საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.03.2018
საქმის ნომერი
2კ-582აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №582აპ-17 ქ. თბილისი

მ-ი გ., 582აპ-17 29 მარტი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-ს, მსჯავრდებულ გ. მ-სა და მსჯავრდებულ ი. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. უ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 აგვისტოს განაჩენით:

ი. შ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (ნ. და კ. მ-ების ეპიზოდი), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, მე-3 ნაწილის ,,ა” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (შპს ,,…..” ეპიზოდი) და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

ი. შ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (ნ. და კ. მ-ების ეპიზოდი) - 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ი. შ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 6 დეკემბრიდან.

გ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (ნ. და კ. მ-ების ეპიზოდი), 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (შპს ,,…..” ეპიზოდი), 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებითა (,,…..” ეპიზოდი) და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

გ. მ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ნ. და კ. მ-ების ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (შპს ,,…..” ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (,,…..” ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (შპს ,,…..“ ეპიზოდი) დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა (კ. და ნ. მ-ების ეპიზოდი) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (,,…..” ეპიზოდი) დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 5 დეკემბრიდან.

განაჩენით მსჯავრდებულების - გ. მ-სა და ი. შ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის განაჩენით ი. შ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

2015 წლის 5 დეკემბერს, დაახლოებით 18:50 საათზე, ი. შ-ა და გ. მ-ი შეიჭრნენ ქ. თბილისში, ….. ქ. N…..-ში მდებარე კ. მ-სა და ნ. მ-ს სასურსათო მაღაზიაში. დანითა და იარაღებით შეიარაღებულნი, ისინი თავს დაესხნენ კ. მ-სა და ნ. მ-ს და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გასტაცეს ფულადი თანხა – 1700 ლარი.

2015 წლის 6 დეკემბერს ქ. თბილისში, ….. მე-….. კვარტალში, …..-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულის სახით დააკავეს ი. შ-ა, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ცივი იარაღი - დანა.

2015 წლის 5 დეკემბერს, დაახლოებით 03:30 საათზე, გ. მ-ი დაუდგენელ პირთან ერთად ჯგუფურად შეიჭრა ქ. თბილისში, ….. ქ. N…..-ში მდებარე საპელმენე შპს „…..“. ისინი თავს დაესხნენ მოლარე ი. გ-ს და დაცვის თანამშრომელ ა. ბ-ს. დანისა და იარაღის საშუალებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გასტაცეს ფულადი თანხა – 450 ლარი.

2015 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით 22:45 საათზე, გ. მ-ი გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად ჯგუფურად თავს დაესხა ქ. თბილისში, ..... N…..-ის მიმდებარედ განთავსებულ სს „…..“ ოპერატორ თ. რ-ს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მას და მის თანამშრომლებს - ლ. ს-სა და გ. მ-ს გასტაცა ფულადი თანხა – 275 ლარი.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების - გ. მ-სა და ი. შ-ს გამართლებას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტაცია ი. შ-ს უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

1-ლი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ნ. მ-მ უჩვენა, რომ ფული იდო პლასტმასის კონტეინერში, იყო რკინის მონეტებიც და ქაღალდის კუპიურებიც, ქაღალდის კუპიურები იქნებოდა 700 ლარამდე, ხოლო რკინის მონეტები – 1000 ლარამდე. იმავე ფაქტთან დაკავშირებით დაზარალებულმა კ. მ-მ განმარტა, რომ ხურდა ფული იქნებოდა 500 ლარიდან 1000 ლარამდე. ორივე დაზარალებული მიუთითებს, რომ თანხა იდო სხვადასხვა პლასტმასის კონტეინერში, რომელიც თავდამსხმელებმა გასტაცეს და შემდეგ ქუჩაში გადაყარეს. ნ. მ-ს გატაცებული ფულის აკრეფაში მეზობლებიც ეხმარებოდნენ და დაახლოებით 200 ლარამდე მიუტანეს.

სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ორივე დაზარალებული მიუთითებს თანხის მიახლოებულ რაოდენობაზე, არც ერთს არ უთქვამს, რომ რკინის მონეტები დათვლილი ჰქონდათ და ზუსტად იცოდნენ მისი რაოდენობა, ამასთან, მათივე ჩვენებებითა და ფაქტის უშუალო შემსწრე პოლიციელების ჩვენებებით დგინდება, რომ თავდამსხმელებმა გატაცებული თანხა გადაყარეს ქუჩაში, როდესაც მათ დაედევნენ. ამდენად, იმის მტკიცება, რომ დაზარალებულები თანხის ნაწილში ცრუობენ და დადგენილი არ არის, სად და როდის გადაყარეს თავდამსხმელებმა თანხა, საფუძველს მოკლებულია. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თანხის ოდენობა სამართლებრივად გავლენას ვერ ახდენს ი. შ-ს ბრალდების - ყაჩაღობის კვალიფიკაციაზე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არცერთ დაზარალებულს თავის ჩვენებაში არ უთქვამს, რომ ი. შ-ა მაღაზიაში შესვლისთანავე ან ნიღბის ჩამოწევამდე იცნეს. მათ განმარტეს, რომ თავდამსხმელს შეხედეს სახეზე და შემდეგ ამოიცნეს ფოტოსურათზე. ამასთან, კატეგორიულად მიუთითეს, რომ ამოცნობისას სურათებზე არავის სახელი და გვარი არ ეწერა და ამის შესახებ მხოლოდ ოქმის გაცნობისას შეიტყვეს. აქ ყურადღება უნდა გამახვილდეს მეტად მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომელსაც გვერდს უვლის აპელანტი. დაზარალებულმა ნ. მ-მ გ. მ-ს ადვოკატის შეკითხვაზე, თუ როდის გახდა გ. მ-ს სახელი და გვარი ცნობილი, განაცხადა, რომ იმ დღესაც, როდესაც ი. შ-ა და გ. მ-ი მაღაზიაში შევიდნენ, საღამოს დაურეკა ი.შ-ს ნათესავ ,,შ-ს’’ და უთხრა: ,,ნახე, ი-მ რა გვიყოო’’, რაზედაც შ-მ უპასუხა, რომ ,,ი. მაგას ვერ იზამდა, რადგანაც მის მეგობართან ერთად არისო’’ და მანვე დაუსახელა გ. მ-ს სახელი და გვარი (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 30.06.16–14:11:23). იმავე ჩვენებაში დაზარალებულმა პროკურორის შეკითხვაზე დააზუსტა და განაცხადა, რომ როდესაც დაკითხვიდან დაბრუნდა, შემდეგ დაურეკა ი. შ-ს ნათესავს და უთხრა დაყაჩაღების თაობაზე, ანუ დაზარალებულ ნ. მ-ი ამოცნობის ჩატარების შემდეგ დარწმუნდა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი იყო ი. შ-ა, რომლის დედაც მასთან მაღაზიაში მუშაობდა.

ანალოგიური გარემოება დასტურდება დაზარალებულ კ. მ-ს მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით. მან უჩვენა, რომ მაღაზიაში შევიდა ორი პირი, რომლებსაც თავზე ეფარათ ქუდები, ოთახის შუამდე რომ მივიდნენ, ჩამოიფარეს სახეზე. მას 5-6 წამი ჰქონდა, რომ მათთვის სახეზე შეეხედა და სწორედ ამიტომ ამოიცნო ორივე ფოტოსურათზე. მანვე განმარტა: „არ შემიძლია ვთქვა, რომ მაშინვე ამოვიცანი, ეს შემდეგ პოლიციაში ამოცნობისას.... ი. შ-ა ამოვიცანი მაშინვე და სურათზე კარგად დაკვირვების შემდეგ გამახსენდა, რომ მისი მშობლები ჩვენთან, მაღაზიაში მუშაობდნენ“ (იხ.სასამართლოს სხდომის ოქმის 04.07.16 - 12:00:40; 12:03:21). ამასთან, თავდამსხმელების სახელი და გვარი გაიგო ამოცნობის შემდეგ, ოქმის გაცნობისას.

ამდენად, დაზარალებულების ჩვენებებიდან დგინდება არა ის, რომ მაღაზიაში შესვლისთანავე ერთ-ერთ თავდამსხმელში ამოიცნეს ი. შ-ა, არამედ რეალურად ამოცნობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი იყო ი. შ-ა, რომლის სახელი და გვარი გაიგეს შესაბამისი ოქმის გაცნობის შემდეგ და რომ მისი დედა მათთან მაღაზიაში მუშაობდა. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ დაზარალებულების პირველი დაკითხვის შემდეგ ჩატარდა ამოცნობა, ისინი თავიანთ პირველ ჩვენებებში ი. შ-ს სახელსა და გვარს ვერ მიუთითებდნენ.

სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა დაცვის მხარის მიერ დაზარალებულებისა და მოწმე ჯ. უ-ს ჩვენებების ინტერპრეტაციას, ვინაიდან ისინი არ შეესაბამება მათ მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს. დაზარალებულ ნ. მ-ს სასამართლოში მიცემულ ჩვენებებში არსად უთქვამს, რომ თითქოს ორივე თავდამსხმელს ხელში იარაღი და დანა ეკავა, პირიქით, მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ი. შ-ს ეჭირა იარაღი და დანა, ხოლო გ. მ-ს – დანა, რაც, თავის მხრივ, სრულად შეესაბამება დაზარალებულ კ. მ-ს ჩვენებას.

1-ლი ინსტანციის განაჩენში, სადაც მოყვანილია მოწმე ჯ. უ-ს ჩვენება, არსად არის მითითებული, რომ თითქოს მოწმემ განაცხადა: ,,ნ-მ მითხრა ი. შ-მ დამაყაჩაღაო’’. განაჩენში მითითებულია, რომ მოწმემ განაცხადა: ,,შეხედე მ., ისევ დამაყაჩაღეს მეორედო’’. მოწმე ჯ. უ-მ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ არც დაზარალებულებს და არც პოლიციას მისთვის არ უთქვამს, რომ ყაჩაღობა ჩადენილი ჰქონდა ი. შ-ს, მისივე თქმით: ,,ამის შესახებ გაიგო ახლახან’’.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ი. შ-ს დაკავების მეორე დღიდან ჰყავდა ადვოკატი. დაცვის მხარეს გამოძიების მიმდინარეობის დროს სრულად გადაეცა სისხლის სამართლის საქმის მასალები. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ ნ. მ-ს ი. შ-ა ფოტოსურათით უკვე ამოცნობილი ჰყავდა 2015 წლის 6 დეკემბერს, 00:13 საათისთვის, ხოლო ი. შ-ა დააკავეს იმავე დღეს, 00:35 საათზე, ანუ ვიდრე კ. მ-ს ჩაუტარდებოდა ი. შ-ს ფოტოსურათით ამოცნობა, გამოძიებას მის მიმართ უკვე ჰქონდა ნ. მ-ს ჩვენება და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი. შესაბამისად, არანაირი მიზეზი არ არსებობდა, რომ გამომძიებელს ი. შ-ს პირის ამოცნობის ოქმები არ წარედგინა. ი. შ-მ დაკავებისთანავე განაცხადა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე უარი. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გ. მ-მაც, რომელიც ფაქტობრივად დანაშაულის ჩადენისთანავე დააკავეს, უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე და სწორედ ამ მიზეზით ჩატარდა მათთან ფოტოსურათით ამოცნობა.

რაც შეეხება იმის მტკიცებას, რომ თითქოს დაზარალებულებს ადრე არ ჰყავდათ ი. შ-ა ნანახი, ესეც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ორივე დაზარალებულმა განაცხადა, რომ საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ი. შ-ა დედასთან მაღაზიაში მიდიოდა და ამის საპირისპიროდ სასამართლოში დაცვის მხარეს არაფერი წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ თითქოს ი. შ-ს პირადი ჩხრეკისას არავითარი კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოუღიათ და საქმეში წარმოდგენილი დანა მისი პირადი ჩხრეკისას არ ამოუღიათ. 1-ლი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ი. შ-ს 2015 წლის 6 დეკემბრის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ აღნიშნულ დღეს, 20:35 წუთზე, ი. შ-ა დააკავეს თბილისში, ….. მე-…..კვარტალში, …..-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მისგან ამოიღეს დასაკეცი დანა - ნაცრისფერ-სტაფილოსფერი ტარით, რომლის პირზეც აღინიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. აღნიშნული დანა მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა N…..ლუქით. აღნიშნული ოქმის სისწორე დაადასტურეს უშუალოდ ჩხრეკაში მონაწილე პირებმა - ს. ბ-მ და ნ. ს-მ. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტიზის 2015 წლის 8 დეკემბრის N….. დასკვნის თანახმად, ი. შ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

1-ლი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას ი. შ-ა წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს სხდომის თავჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის გამო გააძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან. საქართველოს სსსკ-ის 85-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებულად ითვლება იმავე ინსტანციის სასამართლოში ამ ბრალდების საქმის განხილვის დასრულებამდე. აღნიშნული მუხლი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებული ბრალდებულის სავალდებულოდ ყოფნას მიიჩნევს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოცხადებისას და არა საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას, მით უმეტეს, თუ ის გაძევებულია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ი.შ-ს ინტერესები არ დარღვეულა.

სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა დაცვის მხარეს მოწმეების - პ. პ-ს, გ. ფ-სა და ი. ც-ს ჩვენებების შეფასებასთან დაკავშირებით, რადგან ის კონტექსტიდან ამოვარდნილია და ამასთან, გავლენას ვერ ახდენს აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. აპელანტი მათი ჩვენებების სანდოობისთვის ერთმანეთს ადარებს მოწმეების მიერ გამოძიებასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მის მიერ მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა გამო... მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამივე მოწმემ გამოძიებაში განაცხადა, რომ გ. მ-ი თვალთახედვის არედან არ დაუკარგავთ. იმავე ჩვენებებში მართლაც მითითებულია, რომ დევნისას მათ წამიერად დაკარგეს გ. მ-ი თვალთახედვის არედან, მაგრამ ეს გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ გ. მ-ი შევარდა მუსკომედიის თეატრის ეზოში, სადაც ბნელოდა.

1-ლი ინსტანციის სასამართლოში მოწმეებმა - პ. პ-მ და ი. ც-მ დეტალურად აღწერეს, თუ სად და რა ვითარებაში დაინახეს თავდამსხმელები, მათი დადევნების პროცესი და გ. მ-ს დაკავების მომენტი. პ. პ-მ კატეგორიულად მიუთითა, რომ ვისაც მისდევდნენ, სწორედ ის პირი დააკავეს (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 17.06.16-12:08:01). ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე გ. ფ-მაც.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ გ. მ-ს პირადი ჩხრეკისას არ აღმოაჩნდა არც დანა და არც იარაღი, მოწმე ი. ც-ს განმარტებით, …..თეატრის ეზოში ბნელოდა და არ გამორიცხავს, რომ გ. მ-მ დანა და ნიღაბი თავიდან მოიშორა. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ მსჯავრდებულს დაკავებისას აღმოაჩნდა შავი ხელთათმანები, რომლებზეც თავიანთ ჩვენებებში მიუთითებენ დაზარალებულები – კ. და ნ. მ-ები.

ამასთან, სინამდვილეს არ შეეფერება დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გ. მ-ი დაზარალებულებს პოლიციის შენობაში აჩვენეს და შემდეგ ჩაატარეს ფოტოსურათით ამოცნობა.

კ. მ-ს სასამართლოში არ უთქვამს, რომ გ. მ-ი პოლიციაში ნიღბის გარეშე ნახა და შემდეგ ამოიცნო ფოტოსურათზე. დაზარალებულმა განმარტა: „ პირველად ამოვიცანი დაბალი (გ. მ-ი), რომელიც თავს დამესხა. ფოტოს ამოცნობის შემდეგ გამახსენდა, რომ ის ერთი დღით ადრე მაღაზიაში იყო შემოსული“ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 04.07.16 – 12:01:99). კითხვაზე: „შეძელით თუ არა მათი ამოცნობა?“ დაზარალებული პასუხობს:“ რა თქმა უნდა, მაშინვე, მე ხომ მათ სახეებს შევხედე“ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 04.07.16 – 12:00:54). ადვოკატის შეკითხვაზე: „ვისგან შეიტყვეთ მათი დაკავება?“ დაზარალებული პასუხობს: „პოლიციაში გავიგე მისი დაკავების შესახებ. მე ხომ მის სახეს შევხედე და შემდეგ ფოტოსურათზეც ამოვიცანი, მერე გამახსენდა, რომ ერთი დღით ადრე მაღაზიაში იყო შემოსული“ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 04.07.16-12:16:05).

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაზარალებულის ეს ფრაზები, მისი ჩვენების შინაარსიდან გამომდინარე, ცალკე არ უნდა იქნეს განხილული და არ უნდა შეფასდეს ისე, რომ თითქოს მან მსჯავრდებული პოლიციის შენობაში ნიღბის გარეშე ნახა, რასაც, თავის მხრივ, ადასტურებს ადვოკატის შეკითხვაზე „ამის შემდეგ ხომ არ გინახავთ გ. მ-ი?“ მისივე პასუხია: „გ. მ-ი არც პოლიციის შენობაში და არც სხვაგან მე არ მინახავს“ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 04.07.16-12:17:08). ამდენად, დაზარალებულ კ. მ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ გ. მ-ი მას პოლიციის შენობაში არ უნახავს და მისი ჩვენების არცერთ ნაწილში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის პოზიცია შპს ,,…..’’ სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერებთან დაკავშირებით სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რადგანაც დაზარალებულები – ა. ბ-ი და ი. გ-ი თავიანთ ჩვენებებში უთითებენ, რომ თავდამსხმელები იყვნენ ნიღბებით. ი. გ-ი განმარტავს, რომ როდესაც დაბალ პიროვნებას (გ. მ-ს) კარი მოხვდა, სახეზე ნიღაბი ,,მოეჩაჩა’’ და რამდენიმე წამი ნიღაბი ჰქონდა აწეული, ხოლო ა. ბ-ი უჩვენებს, რომ გარეთ, სადაც მოხდა თავდასხმა, კამერები არ აყენია და მაშინ თავდამსხმელებს ნიღაბი არ ეკეთათ. სწორედ ამ დროს დაინახა ისინი სახეზე. 1-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულია არა ის, რომ შპს ,,…..’’ შიდა პარამეტრის სამეთვალყურეო ვიდეოჩანაწერებში აღბეჭდილია გ. მ-ი, არამედ ის, რომ ა. ბ-სა და ი. გ-ს მიერ აღწერილი გარემოებები შეესაბამება ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმს, ასევე – შიდა პარამეტრების სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერებს, რაც რეალურად დასტურდება.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, როდესაც განაჩენში დაზარალებულის ჩვენებები ვიდეოჩანაწერებთან მიმართებით მხოლოდ მომხდარი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების კუთხით არის განხილული და ამასთან, ვიდეოჩანაწერებში აღბეჭდილი თავდამსხმელები ნიღბებით არიან, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება აზრს კარგავს და, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების არაავთენტურობის მტკიცება საფუძველს მოკლებულია.

სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის პოზიცია გ. მ-ს უდანაშაულობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებით პალატამ ყურადღება გაამახვილა 2016 წლის 25 თებერვლის ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვით: ,,გ.მ-ს ჯინსის შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი და ა. ბ-ს გენეტიკური პროფილი იდენტურია’’, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება მსჯავრდებულ გ. მ-ს შპს ,,…..’’ დაყაჩაღებაში მონაწილეობის ფაქტი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მტკიცება, რომ თითქოს თ. ბ-ს პოლიციის შენობაში წინასწარ აჩვენეს გ. მ-ი და შემდეგ ამოაცნობინეს. 1-ლი ინსტანციის სასამართლოში მოწმე თ. ბ-ს არ უთქვამს, რომ გ. მ-ი პოლიციაში ნახა და შემდეგ ამოიცნო. ამ კუთხით კითხვაც არ დაუსვამთ მისთვის. მისი განმარტებით, როდესაც ორი პირი ჩაუჯდა მანქანაში, მათ ნიღბები შემდეგ ჩამოიფარეს და ამ დროს მას ჰქონდა 4-5 წამი იმისათვის, რომ წინ მჯდომი პირის სახე დაენახა. მან კატეგორიულად განაცხადა, რომ მის მიერ ამოცნობილი პირი არის გ. მ-ი, რომლის სახელი და გვარი გაიგო ამოცნობის ოქმიდან.

1-ლი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა თ. რ-მ დაადასტურა 2015 წლის 4 დეკემბერს მასზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი და განმარტა, რომ ერთმა თავდამსხმელმა დაიჭირა, ხელი მოხვია კისერზე, ყელზე ბასრი საგანი მიადო და მოსთხოვა თანხის მიცემა. ამ დროს სახურავიდან ჩამოხტა მეორე პირი. ორივეს ნიღაბი ეკეთა. დაბალმა პირმა (გ. მ-მ) ,,ვერ ვსუნთქავო და ნიღაბი აიწია, მეორე, რომელსაც დანა მიადო კისერზე, ჩამოუწია და უთხრა: ,,რას შვები, შე ჩემაო“ და ნიღაბი ჩამოუწია. როგორც მოწმე უთითებს, მას 5-6 წამი ჰქონდა, რომ მისი სახე დაენახა. თ. რ-მ დეტალურად აღწერა, თუ რა ნიშნებით ამოიცნო გ. მ-ი, კერძოდ, საშუალოზე ოდნავ გრძელი ცხვირით, წვრილი წარბებით, რომელიც გადაბმული არ ჰქონია, თხელი ტუჩებით. მისივე განმარტებით, მას ულვაშები არ ჰქონდა (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 13.06.16 – 16:18:45). სახის ასეთ მოყვანილობას მოწმე სიბნელის შემთხვევაში ვერ დაიმახსოვრებდა. მანვე დაადასტურა გ. მ-ს სურათებით ამოცნობის ფაქტი. ანალოგიური ჩვენება მისცა და გ. მ-ს ამოცნობის ფაქტი დაადასტურა მოწმე გ. მ-მ. რაც შეეხება ლ. ს-ს, მან დაადასტურა მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი, თუმცა იმის გამო, რომ არ შეუხედავს გ. მ-თვის სახეზე, განაცხადა, რომ ვერ ამოიცნობდა. ამასთან, სამივე მოწმემ კატეგორიულად განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილი განათებული იყო. შემთხვევის ადგილი რომ განათებული იყო, დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ვიდეოჩანაწერებით, ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თ. რ-სა და გ. მ-ს ჩვენებების თანახმად, ისინი ნახევარ მეტრში იდგნენ თავდამსხმელებისგან. ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მტკიცება, რომ თითქოს 1-ლი ინსტანციის სასამართლოში ვერ წარმოადგინეს ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ. მ-ს ბრალეულობას სს ,,…..’’ დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით.

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჩ-მ, მსჯავრდებულმა გ. მ-მ და მსჯავრდებულ ი. შ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. უ-მ.

მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ჩ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. მ-ს გამართლებას. კასატორის მოსაზრებით, განაჩენი უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელია.

მსჯავრდებული გ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას. კასატორის მოსაზრებით, განაჩენი უკანონოა, საქმეში წარმოდგენილი ტკიცებულებები არასწორად შეფასდა.

მსჯავრდებულ ი. შ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. უ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (ნ. და კ. მ-ს ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში და ი. შ-ს გამართლებას. კასატორის მოსაზრებით, განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან; სასამართლოს არ გამოუკვლევია მთელი რიგი გარემოებები, რომლებითაც შესაძლებელი გახდებოდა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლებისთვისაც ი. შ-სა და გ. მ-ს მსჯავრი დაედოთ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ.#789აპ-09;207აპ-13;321აპ-14).

8. განსახილველ შემთხვევაში კასატორები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ მსჯავრდებულების - ი. შ-სა და გ. მ-ს ქმედებების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (ნ. და კ. მ-ების ეპიზოდი) დაკვალიფიცირების ნაწილში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ მიიჩნია დადასტურებულად, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს მათთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულები. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება საპროცესო ნორმათა სრული დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

9. პალატა მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, §32). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-ს, მსჯავრდებულ გ. მ-სა და მსჯავრდებულ ი. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. უ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი