საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №492აპ-17 ქ. თბილისი
ბ-ი ი. 492აპ-17 22 თებერვალი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 იანვრის განაჩენით ი. ბ-ი, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარი.
აღნიშნული განაჩენით ი. ბ-ს მსჯავრი დაედო ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლაში, რომელმაც დაარღვია ბინის მფლობელის ხელშეუხებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2013 წლის 12 ნოემბერს ი. ბ-ი მფლობელის, დ. ლ-ს ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა მის საკუთრებაში არსებულ თბილისში, ….. ქუჩა N…..-ში მდებარე, ბინა …..-ში. აღნიშნული ქმედებით ი. ბ-მ დაარღვია დ. ლ-ს, როგორც ბინის მფლობელის, ხელშეუხებლობა.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ბ-მ, რომელმაც საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 იანვრის განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ი. ბ-ს ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ი. ბ-ი ბინაში უკანონოდ შევიდა მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, რომელმაც დაარღვია ბინის მფლობელის ხელშეუხებლობა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით კრიმინალიზებულია ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას. შესაბამისად, ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით მიჩნევისათვის აუცილებელია დადგინდეს მფლობელი; ბინაში ან სხვა მფლობელობაში უკანონოდ შესვლა მოხდეს მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ და აღნიშნულმა დაარღვიოს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობა.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისში, ….. ქუჩა N….., ბინა…..-ში მდებარე უძრავი ქონება ეკუთვნოდა დ. ლ-ს. წერილობითი დოკუმენტებითა და დ. ლ-ს ჩვენებით დადგენილია უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის საფუძველი. აღნიშნული გარემოების კანონიერება სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა და მიიჩნია, რომ მითითებულ მისამართზე დ. ლ-ს საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი წარმოადგენს დადგენილ გარემოებას.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ თითქოს, მან არ იცოდა გამოსახლების შესახებ, ვინაიდან ჯერ კიდევ 2012 წლის 10 მარტს დადებული ხელშეკრულების თანახმად, სესხის სანაცვლოდ იპოთეკით დაიტვირთა ი.ბ-ს საცხოვრებელი სახლი. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო თუ რა შედეგები მოჰყვებოდა სესხის თანხის გადაუხდელობას. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ ხელშეკრულების პირობების დარღვევას მოჰყვა უძრავ ქონებაზე დ. ლ-ს საკუთრების უფლების დარეგისტრირება, შესაბამისად, ი. ბ-თვის ცნობილი იყო, რომ აღარ წარმოადგენდა უძრავი ქონების მესაკუთრეს.
საქმის მასალების თანახმად, გამოსახლების საკითხი არაერთხელ გადაიდო, თუმცა, საბოლოო თარიღად დაითქვა 2013 წლის 12 ნოემბერი. ფაქტია, რომ 2013 წლის 12 ნოემბრამდე ი. ბ-ს ნებაყოფლობით არ ჰქონდა გამოთავისუფლებული უძრავი ქონება. ასევე, არ არსებობდა დ. ლ-ს ნება, რომ ი. ბ-ს ოჯახით ეცხოვრა დ. ლ-ს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში.
სააღსრულებო წარმოება დაწყებულია 2012 წლის დეკემბერში. საქმეში წარმოდგენილია არაერთი დოკუმენტი, რომლებიც გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ი. ბ-თვის ცნობილი იყო 2013 წლის 12 ნოემბერს იძულებითი გამოსახლების თაობაზე. სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ ზუსტად ამ დღეს რძალი გაუხდა ცუდად და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში, სადაც თავადაც გაჰყვა და უცნობი იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებების თაობაზე, ვერ ამართლებს ი. ბ-ს მოქმედებას. თავად ი. ბ-მ მიუთითა, რომ საავადმყოფოდან დაბრუნების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებმა კარის საკეტი გამოცვალეს და მიუხედავად აღნიშნულისა, მან ისარგებლა მეორე კარით. სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებასა და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებზე, რომ ი. ბ-ს კარის საკეტი არ გაუტეხავს, პალატამ განმარტა: ბინაში უკანონოდ შესვლა მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ აუცილებლად არ გულისხმობს კარის საკეტების გატეხვას. უკანონოდ შესვლის დამადასტურებელია ის გარემოება, რომ პირს არ ჰქონდა სხვის საკუთრებაში შესვლის უფლება და მიუხედავად აღნიშნულისა, დაარღვია ბინის მფლობელის ხელშეუხებლობა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მსჯავრდებულ ი. ბ-ს განმარტება, რომ იგი არის უდანაშაულო და განაჩენი ეფუძნება მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს. საქმის არსებით განხილვაზე მტკიცებულებები შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით. აღსანიშნავია, რომ მოწმეთა ჩვენებებში არსებითი სახის წინააღმდეგობები არ გამოკვეთილა და სააპელაციო პალატას არ გააჩნია მათი ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი. რაც შეეხება მოწმეების - მ. კ-სა და ი. მ-ს ირიბ ჩვენებებს, აღნიშნული საფუძვლად არ ედება გამამტყუნებელ განაჩენს. მ. კ-სა და ი. მ-ს ჩვენებები გაზიარებულია იმ ნაწილში, სადაც ისაუბრეს ხელშეკრულებასა და შემდეგ განვითარებულ გარემოებებზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების - ო. ც-ს, ფ. თ-ს, ვ. ფ-ს, ლ. მ-ს, დ. ლ-ს, მ. კ-ს, ი. მ-ს ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები მტკიცებულების უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტს ნამდვილად პასუხობენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ფარგლებში. რაც შეეხება ი. ბ-ს მძიმე ქონებრივ მდგომარეობას, იგი აისახა სასჯელის შეფარდებისას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ბ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ იგი არის უდანაშაულო და უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში. პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად დატოვა. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულ ი. ბ-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
8. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვინაიდან სააპელაციო პალატამ მისი საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, რის გამოც მას არ მიეცა არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულ ი. ბ-თვის ბრალად შერაცხული ქმედება წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა სააპელაციო საჩივარი. ასევე უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ მას არ მიეცა საკუთარი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა, ვინაიდან სააპელაციო პალატამ დეტალურად და ამომწურავად იმსჯელა ი. ბ-ს სააპელაციო საჩივარში მითითებულ ყველა არგუმენტთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მოპასუხის პირადი დასწრება პროცესზე არ არის იმდენად გადამწყვეტი მნიშვნელობის სააპელაციო სასამართლოში სამართალწარმოებისას, როგორც პირველი ინსტანციის მიერ საქმის განხილვისას. ის, თუ როგორ გავრცელდება კონვენციის მე-6 მუხლი სააპელაციო სასამართლოში სამართალწარმოებაზე, დამოკიდებულია თავად ამ სამართალწარმოების სპეციფიკურ მახასიათებლებზე. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ეროვნულ სამართლებრივ სისტემაში მთლიანად სამართალწარმოების სისტემა, და ასევე სააპელაციო სასამართლოს როლი ამ სისტემაში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (Hermi v. Italy [დიდი პალატა], N18114/02), § 60, 18.10.2006).
9. რაც შეეხება კასატორის კიდევ ერთ არგუმენტს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო ირიბი მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეების - მ. კ-სა და ი. მ-ს ჩვენებები, რისი დაუშვებლობის დასტურადაც უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „ჰორნქასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Horncastle and others v. United Kingdom), N 4184/10, რომლის თანახმად, ირიბი მტკიცებულება არ უნდა იყოს ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ განაჩენში იმსჯელა მითითებული მოწმეების ჩვენებებზე და მართებულად მიუთითა, რომ მ. კ-სა და ი. მ-ს ირიბი ჩვენებები საფუძვლად არ უდევს გამამტყუნებელ განაჩენს. მათი ჩვენებები გაზიარებულია იმ ნაწილში, სადაც ისაუბრეს ხელშეკრულებასა და შემდეგ განვითარებულ გარემოებებზე.
10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი