დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 29.09.2017
საქმის ნომერი
44აგ.-2017
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
29.09.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №44აგ-17 თბილისი

თ-ი ე, 44აგ-17 29 სექტემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - ე. და თ. თ-ს ადვოკატ მ. ი-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 მაისის განაჩენით ე. და თ. თ-ი დაუსწრებლად იქნენ ცნობილნი დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯათ 9-9 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოთ დაპატიმრების მომენტიდან.

2. 2017 წლის 5 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულების - ე. და თ. თ-ს ადვოკატმა მ. ი-ა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულების - ე. და თ. თ-ს ადვოკატ მ. ი-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ ცნობილ იქნა დაუშვებლად.

4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - ე. და თ. თ-ს ადვოკატმა მ. ი-ა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება შუამდგომლობის განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულების - ე. და თ. თ-ს ადვოკატ მ. ი-ს მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 2010 წლის 10 მაისის განაჩენი ე. და თ. თ-ს მიმართ გამოიტანა მათ დაუსწრებლად, რომელიც სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და, შესაბამისად, ამ ეტაპზე საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის.

4. რაც შეეხება მსჯავრდებულების - ე. და თ-ნ თ-ს ადვოკატ მ. ი-ს მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 აპრილის განჩინებაზე №25აგ-17 მსჯავრდებულ თ. ბ-ს მიმართ, რომლითაც დაკმაყოფილდა პროკურორის საკასაციო საჩივარი მსჯავრდებულ თ. ბ-ს მიმართ დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებულ საქმეზე წარდგენილი იყო პროკურორის შუამდგომლობა მისივე დადგენილების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობა მსჯავრდებულების - ე. და თ. თ-ს ადვოკატ მ. ი-ს მიერ შემოტანილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ბ“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებზე მითითებით.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების - ე. და თ. თ-ს ადვოკატ მ. ი-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისივე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულების - ე. და თ. თ-ს ადვოკატ მ. ი-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინება მსჯავრდებულების - ე. და თ. თ-ს ადვოკატ მ. ი-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი