საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№64აპ-17 ქ. თბილისი
გ-ე ნ, 64აპ-17 5 ივნისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ კონცელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის განაჩენით ნ. გ-ე, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; ნ. გ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში მოეხსნა დ. ხ-ას (პ/ნ….), დ. ხ-ასა (პ/ნ…) და ვ. ხ-ას (პ/ნ …) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა (მდებარე: ხ-ის რაიონის, სოფელ ს-ში, ზ-ა-ხ-ი .., სექტორი-ნ-ი .., კვარტალი-.., ნაკვეთი-…) და ტ. ჯ-ის (პ/ნ …) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ხ-ი, ა-ის ქუჩა N…, ზ-ა-ხ-ი .., სექტორი-ხ-ი .., კვარტალი-.., ნაკვეთი-…) – 30 000 ლარის ღირებულების წილს;
2. ნ. გ-ეს ბრალად ედებოდა ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ნ. გ-ემ 2014 წლის 6 მარტს უკანონოდ შეაღწია ბ-ში, გ. ბ-ის ქ-ის N-ში მდებარე ჟ. კ-ისა და დ. კ-ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მათ კუთვნილ ოქროს ნივთებსა და ფულს 6000 აშშ დოლარსა და 700 ლარს, რითაც დაზარალებულებს მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს ნ. გ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მისთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდებას იმ მოტივით, რომ გამომძიებელ გ. პ-ის ჩვენების თანახმად, ნ. გ-ეს ჩაუტარდა ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოიღეს ოქროს სამკაულები. აღნიშნული გარემოება დაადასტურა გამომძიებელმა ი. ც-ემ. ამასთან, ნ. გ-ისგან ამოღებული ნივთები ამოიცნო თავად დაზარალებულმა. კასატორის პოზიციით, რომ არა თავად მსჯავრდებულის დეტალური განმარტება საცხოვრებელი სახლის ადგილმდებარეობისა და მასში არსებული ოთახებისა და საგნების შესახებ, პოლიციის თანამშრომლებს არ ექნებოდათ ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია ბ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ქურდობის თაობაზე.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმე არ მოიცავს ისეთი სახის სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობდა სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და ამასთან, ბრალდების მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. ნ. გ-ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და მხოლოდ ოქროს ნივთების ბრალდებულისაგან ამოღება სხვა, პირდაპირი მტკიცებულების არსებობის გარეშე, ვერ დაადასტურებს უშუალოდ ნ. გ-ის მიერ ნივთების დაუფლების ფაქტს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკისაგან (მაგალითისთვის იხ. №448აპ-14) და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს (სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით საქმის განხილვას, რასაც შესაძლოა, ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და არასრულწლოვანი კასატორის არსებობას), საქმის მასალების შესწავლის მიხედვით, ზემომითითებული გარემოებები არ იკვეთება.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ კონცელიძის საკასაციო საჩივრი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე