საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.11.2017
საქმის ნომერი
2კ-305აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.11.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №305აპ-17 ქ. თბილისი

ზ-ი დ, 305აპ-17 1 ნოემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ივნისის განაჩენით დ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ. ზ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 1 ოქტომბრიდან

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები - 10 წლით.

განაჩენით მსჯავრდებულ დ. ზ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: დ. ზ-ა საქართველოს ფარგლებს გარეთ უკანონოდ შეიძინა და 2015 წლის 30 სექტემბერს უ-ნ ს-ი უკანონოდ შემოიტანა 14 ცალად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 1,6728 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონის‘‘ (მარილი) შემცველი თეთრი ფერის ნივთიერება, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა.

2. აპელანტის მოთხოვნა:

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ზ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჯ-მ, რომელიც ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, დ. ზ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - სანქციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტური სასჯელის განსაზღვრას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით - საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციით, პირადი ჩხრეკის ოქმით, მოწმეების - დ. ნ-ს, გ. ლ-ს, პ. მ-ს ჩვენებებით, შპს ,,ნ-ს‘‘ მუცლის ღრუს ზედა და ქვედა ნაწილების კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნით, შპს ,,ნ-ს‘‘ მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობით, ამოღების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულად მიიჩნია, რომ დ. ზ-ა საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ (მარილი), რაც ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკისას.

თავად დ. ზ-ა არ უარყო ის ფაქტი, რომ იყო ნარკოტიკების მომხმარებელი. მისი განმარტებით, ჩამოფრენის შემდეგ, დაკავებამდე, მას საპირფარეშოში დაუტოვეს ნარკოტიკული საშუალება, იქვე მოხდა ნარკოტიკული საშუალების დამალვა ორგანიზმში. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი ვიდეოკამერის ჩანაწერის მოპოვება დაცვის მხარემ ვერ შეძლო, ვინაიდან მოთხოვნა დააგვიანეს და დროის გასვლის გამო ჩანაწერი აღმოჩნდა განადგურებული.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, რაშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით საქართველოში უკანონოდ შემოტანა. ვინაიდან აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი საქართველოში შემოტანა სპეციალური ნებართვის გარეშე საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის დისპოზიციით დასჯად ქმედებადაა შერაცხული.

მოცემულ შემთხვევაში დაცვის პოზიცია ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ, სხდომაზე დაკითხვისას მოწმეებმა განმარტეს, რომ დ. ზ-ს შესახებ ცნობილი გახდა ოპერატიული ინფორმაციით, შესაბამისად, ჯგუფი გასული იყო თ-ს საერთაშორისო აეროპორტში. მოწმეებმა განმარტეს, რომ დ. ზ-ი თვალთახედვიდან არ დაუკარგავთ, ხოლო დააკავეს მოფრენის დარბაზში. დაცვის მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ დ. ზ-ს შეხვდა პირი, რომელმაც გადასცა ნარკოტიკული საშუალება, ვერ იქნა მიჩნეული უტყუარ მტკიცებულებად. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმეებმა დეტალურად აღწერეს როგორც დ. ზ-ს მოძრაობა, ისე მათი ადგილმდებარეობა. მოწმეებს სასამართლოსთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დ. ზ-ი იმყოფებოდა საპირფარეშოში საკმაო ხნის მანძილზე (დ.ზ-ა პროცესზე განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალების სწორ ნაწლავში მოთავსება შეიძლებოდა სხვა გზითაც, რის შესახებაც მან არ ისაუბრა პირველი ინსტანციის სასამართლოში). მათი განმარტებით, დ. ზ-ს მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის მომენტიდან მასზე ხორციელდებოდა კონტროლი, ის არ შეხვედრია არავის, არ შესულა არსად და არ უსარგებლია მობილური ტელეფონით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები თანმიმდევრულია და ერთმანეთთან სრულად არის თანხვდენილი ოპერატიული ინფორმაციის მიღების, მისი შინაარსის, ბრალდებულის ადგილსამყოფლის, ჩხრეკის მიმდინარეობის დეტალები, რის გამოც არ არსებობს მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი. აღნიშნული გარემოებები შეესაბამება როგორც საგამოძიებო მოქმედების ოქმებს, ისე ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, დ. ზ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება შეიცავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 1,6728 გრამ ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონს‘‘ (მარილი). სასამართლო სხდომაზე ასევე არ დადასტურებულა, რომ დ. ზ-ს ჰქონდა სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოში შემოსატანად.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 1-ლი ინსტანციის სასამართლომ დ. ზ-ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ასევე სამართლიანია მის მიმართ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი.

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ზ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჯ-მ, რომელიც საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: დ. ზ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - სასჯელის შემსუბუქებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულ დ. ზ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით არის უკანონო და უნდა გამართლდეს ამ მუხლით მისთვის წარდგენილ ბრალდებაში. პალატას მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა, რომ დ. ზ-ს სხეულში დამალული ნარკოტიკული საშუალება არ შეუძენია საქართველოს ტერიტორიაზე და მისგან ამოღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მან შემოიტანა უკრაინიდან. საკასაციო პალატას ასევე მიაჩნია, რომ მითითებული გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ივნისის განაჩენი უცვლელად დატოვა.

8. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და მსჯავრდებულ დ. ზ-ს შეუფარდა სამართლიანი სასჯელი.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვა (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი