საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.06.2017
საქმის ნომერი
2კ-119აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.06.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №119აპ-17 ქ. თბილისი

ქ-ი ნ., 119აპ-17 27 ივნისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ კონსტანტინე ცაცუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ნ. ქ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ნ. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 30 იანვრიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო - 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

განაჩენით ნ. ქ-ს მსჯავრი დაედო შემდეგ დანაშაულთა ჩადენაში: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

ნ. ქ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა - ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის, 7,62მმ კალიბრიანი, ,,AKM‘‘ მოდელის, 1977 წელს გამოშვებული #.....ავტომატი; ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის, 7,62მმ კალიბრიანი, ,,AKMC‘‘ მოდელის, 1971 წელს გამოშვებული #..... ავტომატი; ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის, 7,62მმ კალიბრიანი, ,,AKMC‘‘ მოდელის, 1992 წელს გამოშვებული #..... ავტომატი; ჩეხური წარმოების, 9X19მმ კალიბრიანი, ,,CZ .....‘‘ მოდელის #..... პისტოლეტი; აშშ-ს წარმოების, 45 კალიბრიანი, ,,COLT 1911‘‘ მოდელის #..... პისტოლეტი; 1895 წლის ნიმუშის, 7,62მმ კალიბრიანი, ,,ნაგანის‘‘ სისტემის #.....რევოლვერი; 1895 წლის ნიმუშის, 7,62მმ კალიბრიანი, ,,ნაგანის‘‘ სისტემის რევოლვერი და 281 ვაზნა, რომლებსაც ინახავდა თბილისში, ....., მე-..... კვარტალში, .....-ე კორპუსში მდებარე თავის მე-..... ბინაში.

ნ. ქ-მ ასევე გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა 0,0635 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინისა“ და ახალი ფსიქოაქტიური ,,.....“ შემცველი ნივთიერებები ფხვნილის სახით, რასაც ინახავდა იმავე ბინაში.

2016 წლის 30 იანვარს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ. ქ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას (მდებარე თბილისში, ....., მე-..... კვარტალი, კორპუსი #....., ბინა #.....) ამოიღეს მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, ზემომითითებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, ასევე - ნარკოტიკული საშუალება და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა სასჯელის დამძიმებას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები ითვლება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგულად. დაცვის მხარემ როგორც 1-ლი, ისე სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას განაცხადა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციაში მიმდინარეობს გამოძიება და, რაც მთავარია, მსჯავრდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და მიუთითა კონკრეტულ პირზე, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღები შესანახად მიუტანა. ამასთან, მსჯავრდებულმა სააპელაციო სასამართლოში მიუთითა, რომ ის მზად იყო, კიდევ ერთხელ დაესახელებინა აღნიშნული პირი. რაც შეეხება თავად მსჯავრდებულს, წარსულში მას რაიმე სამართალდარღვევა არა აქვს ჩადენილი; დაკავებამდე სწავლობდა და ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, ზოგადად, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულისთვის (ბრალდებულისთვის) დანიშნული სასჯელის სახე და ზომა საქმეზე ობიექტურ დამკვირვებელში არ უნდა იწვევდეს უსამართლობის განცდას და ამ თვალსაზრისით, მოცემულ საქმეზე, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩათვალა, რომ მსჯავრდებულ ნ. ქ-თვის დანიშნული სასჯელი არ უნდა დამძიმდეს და უნდა დარჩეს უცვლელად.

რაც შეეხება მსჯავრდებულისთვის წარდგენილ ბრალდებას, გარდა მისი აღიარებისა, სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: თ. თ-ს, ი. ბ-ს, დ. ხ-ს, ზ. ზ-ს, ლ. ბ-ს, მ. ც-ს ჩვენებებით; ბინის ჩხრეკის ოქმით; ბალისტიკური, ფიზიკო-ტექნიკური, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (მთავარი სამმართველო) მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს იარაღის აღრიცხვის განყოფილების უფროსის 2016 წლის 9 თებერვლის წერილით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის უფროსის 2016 წლის 29 თებერვლის წერილით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ნ. ქ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 260-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები.

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განაჩენი გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა კონსტანტინე ცაცუამ.

6. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

პროკურორი კონსტანტინე ცაცუა საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ნ. ქ-თვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნია, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით, რადგან:

9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულ ნ. ქ-თვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების შესახებ და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ მსჯავრდებულ ნ. ქ-თვის განსაზღვრული სასჯელი შეესაბამება მატერიალური სისხლის სამართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრინციპს, როგორიცაა პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაცია, ასევე - საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ მოთხოვნებს, რომლებიც სასამართლომ უნდა დაიცვას მსჯავრდებულის მიმართ მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის კონკრეტული სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ნ. ქ-ს, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებისა (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, წარსულში მის მიმართ რაიმე სამართალდარღვევის ფაქტი არ არის დაფიქსირებული, დაკავებამდე სწავლობდა და ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად) და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. #434აპ-16).

10. ამავე დროს, მოცემული საქმის შესწავლით არ დგინდება, რომ ამ საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ დაუშვა რაიმე სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

11. ასევე, არ არსებობს რაიმე ისეთი გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან საკასაციო სასამართლოს, ასეთი საქმეების თაობაზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში მითითებული განმარტებებისა და დასკვნების მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

12. ამრიგად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ კონსტანტინე ცაცუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი