შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#490აპ.-16 ქ. თბილისი
ჩ. გ.,-490ap.-16 22 სექტემბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ მ. მ-ის
ადვოკატ – ე. ქ-ას
მსჯავრდებულ _ გ. ჩ-ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ჩ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ქ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის განაჩენით გ. ჩ-ა, – დაბადებული ----- წლის - ----ს, რეგისტრირებული: ქ. ----, დ.ჯ-ს ქუჩა #---, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ----, სოფელი ---- – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· გ. ჩ-ამ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით შეიძინა ყალბი ვალუტა - 194 400 აშშ დოლარის კუპიურები (454 468,32 ლარის ეკვივალენტი), რაც შეინახა რვა ცალ შეკვრად წელზე მიკრული სპეციალური ქამრის მეშვეობით და სხვა სახელმწიფოში გასაღების მიზნით გაემგზავრა მარნეულის რაიონში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისკენ. 2015 წლის 20 მაისს საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ყალბი ვალუტა -194 400 აშშ დოლარის კუპიურები.
2. აღნიშნული ქმედებისათვის გ. ჩ-ას მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2015 წლის 20 მაისიდან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორებმა – მსჯავრდებულმა გ. ჩ-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ქ-ამ ითხოვეს გ. ჩ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა მისი ბრალეულობა.
5. 2016 წლის 14 სექტემბერს პროკურატურამ მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მ. მ-ეს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
6. 2016 წლის 15 სექტემბერს პროკურორმა მ. მ-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ გ. ჩ-ას შორის 2016 წლის 14 სექტემბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ მსჯავრდებული გ. ჩ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალოს პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 10 000 ლარი.
7. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა მ. მ-ემ, მსჯავრდებულმა გ. ჩ-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ქ-ამ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ მ. მ-სა და მსჯავრდებულ გ. ჩ-ას შორის შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების - ვ. წ-ს, თ. ძ-ას, გ. თ-ას, დ. ტ-ას, გ. ჭ-ასა და ა. ჭ-ის ჩვენებებით, დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის #---- დასკვნითა და ექსპერტ თ. კ-ის ჩვენებით, პირადი ჩხრეკის ოქმითა და საქმის სხვა მასალებით გ. ჩ-ას მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.
3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ გ. ჩ-ას მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული გ. ჩ. ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
4. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ცნობილია ისიც, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6. ამდენად, თბილისის პროკურატურის პროკურორ მ. მ-ის შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ. ჩ-ას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ მ. მ-სა და მსჯავრდებულ გ. ჩ-ას შორის.
4. გ. ჩ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალოს პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 10 000 ლარი.
5. მსჯავრდებულ გ. ჩ-ას პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2015 წლის 20 მაისიდან.
6. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. ნივთმტკიცებები - ყალბი კუპიურები და ქამარი განადგურდეს.
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე