დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №62აგ-17 29 ნოემბერი, 2017 წელი
თ–ია ბ., 62აგ-17 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. თ–ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ბ. თ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 6 თვე საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბ. თ–ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი. ბ. თ–ას სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან - 2013 წლის 27 სექტემბრიდან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 სექტემბრის განაჩენით ბ. თ–ა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ბ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 წელი და 6 თვე. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ბ. თ–ას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 26 აპრილიდან.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ივნისის განჩინებით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის - თამთა წერეთლის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
5. 2017 წლის 24 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ბ. თ–მ, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასიჯვა, ვინაიდან 2013 წლის 12 ნოემბერს გასამართლდა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით, ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანის“ შეძენა-შენახვისთვის და 1 წლით უნდა შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ ბ. თ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბ. თ–ია გათავისუფლდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან, რომელიც შთანთქმული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული 6 წლით თავისუფლების აღკვეთის მიერ. ბ. თ–ას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2015 წლის 26 აპრილიდან.
7. კასატორი - მსჯავრდებული ბ. თ. საკასაციო საჩივრით ითხოვს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული 6 წლით თავისუფლების აღკვეთის ერთი წლით შემსუბუქებას, ვინაიდან მას სანქციის მინიმუმზე ერთი წლით მეტი სასჯელი განსაზღვრული ჰქონდა სსკ-ის 260-ე მუხლით ნასამართლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ბ. თ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა მიუთითებს: ის ფაქტი, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განაჩენით ბ. თ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან, არ ცვლის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 სექტემბრის განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს (2015 წლის 25 აპრილს) იგი ნასამართლევი იყო.
3. შესაბამისად, ვინაიდან ბ. თ–მ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშული ჩაიდინა ნარკოტიკული დანაშაულისთვის შეფარდებულ გამოსაცდელ ვადაში და დანაშაულის ჩადენის დროისთვის მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, მისთვის საბოლოო სასჯელის საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით დადგენილი წესით (სასჯელის დანიშვნა დანაშაულის რეციდივის დროს) განსაზღვრა კანონიერია.
4. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ბ. თ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე