საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№323აპ-17 ქ. თბილისი
ზ-ე ხ, 323აპ-17 12 ოქტომბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ხ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ხ. ზ-ე (მონაწილეობის გარეშე), ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 3 თვით. ხ. ზ-ეს სასჯელის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან. ხ. ზ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
2. ძებნილი მსჯავრდებული ხ. ზ-ე 2017 წლის 28 იანვარს დააკავეს.
3. მსჯავრდებულ ხ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 05:15 საათზე, ქურდობისათვის ნასამართლევი ხ. ზ-ე ბ-ში, თ-ის მოედანზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ფარულად დაეუფლა მ. გ-ის ხელჩანთას ფულადი თანხითა და პირადი ნივთებით, რითაც დაზარალებულს მიაყენა 200 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, 4 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 წელი და 8 თვე უნდა მოიხადოს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 4 თვე უნდა ჩაეთვალოს პირობით. კასატორის მითითებით, მისი ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია. ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ძმა. მისი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი არის თვითონ. დანაშაულის ჩადენა მისმა მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ განაპირობა. სააპელაციო სასამართლოს შეეძლო, გამოყენებინა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შეღავათი, მაგრამ არ გამოიყენა. ხ. ზ-ე გულწრფელად აღირებს და ინანიებს დანაშაულს. რაც შეეხება საქმის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვას, კასატორი უთითებს, რომ იმყოფებოდა თურქეთში სამუშაოდ და მისთვის ცნობილი არ იყო დევნის მიმდინარეობის შესახებ.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. კასატორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის სამართლიანობის ნაწილში. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ხ. ზ-ისათვის განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. მსჯავრდებულის პიროვნება შეფასდა ინდივიდუალურად და შეფარდებული სასჯელი ასევე უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ხ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე