საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 31.05.2017
საქმის ნომერი
2კ-55აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.05.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№55აპ-17 ქ. თბილისი

წ-ა პ, 55აპ-17 31 მაისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი გულდედავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 აგვისტოს განაჩენით პ. წ-ა, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; პ. წ-ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 9 ივლისიდან იმავე წლის 13 ივლისის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადებისა და მისი დაკავების დღიდან. გაუქმდა პ. წ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და მის უზრუნველსაყოფად გ. ქ-ას (პ/ნ -) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: წ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-ში ს/კ -). გაუქმდა პ. წ-ას მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით გამოყენებული ღონისძიება.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება:

პ. წ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებული პ. წ-ა განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო სხდომის დარბაზიდან პატიმრობიდან გათავისუფლდა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ე. ჩ-ი მეუღლესთან - მ. გ-ასა და მის არასრულწლოვან შვილებთან - მ. და მ. გ-ებთან, მეუღლის ნათესავებთან - ბ. მ-ასთან, დ. ლ-ასა და არასრულწლოვან მ. მ-ასთან ერთად, 2016 წლის 8 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათის შემდეგ, იმყოფებოდა ზ-ის რაიონის სოფელ გ-ში. ისინი მოძრაობდნენ ქვეითად საავტომობილო გზაზე, რა დროსაც პ. წ-ამ, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, „ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანით გაიარა, მათ დანახვაზე მოძრაობა შეანელა, გაიგონა რა ე. ჩ-ის თურქულ ენაზე საუბარი და მიხვდა, რომ იყო თურქი ეროვნების, ავტომანქანიდან გადმოვიდა და მის მიმართ გამოხატა აგრესია, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გადაიზარდა ფიზიკურ შეურაცხყოფაში. პ. წ-ამ ე. ჩ-ს შუბლში მუშტი დაარტყა და წააქცია. წაქცეულ ე. ჩ-ს პ. წ-ამ და მასთან ერთად მყოფმა, გამოძიებით დაუდგენელმა პირმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, რამდენჯერმე ხელი დაარტყეს სხეულის სხვადასხვა ადგილას, რა დროსაც ე. ჩ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. პ. წ-ამ, გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად გამოხატა ადგილზე შეკრებილი საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და ძალადობის გამოყენებით უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი. მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს იქ შეკრებილ საზოგადოებას. ე. ჩ-ს გამოესარჩლა მ. გ-ა, რომელსაც ხელი დაარტყა გამოძიებით დაუდგენელმა პირმა კისრისა და სახის მიდამოში, რა დროსაც იგი წაიქცა, თავი ბორდიურს დაარტყა და გონება დაკარგა. მათი ქმედება დაახლოებით 10-15 წუთს გაგრძელდა, რის შედეგადაც მოქალაქეების გადაადგილება შეფერხდა, დაირღვა იქ შეკრებილი საზოგადოების მყუდროება და სიმშვიდე, ხოლო პ. წ-ია თანამზრახველთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის გაუქმებასა და პ. წ-ასათვის უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლა მასთან ერთად მყოფი პირის დასახელების კუთხით. ამასთან, პ. წ-ას ქმედება მიმართული იყო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ, ხოლო ქცევა კი განაპირობა დაზარალებულის ეროვნებამ, კერძოდ, მისმა თურქულმა საუბარმა. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის უსამართლო.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში კასატორი ასაჩივრებს მხოლოდ შეფარდებული სასჯელის ზომას. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები და სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (ჯანმრთელობის მდგომარეობა, წარსული ცხოვრება, დაზარალებულთან შერიგების ფაქტი...), ისე ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენების შემთხვევაში სასჯელის მიზნების მიღწევის რეალური შესაძლებლობანი. ამდენად, პ. წ-ასათვის სასჯელის განსაზღვრისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი დებულებანი არ დარღვეულა და იგი არის სამართლიანი.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი გულდედავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე