საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.04.2018
საქმის ნომერი
2კ-613აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №613აპ-17 ქ. თბილისი

ს-ე ო., 613აპ-17 2 აპრილი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჯ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივლისის განაჩენით:

ო. ს-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

ო. ს-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

ო. ს-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ო. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 26 ოქტომბრიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

ამავე საქმეზე მსჯავრდებულია გ. მ-ი.

განაჩენით მსჯავრდებულ ო. ს-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 26 ოქტომბერს ო. ს-მ ქუთაისში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალების - 0,0254 გრამი ,,ჰეროინის‘‘ შემცველი ფხვნილი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,29575 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის‘‘ შემცველი აბები და აბის ნატეხები, რაც იმავე დღეს უკანონოდ გადაზიდა ქუთაისიდან თბილისში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულ იქნა 2016 წლის 26 ოქტომბერს თბილისში, ….. მე-….. ჩატარებული ო. ს-ს პირადი ჩხრეკის შედეგად.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ, სასჯელის შემსუბუქებას 9 წლით თავისუფლების აღკვეთამდე.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ჯ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს ო. ს-თვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას 9 წლით თავისუფლების აღკვეთამდე.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში კასატორი ასაჩივრებს ო. ს-თვის შეფარდებული სასჯელის ზომას.

7. პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ო. ს-ს ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის განსაზღვრის ნაწილში და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

8. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ო.ს-ს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, სამართლიანია და არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.

9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ო. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი