დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-749-1116-06 21 მაისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი) როზა ნადირიანი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ც. ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ც. ც-ის სარჩელის გამო მოპასუხე გ. რ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურებისა და საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ც. ც-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს გ. რ-ის მიმართ და მიუთითა, რომ 1979 წელს დაქორწინდა თერჯოლის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ გ. რ-ზე, მაგრამ ოჯახური უთანხმოების გამო, განქორწინდა. თერჯოლის რაიონული სასამართლოს 1986 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით რ.რ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლიდან გამოეყო რეალური წილი - სახლის 1/2, ასევე, იგი არის მესაკუთრე 0,12 ჰა მიწის ნაკვეთისა. 1986 წლის 14 აგვისტოს მოსარჩელე შესახლდა გამოყოფილ ფართში, მაგრამ, ვინაიდან გ.რ-ე აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელი შეიქმნა.
1988 წლიდან მოყოლებული, გ.რ-ის მუქარის გამო, მოსარჩელეს შესაძლებლობა არ ჰქონდა რეალურად დაუფლებოდა კუთვნილ ფართს, საცხოვრებელი სახლითა და მიწის ნაკვეთით სარგებლობდა მოპასუხე. თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. რ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიწის ნაკვეთიდან მიღებული 300 კგ ყურძნის მოსავლის ღირებულების - 90 ლარის ანაზღაურება. 2000 წლიდან მოსარჩელე კვლავ ვერ სარგებლობდა მიწის ნაკვეთითა და სახლით.
მოსარჩელემ მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება საცხოვრებელ სახლზე, რომელიც მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფ. ... და საკუთრების უფლებით ირიცხება მის და გ. რ-ის სახელზე, აგრეთვე, მოითხოვა აღნიშნული სახლის რეალიზაცია და რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გადანაწილება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, მოპასუხისათვის 2000 წლიდან სარჩელის შეტანამდე მოსარჩელის კუთვნილ საკარმიდამო ნაკვეთზე მოპასუხის ხელშეშლის მიზეზით მიუღებელი მოსავლის სავარაუდო ღირებულების დაკისრება.
შემდგომში მოსარჩელემ მოთხოვნა დააზუსტა და საზიარო უფლების გაუქმებასთან ერთად მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის გადასახდელად 12371 ლარის დაკისრება.
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. რ-ს ც. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2000-2004 წლებში მიღებული ყურძნის მოსავლის ღირებულების - 1143,8 ლარისა და მიყენებული მატერიალური და მორალური ანაზღაურების მიზნით - 1300 ლარის, სულ 2443,8 ლარის ანაზღაურება. სარჩელი საზიარო უფლების გაუქმებისა და საცხოვრებელი სახლის 4071 ლარისა და მიწის ნაკვეთის ღირებულების - 1200 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. რ-მ.
ც. რ-ე-ც-მ აღძრა შეგებებული სააპელაციო საჩივარი და განმარტა, რომ მას და გ.რ-ს საზიარო უფლებით აქვთ საცხოვრებელი სახლი. ც. ც-ის სახელზე ირიცხება 69,6 კვ.მ, ხოლო გ. რ-ის სახელზე - 88,8 კვ.მ. ც. ც-ს არა აქვს საშუალება დაეუფლოს და ისარგებლოს თავისი საკუთრებით და ამიტომ მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება საცხოვრებელ სახლზე და მისი ღირებულების - 4071 ლარისა და 1200 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის. გარდა ამისა, ც. ც-მ მოითხოვა გ.რ-სათვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანისათვის 5300 ლარის დაკისრება. ამასთან, მან გაზარდა მოთხოვნა და მოითხოვა რაიონული სასამართლოს მიერ დაკისრებული 300 ლარისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 3%-ის დაკისრება. საბოლოოდ, ც. ც-მ მოითხოვა გ. რ-სათვის 10611 ლარის დაკისრება, გარდა სასამართლოს მიერ უკვე დაკისრებული თანხისა.
ც. ც-მ ასევე მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. რ-ის სააპელაციო საჩივარი და ც. რ-ე-ც-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ც. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ. რ-ს ც. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1143,8 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ თერჯოლის რაიონული სასამართლოს 1986 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ც. ც-ს გ. რ-ის სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სახლიდან გამოეყო 69,6 კვ. მეტრი ფართი; ც. ც-ს ეკუთვნის ასევე 0,12 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი; 2000-2004 წლებში ც. ც-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, ც. ც-ის თანხმობის გარეშე ამუშავებდა და მოსავალს იღებდა გ.რ-ე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არსებული დავის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 969-ე, 971-ე და 974-ე მუხლები. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც შემსრულებელი დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე ასრულებს სხვა პირის, მეპატრონის საქმეებს, მეპატრონისვე ინტერესებისათვის. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში, გ.რ-მ დავალების გარეშე კი არ შეასრულა სხვისი, ე.ი. ც.ც-ის საქმეები, არამედ იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდა ც.ც-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობით. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით გ.რ-სათვის 4000 ლარისა და გადაწყვეტილების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის 300 ლარის დაკისრების თაობაზე, რადგან მიიჩნია, რომ ც.ც-მ ვერ განმარტა, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა მისთვის მიყენებული ზიანი. ასევე არ გაიზიარა შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მიყენებული ზიანის 300 ლარის საპროცენტო სარგებლის დარიცხვის თაობაზე, რადგან ც.ცხადაძეს აღნიშნული მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაუყენებია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ც. ც-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20-დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
გ. რ-მ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ც-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ც. ც-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ც. ც-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.