დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №78აგ-17 20 თებერვალი, 2018 წელი
ზ-ი უ, 78აგ-17 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ უ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით უ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 265–ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული საშუალების ხელშემწყობს, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
მსჯავრდებულ უ. ზ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 28 ივლისიდან იმავე წლის 30 ივლისის ჩათვლით.
2. 2017 წლის 17 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ უ. ზ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვა, კანონთან შესაბამისობაში მოყვანა და განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განაჩენით ადვოკატ ზ. ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: უ. ზ-ს საქართველოს სსკ–ის 265–ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. დანარჩენ ნაწილში გადასასინჯი განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორი - მსჯავრდებულ უ. ზ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ბ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს უ. ზ-ის სრულად გათავისუფლებას დანიშნული სასჯელისგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ უ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით (საქართველოს მოქალაქეები - ჯ. გ-ე, დ. ხ-ი და ლ. გ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
4. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ უ. ზ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელის შეცვლა ნორმის სანქციით გათვალისწინებული ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელით - ჯარიმით - კანონიერია.
5. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის - ჯარიმის პირობით ჩათვლისა და მისთვის გამოსაცდელი ვადის დადგენის თაობაზე ასევე კანონიერია და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების მოთხოვნებს.
6. პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ უ. ზ-ისთვის პირობითი მსჯავრის განსაზღვრა ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებას, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. ამ გადაწყვეტილებით კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ არ არის მიჩნეული ზემოაღნიშნული ქმედებისთვის ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება და მისი პირობით ჩათვლა.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ უ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე