დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №226აგ-16 23 მაისი, 2017 წელი
გ. გ-ა, 226აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განაჩენით გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ხანგრძლივობით და 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2015 წლის 26 ოქტომბრიდან; მასვე 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 ნოემბრის განაჩენით გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, 2015 წლის 7 ოქტომბრიდან 2015 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარი; მასვე 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
4. 2015 წლის 24 დეკემბერს მსჯავრდებულმა გ. გ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 2 თვითა და 20 დღით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 თვითა და 20 დღით და ჯარიმა - 4000 ლარი. მასვე 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
გ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 26 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 6 აგვისტოდან იმავე წლის 7 აგვისტოს ჩათვლით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის განჩინებით შეჩერდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და წარდგინებით მიემართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით განახლდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და წარმოება დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობის განსახილველად დაშვების მიზნით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად იმ მოტივით, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი უკვე მოხდილი იყო, ხოლო დაკისრებულ ჯარიმაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ვრცელდება.
11. კასატორი - მსჯავრდებული გ. გ. ითხოვს დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით და ასევე, პოლიციის მუშაკთა უკანონო საქმიანობის შესწავლას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
3. საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს გ. გ-ის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, ნარკოტიკული საშუალება - ,,გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო. ხსენებული გადაწყვეტილება არ ეხება აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების კონსტიტუციურობის საკითხს, რის გამოც ჯარიმის დაკისრების ნაწილში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.
4. რაც შეეხება კასატორის მითითებას პოლიციის მუშაკთა უკანონო საქმიანობის შესწავლის შესახებ, პალატა მიუთითებს, რომ ეს მოთხოვნა სცილდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას.
5. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე