საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №156აპ-17 ქ. თბილისი
კ-ა შ, 156აპ-17 17 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. კ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის განაჩენით შ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და შ. კ-ს მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (საიდანაც სასჯელის ნაწილის - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით მსჯავრად). შ. კ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას საბოლოო სასჯელში ჩაეთვალა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილი - 2015 წლის 8 იანვრიდან 2016 წლის 13 მაისის ჩათვლით, ანუ 1 წელი, 4 თვე და 5 დღე და მოსახდელად დარჩა 5 წლით, 7 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 13 მაისიდან.
განაჩენით შ. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: შპს „ტ-ს“ დირექტორის წარმომადგენელმა და ფაქტობრივმა მმართველმა შ. კ-მ, რომელსაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, უნდა ჩაეტარებინა ს-ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ს საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები, 2014 წლის სექტემბერში, ქ.თ-ი, ყ-ს ქუჩაზე მდებარე ინტერნეტკაფეში კომპიუტერული ტექნიკის საშუალებით, გამოყენების მიზნით, დაამზადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ყალბი მიმართვა სს „ლ-ი“ და ყალბი განცხადება საავანსო-საბანკო გარანტიის თანხის შემცირების შესახებ, ასევე - სამშენებლო სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც შპს „ტ-ს“ დირექტორ ა. კ-ს ნაცვლად თვითონ მოაწერა ხელი და დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობა მეტი დამაჯერებლობისათვის დაამოწმა ნოტარიულად ქ.ხ-ი 2014 წლის 23 სექტემბერს. შ. კ-მ დასახელებული ყალბი დოკუმენტები 2014 წლის 24 სექტემბერს წარადგინა თ-ი, ი. ჭ-ს გამზირზე მდებარე სს „ლ-ს“ სათავო ოფისში და მოითხოვა სს „ლ-ს“ მიერ გაცემული საავანსო გადახდის საბანკო გარანტიის 110303 ლარით შემცირება იმ საფუძვლით, რომ თითქოსდ,ა შპს „ტ-მ“ შეასრულა ამ ღირებულების სამუშაოები, რითაც შეეცადა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, სს „ლ-ნ“ მოტყუებით დაუფლებოდა 110303 ლარს, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო სისრულეში ვერ მოიყვანა.
შპს „ტ-ს“ დირექტორის წარმომადგენელმა და ფაქტობრივმა მმართველმა შ. კ-მ, რომელსაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, უნდა ჩაეტარებინა ს-ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ს საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშოები, 2014 წლის სექტემბერში, ქ. თ-ი, ყ-ს ქუჩაზე მდებარე ინტერნეტკაფეში, გამოყენების მიზნით დაამზადა სამშენებლო სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ყალბი მიმართვა სს „ლ-ი ბანკისადმი“ და ყალბი განცხადება საავანსო-საბანკო გარანტიის თანხის შემცირების შესახებ. შ. კ-მ დასახელებული ყალბი დოკუმენტები 2014 წლის 24 სექტემბერს წარადგინა თ-ი, ი. ჭ-ს გამზირზე მდებარე სს „ლ-ს“ სათავო ოფისში და მოითხოვა სს „ლ-ს“ მიერ გაცემული საავანსო გადახდის საბანკო გარანტიის 110303 ლარით შემცირება იმ საფუძვლით, რომ თითქოსდა, შპს „ტ-მ“ შეასრულა ამ ღირებულების სამუშაოები, რითაც შეეცადა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით სს „ლ-ნ“ მოტყუებით დაუფლებოდა 110303 ლარს, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო სისრულეში ვერ მოიყვანა და რაც დაზარალებულის დიდი ოდენობით ქონებივ ზიანს გამოიწვევდა.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა შ. კ-მ, რომელმაც ითხოვა საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამართლება, ხოლო სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული სასჯელის არასაპატიმრო სასჯელით შეცვლა. საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა შ. კ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შ. კ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ბრალდებულ შ. კ-ს ჩვენებით, დაზარალებულის წარმომადგენელ დ. ვ-ს ჩვენებით, მოწმეების - ნ. შ-ს, მ. ტ-ს, ა. კ-ს, გ. შ-ს, ნ. ი-ს, ლ. ბ-ს, ზ. კ-ს, ო. ტ-ს და ო. დ-ს ჩვენებებით, გრაფიკული დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის 2015 წლის 28 იანვრის № დასკვნით, საინჟინრო ექსპერტიზის 2014 წლის 13 ოქტომბრის № დასკვნით, 2014 წლის 19 მაისის № ხელშეკრულებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, საავანსო გადახდის საბანკო გარანტიის № ხელშეკრულებით, საავანსო გადახდის საბანკო № გარანტიით, ამოღების ოქმით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 22 სექტემბრის მიმართვით სს „ლ-ი“, 2014 წლის 24 სექტემბრით დათარიღებული განცხადებით საავანსო-საბანკო გარანტიის თანხის შემცირების შესახებ, 2014 წლის 22 სექტემბრით დათარიღებული, ნოტარიულად დამოწმებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტით, შპს „ტ-ს“ შესახებ საჯარო რეესტრის ხ-ს სარეგისტრაციო სამსახურიდან გამოგზავნილი მასალებით, ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან, შ. კ-ს სახელზე გაცემული მინდობილობებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მასალებით, განკარგულებით შპს „ტ-ს“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 აპრილის №1/144-15 (№088081114801) განაჩენითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ობიექტური ანალიზიდან გამომდინარე, შ. კ-მ შეასრულა ყველა მოქმედება, რათა ბოლომდე მიეყვანა განზრახული ქმედება, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ შეძლო დანაშაულის ბოლომდე მიყვანა, რაც წარმოადგენს დანაშაულის მცდელობას. რაც შეეხება მსჯავრდებულ შ. კ-ს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მან დანაშაულზე ნებაყოფლობით აიღო ხელი, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება და არც წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო.
სააპელაციო პალატამ აპელანტის იმ არგუმენტებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევას, აღნიშნა, რომ, მართალია, მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნულ გარემოებაზე, მაგრამ მხოლოდ ეს გარემოება, როგორც ამას დაცვის მხარე მიუთითებს, უპირობოდ არ წარმოადგენს შ. კ-ს დამნაშავედ ცნობისთვის საფუძველს.
5. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა შ. კ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. გ-მ.
მსჯავრდებული შ. კ-ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და შ. კ-ს გამართლებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ, თუ რაში მდგომარეობს საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო ასეთი დარღვევების არსებობა არ დასტურდება საქმის გულდასმით შესწავლის შედეგად. ამდენად, საკასაციო საჩივარში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოტივაცია სამართლებრივ დარღვევებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატას არ აძლევს იმის დასაბუთებულ საფუძველს, რომ, საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობისა და საქმის განხილვის შემთხვევაში, დადგინდება ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო ხასიათის დარღვევები, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
9. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებულობის გათვალისწინებით, დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის ისეთ დებულებებზე, რაც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.
10. ასევე არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან საკასაციო სასამართლოს, მსგავს საქმეებზე გამოტანილ განაჩენებში მითითებული განმარტებებისა და დასკვნების მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ ექნება არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის (#65აპ-11; 16აპ-13).
11. ამრიგად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ შ. კ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი