შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 07.06.2017
საქმის ნომერი
2კ-742აპ.-16
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.06.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#742აპ.-16 ქ. თბილისი

გ-ა მ-742ap.-16 7 ივნისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ყ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენით მ. გ-ას, –ნასამართლობის არმქონის, – ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 122-ე მუხლზე და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2016 წლის 23 იანვრიდან იმავე წლის 19 თებერვლის ჩათვლით. გაუქმდა მ. გ-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს უზრუნველსაყოფად მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე ზ-ში, ს-ის მე-2 შესახვევი №.., საკადასტრო კოდი ...) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნა ყადაღა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. გ-ას ბრალი დაედო წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

3. 2016 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, ზ-ში, ს-ის ქუჩაზე, მ. გ-ამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან გ. კ-ას გულმკერდის მარცხენა ნახევარში დაარტყა დანა, რის შედეგადაც გ. კ-ამ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება – ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა პლევრის ღრუში შეღწევით.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მ. გ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენი შეიცვალა; მ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 5 ოქტომბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2016 წლის 23 იანვრიდან იმავე წლის 19 თებერვლის ჩათვლით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. კასატორები – მსჯავრდებული მ. გ-ია და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ბ. ყ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ოქტომბრის განაჩენის შეცვლას და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენის ძალაში დატოვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ კასატორთა პოზიციას მსჯავრდებულ მ. გ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, რადგან საქმის მასალებში არ მოიპოვება ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველი.

3. პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს, რომლებიც ემყარება სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ და ასევე უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს, კერძოდ:

4. ბრალდებულმა მ. გ-ამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას არ უარყო დანის ამოღებისა და გ. კ-ას დაჭრის ფაქტი და განაცხადა, რომ შემთხვევის დღეს გ. ბ-ამ და გ. კ-ამ წააქციეს და დაუწყეს ცემა; იფიქრა, დანას ამოვიღებ, შევაშინებ და გაიქცევიანო და დანა გახსნა; დანის მოქნევის მომენტი და დარტყმა არ ახსოვს; იყვნენ მხოლოდ სამნი, დანა თვითონ ეკავა, ბიჭებს კი ხელში არაფერი ეჭირათ; არც ერთის დაჭრა არ უნდოდა, მაგრამ აღიარებს, რომ გ. კ-ა „მისი ხელიდან დაიჭრა“; დაზარალებულს არ იცნობდა, ის გ. ბ-ზე ერთი თავით მაღალია, ცოლშვილიანია და არ იცოდა, თუ არასრულწლოვანი იყო.

5. გარდა აღნიშნულისა, მ. გ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დასტურდება საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით:

6. სსიპ ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2016 წლის 4 თებერვლის №… დასკვნის თანახმად, გ. კ-ას აღენიშნება: „ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, შემღწევი პლევრის ღრუში; პნევმოთორაქსი განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო“.

7. მოწმე გ. კ-ას გამოკითხვის ოქმებიდან ირკვევა, რომ გ. ბ-ასა და მ. გ-ას შორის შეხლა-შემოხლის დაწყების შემდეგ მან სცადა მოჩხუბრების გაშველება, რა დროსაც მოულოდნელად იგრძნო ტკივილი გულმკერდის არეში და დაეცა მიწაზე; მ. გ-ას მიერ დანის მოქნევის ან მისთვის დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს; მ. გ-ამ არ იცოდა მისი ასაკი და არც ის, რომ იყო სკოლის მოსწავლე და არასრულწლოვანი.

8. მოწმე გ. ბ-ას ჩვენებით, მასა და მ. გ-ას შორის ჩხუბის დაწყების შემდეგ გ.კ-ა იდგა მათ შორის; ჩხუბისას შეამჩნია, რომ მ. გ-ამ ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო საკეცი დანა და ძლიერად მოუქნია გ-ის ტანის არეში; მ. გ-ას ერთხელ დარტყმის შემდეგ მეორეჯერ დანა აღარ მოუქნევია, დაკეცა და ჩაიდო ჯიბეში; იგი გ. კ-ას არ იცნობდა, შესაბამისად, არც მისი წლოვანება ეცოდინებოდა და არც ის, რომ გ. იყო სკოლის მოსწავლე და არასრულწლოვანი.

9. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, მ. გ-ას ვიზუალური დაკვირვებით რაიმე სახის დაზიანების კვალი არ აღენიშნება.

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმეების – გ. კ-ასა და გ. ბ-ას ჩვენებები არის თანმიმდევრული, არ არის წინააღმდეგობრივი და შეუსაბამო, ვინაიდან მ. გ-ას მიერ დანის ამოღების დანახვა ერთი მოწმის მიერ და ვერდანახვა – მეორე მოწმის მიერ, ვერ გახდება მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი, მით უფრო, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ გამოვლენილა რაიმე ისეთი გარემოება, რის გამოც სასამართლოს შეიძლებოდა, უარეყო პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტები.

11. აუცილებელი მოგერიების პირობაა, რომ პირმა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანოს ხელმყოფი. საქმის მასალებიდან არ ირკვევა, თუ რა საფრთხე ემუქრებოდა მ. გ-იას უშუალოდ გ. კ-ასგან, რომელიც მოჩხუბრებს აშველებდა. ამდენად, თუ არ არსებობდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა, შესაბამისად, ფარგლების გადაცილებაზე საუბარი უსაფუძვლოა.

12. რაც შეეხება კასატორთა მითითებას მ. გ-ას საქმის განხილვისას სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის შესახებ, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპსაც, რომელიც გულისხმობს მხარეთა შესაძლებლობას, სამართალწარმოების პროცესში ჰქონდეთ ინფორმაცია ერთმანეთის მტკიცებულებებზე და ჰქონდეთ მათი შეფასების უფლება1.

13. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის მითითება მ. გ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული უფლებების დარღვევის თაობაზე, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება, მით უფრო, რომ ბრალდებული უზრუნველყოფილი იყო კვალიფიციური ადვოკატის მომსახურებით როგორც გამოძიების პროცესში, ისე სასამართლო ინსტანციებში საქმის განხილვის დროს.

14. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის ზომას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასჯელის ხანგრძლივობა და ტიპი უნდა შეესაბამებოდეს დანაშაულსა და დამნაშავის მახასიათებლებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ

-----------

[1] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Rowe and Davis v. The UK 28901/95, 16.02.2000.

პროპორციულობის პრინციპი აღიარა საქმეებზე: Harkins and Edwards v. the United Kingdom და Rrapo v. Albania. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი. პალატა მხედველობაში იღებს, რომ მ. გ-ია პირველადაა სამართალში, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხასიათდება დადებითად, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ აქვს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. აღნიშნულისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოებები, მ. გ-ას მიმართ უნდა გავრცელდეს ამ მუხლით დადგენილი შეღავათი.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. გ-ასა და მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ ბ. ყ-ს უარი უნდა ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე ზემომითითებული მოტივებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. გ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. მსჯავრდებულ მ. გ-ას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯოს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

4. მსჯავრდებულ მ. გ-ას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2016 წლის 5 ოქტომბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2016 წლის 23 იანვრიდან 2016 წლის 19 თებერვლის ჩათვლით.

5. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მ. გ-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი ყადაღის მოხსნისა და ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე