავრი, ხოლო 25-ე,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ჯ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 19 ივნისიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.
მსჯავრდებულების – ი. ქ-სა და თ. ქ-თვის შერაცხული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.
ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების – ი. ქ-სა და თ. ქ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე