საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№104აპ-17 ქ. თბილისი
პ-ი ე, 104აპ-17 10 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით ე. პ-ი, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 11 წლით; ე. პ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 19.109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19.3531-ე მუხლის მე-3 ნაწილზე. ე. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 16 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ე. პ-ს მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. ე. პ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 10 აგვისტოდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2015 წლის 10 აგვისტოს, 18:42 საათზე, ა-ის რაიონის სოფელ -ში მცხოვრებმა ლ. დ-ემ დარეკა საინფორმაციო ცენტრ 112-ში და შეატყობინა, რომ ოჯახური კონფლიქტი ჰქონდა შვილთან - ე. პ-თან და ითხოვა დახმარება. შეტყობინების საფუძველზე 2015 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ შსს ახმეტის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები: ე. პ-ი, ნ. გ-ი და ი. მ-ე. პოლიციელებს საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან, სოფლის გზაზე, დახვდათ ლ. დ-ე, რომელმაც პოლიციის თანამშრომლებს აუხსნა, რომ მისი შვილი ე. პ-ი სისტემატურად ძალადობდა მასზე და სიტუაციაში გარკვევა სთხოვა. მომხდარ ფაქტს თავისი საცხოვრებელი სახლის წინა ოთახიდან თვალს ადევნებდა ე. პ-ი, რომელიც აგრესიულად განეწყო პოლიციის ფორმაში მყოფი თანამშრომლების მიმართ. იგი შევიდა თავის საძინებელ ოთახში, აიღო მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შენახული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, ამავე იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი ვაზნები და კვლავ დაბრუნდა წინა ოთახში. ე. პ-მა სანადირო თოფი მიმართა ჭიშკრის მხარეს, სადაც იდგნენ ე. პ-ი, ნ. გ-ი და ლ. დ-ე. მან დამიზნებით, განზრახ მოკვლის მიზნით, ორჯერ ესროლა პოლიციელ ე. პ-ს, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ამ მოქმედებით ე. პ-მა ასევე განზრახ შეუქმნა საფრთხე ე. პ-ის გვერდით მდგომ ნ. გ-ისა და ლ. დ-ის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სროლების შედეგად ე. პ-მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები და იგი თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად ე. პ-ი გადარჩა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განაჩენის გაუქმებასა და ე. პ-ის გამართლებას. კასატორი აღნიშნავს, რომ ე. პ-ი არის ფსიქიკური და ფიზიკური ნაკლის მქონე. მსჯავრდებულმა პირველად დახურული ფანჯრიდან გაისროლა, რის შედეგადაც შუშა ჩაიმსხვრა. ამდენად, პირველი გასროლის დროს შუშაზე ზემოქმედება აუცილებლად შეუცვლიდა ჭურვებს მიმართულებას. ი. მ-ემ განმარტა, რომ ე. პ-ი სროლის მომენტში იდგა სვეტთან, ბოგირზე და აღნიშნული ბოგირი მდებარეობს არა ეზოში, არამედ ჭიშკართან, ქუჩის მხარეს. აღსანიშნავია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის - ა. კ-ის ჩვენება განაჩენში არასწორად არის ასახული, ვინაიდან მან სხდომაზე, მართალია, დაადასტურა დასკვნის სისწორე, მაგრამ ამავდროულად განმარტა, რომ დაზიანება მიყენებული იყო რაიმე უცხო სხეულის, მეტალის ნაწილაკის მოქმედებით და არა - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვებით, როგორც ამას სასამართლო განმარტავს.
6. კასატორის მითითებით, დადგენილია, რომ ე. პ-მა გასროლამდე დაინახა ორი პოლიციელი. მან, აღელვებულმა, კარის მიმართულებით ისროლა და არ დაუნახავს, რომ კარის უკან იდგა პოლიციის მუშაკი ან სხვა პირი. აღელვების მიზეზი ბრალდებულმა ვერ განმარტა. ლ. დ-ესა და გ. გ-ის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ზიანი არ მისდგომია. ამდენად, კასატორი ვარაუდობს, რომ განაჩენში მოსამართლე გულისხმობს მათთვის მიყენებულ მორალურ ზარალს.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის - ე. პ-სა და ნ. გ-ს ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ე. პ-ის ბრალეულობას და ამასთან, ზეპირი სახის მტკიცებულებები შეესაბამება წერილობითი სახის მტკიცებულებებს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ე. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე