საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№21აპ-17 ქ. თბილისი
ა-ი ი, 21აპ-17 7 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ა-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ივნისის განაჩენით ი. ა-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ , „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. მას სასჯელის მოხდა აეთვალა 2015 წლის 28 სექტემბრიდან.
იმავე განაჩენით ლ. ფ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. მას სასჯელის მოხდა აეთვალა 2015 წლის 28 სექტემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ფ-მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხოლო ი. ა-მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 მარტის განაჩენით ი. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისულფების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
ი. ა-ი სასჯელის მოხდისგან კალენდარულად გათავისუფლდა 2013 წლის 9 აგვისტოს.
2015 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 07.30 საათზე, ი. ა-ი და ლ. ფ-ი მივიდნენ თ-ში, ლ-ს დასახლების მე– კვარტლის №.. კორპუსთან, სადაც შპს „ს- ი“ აწარმოებდა გამაგრებით სამუშაოებს და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით დაეუფლნენ ამ კომპანიის კუთვნილ რკინის ნაკეთობებს, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 30.67 ლარი, რითაც კომპანიას მიაყენეს ქონებრივი ზიანი.
4. კასატორები - მსჯავრდებული ი. ა-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. მ-ი ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგი მოტივებით:
ი. ა-ს სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვა არ ჰქონია. იგი ცდილობდა სხვისი საკუთრების დაცვას. მსჯავრდებულმა სამშენებლო ობიექტთან, ღობის გარეთ, შენიშნა დაყრილი რკინის არმატურები. გაუკვირდა, რატომ ეყარა ისინი ღობის გარეთ, რადგან, როგორც წესი, მუშები მას ინახავდნენ ღობის შიგნით, შესაბამისად, აიღო ეს არმატურები და სურდა მათი დაბრუნება იმ ადგილას, სადაც მას მშენებლები ინახავდნენ. ამ დროს იგი დააკავეს.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ ი. ა-ისთვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. #560აპ.-16), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
9. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ი. ა-ის განზრახვასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ხოლო თვითმხილველი მოწმეების - გ. კ-ისა და ზ. ხ-ის ჩვენებებით, მოწმე-პოლიციელების ჩვენებებითა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით უტყუარადაა დადასტურებული ი. ა-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ა-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე