გაუქმდა გამამტყუნებელი განაჩანი და გამოტანილი ინქნა გამამართლებელი
გადაწყვეტილების ტექსტი
№404აპ-16 15 ნოემბერი, 2016 წელი
თ. მ., 404აპ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ა. მ-ის
ადვოკატების – მ. ჩ-ის, მ. ხ-ას, მ. ბ-ას
მსჯავრდებულ _ მ. თ-ის
მონაწილეობით განიხილა მ. თ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ჩ-სა და მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით მ. თ., – დაბადებული ----ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2. 2015 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 05:00 საათზე, ---ში, დ. ა-ის --ის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. თ-ემ და მასთან მყოფმა, გამოძიებით დაუდგენელმა ორმა პირმა დააზიანეს „------“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რის შემდეგაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ 1700 ლარს. ამ ქმედებით დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი – 1700 ლარის ოდენობით.
3. აღნიშნული ქმედებისათვის მ. თ-ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2015 წლის 26 თებერვლიდან იმავე წლის 1 მარტის ჩათვლით.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ს-მა. მათ ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მსჯავრდებულ მ. თ-ის ადვოკატებმა – მ. ჩ-მა და მ. ხ-ამ მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მ. თ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატების სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 23 ოქტომბრიდან.
7. კასატორები – მსჯავრდებული მ. თ. და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები – მ. ჩ. და მ. ხ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ამიტომ უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. ორივე ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა მ. თ-ის უკანონო მსჯავრდება; გასაჩივრებულ განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
9. სასამართლომ მ. თ-ის ბრალეულობის დამადასტურებელ ერთ-ერთ უტყუარ მტკიცებულებად გამოიყენა მოწმე ზ. კ-ის ჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ ის არ ადასტურებს მ. თ-ის მიერ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტის დანახვას; ასევე მტკიცებულებადაა მოყვანილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელიც, დაცვის აზრით, ადასტურებს მხოლოდ ფაქტს, რომ დანაშაულია მომხდარი, ამასთან, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თითის კვლებიდან არც ერთი არ არის მ. თ-ს მიერ დატოვებული.
10. მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ასევე არ ადასტურებს ნივთიერი მტკიცებულების (ლაზერული დისკის) დათვალიერების ოქმი; დისკზე არსებული გამოსახულების უხარისხობის გამო შეუძლებელია მასზე დაფიქსირებული პირების იდენტიფიცირება; მართალია, მ. თ-ემ გამოძიებაში თვითონ განაცხადა, რომ სამი პირიდან ერთი თვითონაა, მაგრამ მისგან არ ამოღებულა მ. თ-ის მიერ აღწერილი ტანსაცმელი; მოწმეების – ო. კა-ის, გ. გ-ის, ნ. ბ-სა და კ. დ-ის ჩვენებებით მხოლოდ დანაშაულის ფაქტი დასტურდება, ამიტომ განაჩენში მათი ჩვენებების მოხსენიება მ. თ-ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, საფუძველსაა მოკლებული.
11. დანაშაულის ჩადენიდან მოკლე დროში პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მ. თ., რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, თუმცა მას ფული არ აღმოაჩნდა და, შესაბამისად, არც ამოღებული ყოფილა. რაც შეეხება მის აღიარებით ჩვენებას, ეს მოტივირებული იყო ბრალდების მხრიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შეპირებით, მაგრამ ასეთი არ შედგა, ამიტომ დაუშვებელია, რომ საპროცესო შეთანხმების შეპირებით მიცემული აღიარებითი ჩვენება ბრალდების მხარესა და სასამართლოს გამოეყენებინათ მ. თ-ის საწინააღმდეგოდ.
12. კასატორთა აზრით, საქმის განხილვის დროს დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სსსკ-ის მე-4, მე-5, მე-9, მე-12, მე-13, 74-ე და 82-ე მუხლების მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განაჩენის გაუქმებასა და მ. თ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
13. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა მ. თ-ემ და მისმა ადვოკატებმა – მ. ხ-ამ, მ. ჩ-მა და მ. ბ-ამ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
14. პროკურორმა ა. მ-მა მხარი არ დაუჭირა კასატორთა საკასაციო საჩივარს და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მ. თ-ის ბრალეულობის თაობაზე, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ. თ-ის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, კერძოდ:
3. საკასაციო პალატას საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით: მოწმეების – ო. კ-ის, გ. გ-ის, ნ. ბ-სა და კ. დ-ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ექსპერტიზების დასკვნებით დადასტურებულად მიაჩნია, რომ --ში, დ. ა-ის --ს №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს „-----“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რის შემდეგაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ 1700 ლარს, რითიც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის -- თებერვლის №-- დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარმოდგენილი კვალი №1, №2, №3 პირის იდენტიფიკაციისათვის ვარგისია, თუმცა არც ერთი მათგანი არ არის იდენტური დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში რიცხული მ. თ-ის ხელის ანაბეჭდების ნიმუშებისა. პირის იდენტიფიკაციისათვის ვარგისი №1, №2, №3 ხელის კვალის იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები და ანაბეჭდების ნიმუშები დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.
5. დანაშაულის ჩადენის დღეს, რამდენიმე საათში, პოლიციის თანამშრომლებმა --ში, ბ-ის ქუჩაზე დააკავეს მ. თ., რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის შედეგად მ. თ-ეს ამოუღეს მობილური ტელეფონი და გასაღები. ფული ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი მისგან ამოღებული არ ყოფილა (იხ. ტ. 1-ლი, ს.ფ. 52-59).
6. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად (ტ. 1-ლი, ს.ფ. 132-133), დათვალიერებული და შემდგომ დეტალურადაა გაშიფრული მ. ტ-ის მიერ წარმოდგენილი ლაზერული დისკი, რომლის პერსონალურ კომპიუტერში გახსნისას ჩანს ფაილი – 2015 წლის 26 თებერვლის 04.40 საათიდან 05.15 საათამდე დროის ინტერვალში ჩანაწერით. ჩანაწერში ჩანს -ში, დ. ა-ის -. №--ის მიმდებარე ტერიტორია, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, ავტომანქანა ტაქსის ტრაფარეტით, საიდანაც გადმოდის სამი პირი, რომლებმაც რამდენიმე წუთში ასწიეს და იქვე მდებარე „არკაში“ შეიტანეს „საქართველოს ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. დისკზე არსებული გამოსახულება იმდენად უხარისხოა, რომ შეუძლებელია მასზე ასახული პირების ან ავტომანქანის ამოცნობა. ბრალდების მხარეს არ ჩაუტარებია ექსპერტიზა აღნიშნულ დისკზე დაფიქსირებული პირების ან ავტომანქანის იდენტიფიკაციის მიზნით, ამიტომ მისი გამოყენება მ. თ-ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად, პალატის აზრით, მიზანშეუწონელია. ასევე უსაფუძვლოა მოწმე ზ. კ-ის ჩვენების, როგორც მტკიცებულების, მოყვანა გამამტყუნებელ განაჩენში, რადგან იგი არ არის დანაშაულის ფაქტის თვითმხილველი.
7. საკასაციო პალატის სხდომაზე მ. თ-ემ განაცხადა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო გამოძიების პროცესში და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს მიცემული აღიარებითი ჩვენება განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ბრალდების მხრიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შეპირებით. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ბრალდებულის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით: „ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით.“ აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მ. თ-ის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი უდავოდ არის დადასტურებული, არის მხოლოდ ვარაუდი, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა უნდა იყოს დასაბუთებული. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც სასამართლოს დასკვნა ემყარება.
8. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება ინფორმაციის წყაროა, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
9. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომ მ. თ-ემ ჩაიდინა „------“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობა ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. თ. უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ. თ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ჩ-სა და მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განაჩენი გაუქმდეს;
3. მ. თ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
4. მ. თ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5. მ. თ-ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6. მ. თ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.
7. ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული თითის კვლები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო 1 (ერთი) CD დისკი – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე