დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 22.05.2017
საქმის ნომერი
225აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
22.05.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №225აგ-17 22 მაისი, 2017 წელი

ბ. მ-ა, 225აგ-17 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ხორავას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ხორავასა და ბრალდებულ მ. ბ-ეს შორის. მ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (10.34 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშარლი მარიხუანის“ უკანონოდ შეძენა-შენახვის გამო) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი. მ. ბ-ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 4 ოქტომბრიდან იმავე წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით.

2. მ. ბ-ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 15 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

3. 2016 წლის 29 სექტემბერს მსჯავრდებულ მ. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. მ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ადვოკატ ე. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ნოემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: მ. ბ. გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთისგან. დანარჩენ ნაწილში გადასასინჯი განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორი - მსჯავრდებულ მ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს მ. ბ-ის სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ მ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ. ბ-ის გათავისუფლება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთისგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის განჩინების საფუძველზე, კანონიერია.

4. კანონიერია ასევე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მსჯავრდებულ მ. ბ-თვის დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის განჩინების თანახმად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ,,გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო. ხსენებული გადაწყვეტილება არ ეხება აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების კონსტიტუციურობის საკითხს, რის გამოც ჯარიმის დაკისრების ნაწილში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

5. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე