საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.06.2017
საქმის ნომერი
2კ-92აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.06.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №92აპ-17 ქ. თბილისი

ჯ-ა ლ., 92აპ-17 7 ივნისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - ლ. ჯ-სა და ლ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ქ-ს, მსჯავრდებულების - რ. ჩ-სა და გ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ბ-ს, მსჯავრდებულ ლ. ჯ-სა და მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

რ. ჩ-ს ბრალი დაედო: ყაჩაღობისათვის, ე.ი. თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვისათვის.

ლ. ჯ-ს ბრალი დაედო: ყაჩაღობისათვის, ე.ი. თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვისათვის.

ლ. ჯ-ს ბრალი დაედო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვისათვის;

გ. ჩ-ს ბრალი დაედო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვისათვის.

ი. ტ-ს ბრალი დაედო ყაჩაღობიათვის, ე.ი. თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით. აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ქურდობისთვის ნასამართლევმა რ. ჩ-მ 2015 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 00:00 საათზე, ი. ტ-თან, ლ. ჯ-სა და 2 პირთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, უკანონოდ შეაღწია ….. რაიონის სოფელ ….. მდებარე გ. შ-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც ჯგუფურად თავს დაესხნენ გ. შ-ს და მასთან სტუმრად მყოფ მ. შ-ს. თავდამსხმელებმა ფულის მოთხოვნით ხელ-ფეხი შეუკრეს გ. შ-სა და მ. შ-ს, დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით. ასევე, რ. ჩ-მ ცეცხლსასროლი იარაღის კონდახის გამოყენებით ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა გ. შ-ს. თავდამსხმელები გ. შ-ს საცხოვრებელი სახლიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ გ. შ-ს კუთვნილ თანხას - 13 ლარს, 1480 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთსა და მ. შ-ს კუთვნილ „NOKIA-ს“ ფირმის 30 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონს.

რ. ჩ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2015 წლის 14 ოქტომბრამდე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად ვარგის „ИЖ-18-E“ მოდელის, 16 კალიბრიან, ერთლულიანი, გლუვლულიანი სანადირო თოფისგან დამზადებულ ცეცხლსასროლ იარაღს - გადაჭრილ თოფს. რ. ჩ-ა 2015 წლის 14 ოქტომბერს ….. რაიონის სოფელ ….. მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს.

ლ. ჯ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2015 წლის 14 ოქტომბრამდე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად ვარგის „ИЖK“ მოდელის, 16 კალიბრიან, ერთლულიანი, გლუვლულიანი სანადირო თოფისგან დამზადებულ ცეცხლსასროლ იარაღს - გადაჭრილ თოფს. ლ. ჯ-ა 2015 წლის 14 ოქტომბერს ….. რაიონის სოფელ ….. მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს - გადაჭრილ თოფს.

გ. ჩ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2015 წლის 14 ოქტომბრამდე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად ვარგის 5,6 მმ კალიბრიან რევოლვერსა და 5 ცალ 5,6 მმ კალიბრიან საბრძოლო მასალას (ვაზნას), განკუთვნილს ამავე კალიბრის პისტოლეტების, რევოლვერების, შაშხანებისა და კომბინირებული თოფების დიდი ჯგუფისათვის (მათ შორის წარმოდგენილი რევოლვერისათვის). გ. ჩ-ა 2015 წლის 14 ოქტომბერს ….. რაიონის სოფელ ….. მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას.

ლ. ჯ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2015 წლის 14 ოქტომბრამდე მართლსაწინაამდეგოდ ინახავდა ქარხნული წესით დამზადებულ, დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად ვარგის „GOLD STAR-2002“ მოდელის პისტოლეტსა და 1 ცალ 9 მმ ნომინალური კალიბრიან ვაზნას - საბრძოლო მასალას, განკუთვნილს 9მმ ნომინალური კალიბრიანი პისტოლეტების დიდი ჯგუფისთვის, მათ შორის „GOLD STAR-2002“ მოდელის 9 მმ. ნომინალური კალიბრის პისტოლეტებისთვის. ლ. ჯ-ა 2015 წლის 14 ოქტომბერს ….. რაიონის სოფელ ….. მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის განაჩენით:

რ. ჩ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში.

რ. ჩ-თვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

გ. ჩ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.

გ. ჩ-თვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ლ. ჯ-ა, - დაბადებული 19..წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში.

ლ. ჯ-თვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ლ. ჯ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.

ლ. ჯ-თვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ი. ტ-ა, - დაბადებული 19..წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

ი. ტ-თვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის №..... განჩინებით 3000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ზ. ტ-ს კუთვნილ უძრავ ქონებას (მდებარე ქ......, ..... ქუჩის №.....–ში (.....), ქ. ....., ..... ქ. №.....–ში და ქ. ..... ..... ქუჩის №.....–ში (საკადასტრო კოდი .....) უნდა მოეხსნას ყადაღა და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.

გამართლებულებს განემარტათ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

3. აპელანტის მოთხოვნა:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორებმა, რომლებიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და რ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით; გ. ჩ-ს - სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით; ლ. ჯ-ს - სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით; ლ. ჯ-ს - სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით; ი. ტ-ს - სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის განაჩენი რ. ჩ-ს, გ. ჩ-ს, ლ. ჯ-სა და ლ. ჯ-ს გამართლებისა და უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში.

რ. ჩ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რ. ჩ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 14 ოქტომბრიდან 2016 წლის 13 მაისის ჩათვლით და სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.

ლ. ჯ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ლ. ჯ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 14 ოქტომბრიდან 2016 წლის 13 მაისის ჩათვლით და სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.

გ. ჩ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ჩ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 14 ოქტომბრიდან 2016 წლის 13 მაისის ჩათვლით და სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.

ლ. ჯ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ლ. ჯ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 14 ოქტომბრიდან 2016 წლის 13 მაისის ჩათვლით და სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.

ი. ტ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ი. ტ-თვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის №..... განჩინებით 3000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ზ. ტ-ს კუთვნილ უძრავ ქონებას (მდებარე ქ. ....., ..... ქუჩის №.....–ში (.....), ქ. ....., ..... ქ. №.....–ში და ქ. ..... ..... ქუჩის №.....–ში (საკადასტრო კოდი .....) უნდა მოეხსნას ყადაღა და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.

ი. ტ-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

მსჯავრდებულები - ლ. ჯ-ა და რ. ჩ-ა დააკავეს 2016 წლის 23 დეკემბერს, ხოლო მსჯავრდებული ლ. ჯ-ა - 2016 წლის 24 დეკემბერს.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გამამართლებელ განაჩენს საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ბრალდებულების პირადი ჩხრეკის ოქმები ბრალდების მხარეს არ შეუტანია მტკიცებულებათა ნუსხაში, საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე მტკიცებულების სახით დაშვებული არ ყოფილა და წინასასამართლო სხდომაზე არ მოუთხოვია მათი დასაშვებ მტკიცებულებად ცნობა, რის გამოც სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაყრდნობოდა მათ შინაარსს. სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია და ეჭვი შეიტანა აგრეთვე ყველა მტკიცებულებაში, რომლებიც დაკავშირებული იყო პირადი ჩხრეკის ოქმებთან, ესენია: პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, მათზე ჩატარებული ბალისტიკური და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნები, იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც მონაწილეობდნენ პირად ჩხრეკაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განაჩენი ლ-ა გ.-526აპ-14 და 2016 წლის 10 მაისის №652აპ-15 განაჩენი) განმარტა მტკიცებულებების ერთმანეთისათვის გადაცემისა და სასამართლოსათვის წარდგენის წესი.

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნა 2016 წლის 22 იანვარს, 13 საათზე. საქმეში არსებული, შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ოქმებით დადგენილია, რომ 2016 წლის 14 იანვარს, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე 5 დღით ადრე, ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს სრულად გადასცა მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რომელთა მტკიცებულებებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებდა, მათ შორის: გ. ჩ-ს პირადი ჩხრეკის ოქმი, ლ. ჯ-ს პირადი ჩხრეკის ოქმი, რ. ჩ-ს პირადი ჩხრეკის ოქმი, ლ. ჯ-ს პირადი ჩხრეკის ოქმი, ლ. ჯ-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი. აღნიშნული მტკიცებულებები სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიმართვით წარედგინა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.

არც წინასასამართლო სხდომაზე და არც საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდების მხარეს არც შუამდგომლობა წარუდგენია და არც განცხადება გაუკეთებია იმის თაობაზე, რომ რომელიმე მტკიცებულების წარდგენას არ აპირებდა. წინასასამართლო სხდომის მოსამართლის შეკითხვაზე დაცვის მხარემ დაადასტურა, რომ მათ ბრალდების მხარისაგან სრულად გადაეცათ ბრალდების ყველა მტკიცებულება კანონით დადგენილი წესით. ამდენად, დაცვის მხარე ინფორმირებული იყო იმ მტკიცებულებების თაობაზე, რომელთა წარდგენასაც აპირებდა ბრალდების მხარე და ჰქონდა შესაძლებლობა, სასამართლოსთვის წარედგინა თავისი პოზიცია ამ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რითაც არაფრით არ შებღალულა დაცვის მხარის უფლება და არ დარღვეულა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. წინასასამართლო სხდომის მოსამართლეს თავისი გადაწყვეტილებით დაუშვებლად არ უცვნია რ. ჩ-ს, ლ. ჯ-ს, გ. ჩ-სა და ლ. ჯ-ს პირადი ჩხრეკის ოქმები და ლ. ჯ-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოკვლეულ იქნა სრული მოცულობით, მათ შორის: ლ. ჯ-ს პირადი ჩხრეკის ოქმი, გ. ჩ-ს პირადი ჩხრეკის ოქმი, რ. ჩ-ს პირადი ჩხრეკის ოქმი, ლ. ჯ-ს პირადი ჩხრეკის ოქმი, ლ. ჯ-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი. ამდენად, არც მთავარი სხდომის მოსამართლეს უთქვამს ბრალდების მხარისათვის უარი მტკიცებულებების გამოკვლევაზე იმ მოტივით, რომ ისინი დაუშვებლად ცნო წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ.

საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა აგრეთვე ამ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულება: დაიკითხნენ მოწმის სახით ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები, გამოკვლეულ იქნა ამ საგამოძიებო მოქმედებების კანონიერების შემოწმებასთან დაკავშირებული საპროცესო დოკუმენტაცია: შუამდგომლობები კანონიერების შემოწმების შესახებ და მოსამართლის განჩინებები. ამდენად, ყველა ეს საპროცესო მოქმედება მიუთითებს ბრალდების მხარის სურვილზე - პირადი ჩხრეკის ოქმების გამოკვლევისა და შემდგომში მათი ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად გამოყენების თაობაზე, რის გამოც სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ბრალდების მხარეს არ მოუთხოვია მათი დასაშვებ მტკიცებულებად ცნობა, არ ყოფილა დაშვებული საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე და სასამართლო ვერ დაეყრდნობოდა მათ შინაარსს.

სააპელაციო პალატამ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე მიიჩნია, რომ წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად ადასტურებს რ. ჩ-ს, ლ. ჯ-ს, გ. ჩ-სა და ლ. ჯ-ს ბრალეულობას მათთვის შერაცხულ დანაშაულებში, კერძოდ: საქმეში არსებული მტკიცებულებებით - დაზარალებულ გ. შ-ს ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №..... დასკვნით, საქმეში არსებული ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, მოწმეების - გ. კ-ს, ზ. ო-ს, მ. ს-ს, ლ. გ-ს, კ. ჭ-ს, მ. ა-ს, ბ. ჩ-ს, ზ. კ-ს, მ. ჯ-ს, ი. გ-ს, რ. გ-ს, ი. მ-ს, შ. კ-ს, გ. ს-სა და გ. ლ-ს ჩვენებებით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, პირადი ჩხრეკის ოქმებით, ბალისტიკური ექსპერტიზის №..... და №..... დასკვნებით, რომელთა სისწორე დაადასტურა ექსპერტმა მ. კ-მ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ბალისტიკური ექსპერტიზის №..... დასკვნით, ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №..... დასკვნით, ნივთის ამოცნობის ოქმით, სს „.....ბანკის“ ..... ფილიალის მმართველის 2015 წლის 22 სექტემბრის წერილით უტყუარად დასტურდება, რომ რ. ჩ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ლ. ჯ-მ - სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ხოლო გ. ჩ-მ და ლ. ჯ-მ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულები.

სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულებს სასჯელი შეუფარდა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, ხასიათის, ხარისხის, პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებითა და მატერიალური ნორმების სანქციათა ფარგლებში, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მხედველობაში მიღებით.

ამასთან, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაცია ი.ტ-ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ი. ტ-ს მონაწილეობას გ. შ-ზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში ან მის ინფორმირებულობას იმის თაობაზე, რომ თავდამსხმელები ჩაიდენდნენ ყაჩაღობას.

6. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულების - ლ. ჯ-სა და ლ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ქ-მ, მსჯავრდებულების - რ. ჩ-სა და გ. ჩ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ც. ბ-მ, მსჯავრდებულებმა - ლ. ჯ-მ და ლ. ჯ-მ.

7. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

მსჯავრდებულების - ლ. ჯ-სა და ლ. ჯ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ქ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს:

· ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების - ლ. ჯ-სა და ლ. ჯ-ს გამართლებას;

· კასატორის მოსაზრებით, როგორც წინასწარ გამოძიებაში, ისე სასამართლო განხილვის დროს ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რითაც უეჭველად დადასტურდებოდა ლ. ჯ-სა და ლ. ჯ-ს ბრალეულობა ინკრიმინირებულ დანაშაულში.

მსჯავრდებულების - რ. ჩ-სა და გ. ჩ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ც. ბ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს:

· ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების - რ. ჩ-სა და გ. ჩ-ს გამართლებას;

· კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა წარიმართა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევებით.

მსჯავრდებული ლ. ჯ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს:

· ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას იმ მოტივით, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია;

· საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, განაჩენი არის უკანონო.

მსჯავრდებული ლ. ჯ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს:

· ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, რადგან გამოტანილია კანონის არსებითი დარღვევებით.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე ვერ ასაბუთებს, თუ რაში მდგომარეობს საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო ასეთი დარღვევების არსებობა არ დასტურდება საქმის გულდასმით შესწავლის შედეგად. ამდენად, საკასაციო საჩივრებში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოტივაცია საპროცესო დარღვევებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატას არ აძლევს იმის დასაბუთებულ საფუძველს, რომ საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობისა და საქმის განხილვის შემთხვევაში დადგინდება ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო ხასიათის დარღვევები, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე მსჯავრდებულების სასიკეთოდ.

11. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო (იხ. საქმე #25აპ-13; 518აპ-14; 283აპ-16; 526აპ-14; 652აპ-15). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაშიც, საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებულობის გათვალისწინებით, კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ უთითებენ განაჩენის ისეთ დებულებებზე, რაც გახდებოდა საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.

12. ასევე არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან საკასაციო სასამართლოს მსგავს საქმეებზე გამოტანილ განაჩენებში მითითებული განმარტებებისა და დასკვნების მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ ექნება არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

13. ამასთან, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის პოზიციას, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი. კასატორი თავისი პოზიციის დასადასტურებლად უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე ,,ტელფნერი ავსტრიის წინააღმდეგ“ (TELFNER V AUSTRIA). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლოს თვალსაზრისით, როგორც საქალაქო სასამართლო, ასევე საოლქო სასამართლო სპეკულირებდა განმცხადებლის ალკოჰოლის ზემოქმედებაში შესაძლო ყოფნით, რომელიც, როგორც ისინი მიუთითებდნენ, არ იყო რაიმე მტკიცებულებით გამყარებული. თუმცა, ასეთი მიდგომა არ იყო პირდაპირ შესაბამისი დანაშაულის ელემენტების დასადგენად, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედებოდა. შესაბამისად, შეიქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ სასამართლოებს ჰქონდათ წინასწარ შექმნილი აზრი განმცხადებლის ბრალთან დაკავშირებით.

14. განსახილველ შემთხვევაში კასატორები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და მსჯავრდებულების - რ. ჩ-ს, გ.ჩ-ს, ლ. ჯ-სა და ლ. ჯ-ს ქმედებების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაკვალიფიცირების ნაწილში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ მიიჩნია დადასტურებულად, რომ მსჯავრდებულებმა - რ. ჩ-მ, გ. ჩ-მ, ლ. ჯ-მ და ლ. ჯ-მ ჩაიდინეს მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება საპროცესო ნორმათა სრული დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

15. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა მსჯავრდებულების - რ. ჩ-ს, გ. ჩ-ს, ლ. ჯ-სა და ლ. ჯ-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რის გამოც მსჯავრდებულებისა და მათი ინტერესების დამცველთა საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულების - ლ. ჯ-სა და ლ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ქ-ს, მსჯავრდებულების - რ. ჩ-სა და გ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ბ-ს, მსჯავრდებულ ლ. ჯ-სა და მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი