დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 22.10.2008
საქმის ნომერი
ას-533-766-08
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.10.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-533-766-08 22 ოქტომბერი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. კ-ლია

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ტ-იძე

დავის საგანი – იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

ნ. კ-ლიას წარმომადგენელმა ე. შ-იამ განცხადებით მიმართა სოხუმის რაიონულ და სოხუმის საქალაქო სასამართლოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ. განმცხადებელმა მიუთითა, რომ 1988 წლის 10 ნოემბერს სოხუმის მმაჩის საქალაქო განყოფილებაში ნ. კ-ლია და ლ. ტ-იძე ქორწინების რეგისტარციაში გატარდენენ და ლ. ტ-იძეს მიენიჭა ქმრის გვარი – კ-ია. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი. 1992 წელს მათ შორის ფაქტობრივად შეწყდა ცოლ-ქმრული ურთიერთობა. ნ. კ-ლიამ განცახადებით მიმართა გულრიფშის რაიონულ სასამართლოს განქორწინების თაობაზე. გულრიფშის რაიონული სასამართლოს მიერ განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე 1992 წლის 12 აგვისტოს გულრიფშის რაიონის მმაჩის განყოფილებამ გასცა განქორწინების მოწმობა.

განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ აფხაზეთში საომარი მოქმედების დროს დაეკარგა განქორწინების მოწმობის დედანი, რის გამოც მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის, კერძოდ, განქორწინების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილების მიღება, რათა აღნიშნულის საფუძველზე გაიცეს ახალი განქორწინების მოწმობა.

სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 სექტემებრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ლიას რწმუნებულ ე. შ-იას განცხადება დაკმაყოფილდა, დადგენილად იქნა ცნობილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ 1988 წლის 10 ნოემბერს ქ. სოხუმის მმაჩის განყოფილების მიერ ნ. კ-ლიასა და ლ. ტ-იძეს შორის რეგისტრირებული ქორწინება, რომლითაც ცოლს მიღებული ჰქონდა ქმრის გვარი – კ-ია, 1992 წლის 12 აგვისტოს შეწყდა გულრიფშის რაისასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. განქორწინება რეგისტრირებული იყო გულრიფშის რაიონის მმაჩის განყოფილებაში და ცოლს დაუბრუნდა ქალიშვილობის გვარი – ტ-ე. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი დადგენილ იქნა განქორწინებაზე სამოქალაქო აქტის აღდგენის მიზნით.

გადაწყვეტილება 2006 წლის 11 დეკემებრს სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ტ-იძის ნდობით აღჭურვილმა პირმა ნ.ტ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის განჩინებით ლ. ტ-იძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. კ-ლიამ. მან მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 14 - დღიანი ვადის დარღვევით არის შეტანილი და სასამართლოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაეტოვებინა განუხილველად. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ ნ. კ-ლიას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ლიას რწმუნებულ ე. შ-იას განცხადება დაკმაყოფილდა, ცნობილ იქნა დადგენილად იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ 1988 წლის 10 ნოემბერს ქ. სოხუმის მმაჩის განყოფილების მიერ ნ. კ-ლიასა და ლ. ტ-იძეს შორის რეგისტრირებული ქორწინება, რომლითაც ცოლს მიღებული ჰქონდა ქმრის გვარი – კ-ია, 1992 წლის 12 აგვისტოს შეწყდა გულრიფშის რაისასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; განქორწინება რეგისტრირებული იყო გულრიფშის რაიონის მმაჩის განყოფილებაში და ცოლს დაუბრუნდა ქალიშვილობის გვარი – ტ-ძე, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი დადგენილ იქნა განქორწინებაზე სამოქალაქო აქტის აღდგენის მიზნით.

ასევე დადგენილია, რომ ნ. კ-ლიასა და ლ. ტ-იძეს შორის განქორწინების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე ნ. კ-ლიას განცხადების უდავო წარმოების წესით განხილვისას არ ყოფილა მიწვეული ლ. ტ-იძე, როგორც დაინტერესებული პირი.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, ვინაიდან ლ. ტ-იძე დაინტერესებული პირის სტატუსით არ იყო მოწვეული სასამართლოში საქმის განხილვისას, სოხუმის რაიონულმა და სოხუმის საქალაქო სასამართლომ დაარღვია საპროცესო ნორმა, რასაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უდავო წარმოების წესით საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც გათვალისწინებულია XXXV-XLII თავებით. უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას სასამართლო იწვევს ამ საქმის განხილვით დაინტერესებულ პირებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძვრის დავა ისეთი უფლებების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ, წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უდავო წარმოების წესით საქმეთა განხილვისას სასამართლომ უნდა აცნობოს სავარაუდოდ დაინტერესებულ ყველა პირს, რათა შესაძლებლობა მიეცეთ, მათ მონაწილეობა მიიღონ საქმის განხილვაში და საჭიროების შემთხვევაში დროულად განახორციელონ 311-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინიჭებული უფლება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილი პირდაპირ მიუთითებს სასამართლოს ვალდებულებაზე უდავო წესით საქმის განხილვისას ყველა დაინტერესებული პირის მოწვევის შესახებ. აქედან გამომდინარე, განქორწინების თაობაზე იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადების განხილვისას დაინტერესებული პირის სახით აუცილებლად უნდა ყოფილიყო მიწვეული ლ. ტ-იძე, ვინაიდან მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ შეეხება მას. პირველი ინსტანციის სასამართლომ კონკრეტულ შემთხვევაში დაარღვია მხარის პროცესუალური უფლება, მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში.

გარდა ამისა, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო დაგვიანებით და სააპელაციო სასამართლოს განუხილველად უნდა დაეტოვებინა ლ. ტ-იძის სააპელაციო საჩივარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

დადგენილია, რომ სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების ასლი ლ. ტ-იძეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არც გაგზავნია და, შესასაბამისად, არც ჩაჰბარებია. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, ლ. ტ-იძეს არ დაურღვევია გასაჩივრების ვადა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. კ-ლიას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.