დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 29.11.2017
საქმის ნომერი
54აგ.-2017
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
29.11.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №54აგ-17 თბილისი

კ-ა დ, 54აგ-17 29 ნოემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. კ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 მაისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და დ. კ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. დ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ორი ეპიზოდისათვის (ექიმის დანიშნულების გარეშე „ბუპრენორფინისა“ და „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარებისთვის) - ერთ-ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით - 0,00134 გრამი ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ არაერთგზის უკანონო შეძენა, შენახვისათვის), ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. კ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2013 წლის 10 დეკემბრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 აგვისტოს განაჩენით დ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ექიმის დანიშნულების გარეშე „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანის“), JWH018/JWH-073 - სინთეზური კანაბინოიდებისა და „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარებისთვის) და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 მაისის განაჩენით დადგენილმა სასჯელმა შთანთქა ბოლო განაჩენით დადგენილი სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. კ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2014 წლის 14 აგვისტოდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 14 აგვისტომდე. დ. კ-ს ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. 2017 წლის 10 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ. კ-მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის შემსუბუქება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისს განხორციელებული ცვლილების (რომელიც ამოქმედდა 2015 წლის 31 ივლისიდან) საფუძველზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განაჩენით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ მსჯავრდებულ დ. კ-ს შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 მაისისა და იმავე წლის 14 აგვისტოს განაჩენები შეიცვალა და მსჯავრდებულ დ. კ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 მაისისა და იმავე წლის 14 აგვისტოს განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. კ-მ, რომელმაც მოითხოვა მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისს განხორციელებული ცვლილების (რომელიც ამოქმედდა 2015 წლის 31 ივლისიდან) საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

5. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესული ცვლილების გათვალისწინებით, მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების შესახებ.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი