საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.05.2018
საქმის ნომერი
2კ-623აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №623აპ-17 ქ. თბილისი

გ-ა მ., 623აპ-17 1 მაისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით მ. გ-ა, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 163-ე მუხლით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; სსკ-ის 1621-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

მ. გ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 3 ნოემბრიდან - 2017 წლის 27 ივნისის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

პირობითი მსჯავრის პერიოდში, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მ. გ-ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. აღნიშნული განაჩენით მ. გ-ს მსჯავრი დაედო: საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლაში, რამაც არჩევნების პროცესის ჩაშლა გამოიწვია; არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე კენჭისყრის შენობაში და საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ძალადობაში, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 8 ოქტომბერს იმართებოდა საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები. …..რაიონის სოფელ …..№…..-ე საარჩევნო უბანზე 2016 წლის 8 ოქტომბერს, 20:00 საათზე, დასრულდა ხმის მიცემის პროცესი, დაიხურა საარჩევნო უბანი და დაიწყო ხმების დათვლის პროცედურა. დაახლოებით 23:30 საათზე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ საარჩევნო ბიულეტენების დათვლისას, მ. გ-ა თანმხლებ პირებთან ერთად შეიჭრა №…..-ე საარჩევნო უბანში, სადაც ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იქ მყოფ საარჩევნო კომისიის წევრებს, რის შემდეგ შეამჩნია, რომ ერთ-ერთი უცხოელი დამკვირვებელი, კერძოდ, პ. მ-ი მობილური ტელეფონით იღებდა ვიდეოს და შებოჭა იგი. მისი თანმხლები პირები ცდილობდნენ პ. მ-თვის მობილური ტელეფონის წართმევას. მ. გ-ს აღნიშნული ქმედებით ხელი შეეშალა საარჩევნო კომისიის მუშაობას, რამაც №…..-ე უბანში არჩევნების ჩაშლა გამოიწვია.

2016 წლის 8 ოქტომბერს იმართებოდა საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები. …..რაიონის, სოფელ …..№…..-ე საარჩევნო უბანზე 2016 წლის 8 ოქტომბერს, 20:00 საათზე დასრულდა ხმის მიცემის პროცესი, დაიხურა საარჩევნო უბანი და დაიწყო ხმების დათვლის პროცედურა. დაახლოებით 23:30 საათზე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ საარჩევნო ბიულეტენების დათვლისას, მ. გ-ა თანმხლებ პირებთან ერთად შეიჭრა №…..-ე საარჩევნო უბანში, სადაც ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იქ მყოფ საარჩევნო კომისიის წევრებს, რის შემდეგ შეამჩნია, რომ ერთ-ერთი უცხოელი დამკვირვებელი, კერძოდ, პ. მ-ი მობილური ტელეფონით იღებდა ვიდეოს და შებოჭა იგი. მისი თანმხლები პირები ცდილობდნენ პ. მ-თვის მობილური ტელეფონის გამორთმევას. მანვე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა უცხოელ დამკვირვებელ პ.ბ-ს, კერძოდ, როცა პ.ბ-ა დაცემის თავიდან ასაცილებლად დაეყრდნო მას, მის მოსაცილებლად იდაყვი ჩაარტყა შუბლის არეში, რითაც მან ფიზიკური ტკივილი განიცადა.

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ. აპელანტმა ითხოვა მსჯავრდებულ მ. გ-ს მიმართ შეფარდებული პირობითი სასჯელის გაუქმება და თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეაფასა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოთხოვნები და მიიჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ. გ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის შეფარდებისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

6. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ. კასატორი საჩივრით ითხოვს მ.გ-ს მიმართ შეფარდებული პირობითი სასჯელის გაუქმებასა და თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს პირობითი მსჯავრის გაუქმებას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან მიაჩნია, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებით, ისე - მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლებით და ისე განუსაზღვრა მსჯავრდებულ მ. გ-ს სამართლიანი სასჯელი.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი