საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.05.2018
საქმის ნომერი
2კ-624აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№624აპ-17 ქ. თბილისი

ი. მ. 624აპ-17 7 მაისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, ნინო გვენეტაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ი-ს, მსჯავრდებულ მ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ტ-ის, მსჯავრდებულ ლ. ა-ის, მსჯავრდებულ ლ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ის, მსჯავრდებულ ლ. ა-ის ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ვ. ა-ისა და მ. პ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივლისის განაჩენით მ. ფ.მ. ი., . ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, ხოლო სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით მ. ი-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2014 წლის 2 დეკემბრიდან.

ლ. კ.ი. ა-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რომლის მოხდა აეთვალა 2014 წლის 2 დეკემბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ფ.მ. ი-მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ქონების დაუფლება მოტყუებით და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება; ხოლო ლ. კ.ი. ა-მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ქონების დაუფლება მოტყუებით.

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2013 წლის 29 ივლისს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ დარეგისტრირდა შპს „ჰ--“ (ს/კ 4--------), რომლის 100%-იანი წილის მფლობელად და დირექტორად აღირიცხა მ. ფ.მ. ი. კომპანიის იურიდიულ მისამართად მიეთითა თბილისი, ბ--, ხოლო საქმიანობის საგნად განისაზღვრა ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული კანონით. შპს „ჰ---ს“ დაფუძნების შემდეგ, 2013 წლის 5 აგვისტოს, მ. ფ.მ. ი-მა სს „ბ.–-“ კომპანიისა და თავის სახელზე გახსნა საბანკო ანგარიშები და საზოგადოების საქმიანობის ძირითად საგნად, რათა შემდგომში გაადვილებოდა წინასწარ მოფიქრებული დანაშაულებრივი სქემის განხორციელება, მიუთითა სხვადასხვა ფიზიკური პირისათვის ტურისტული მომსახურების გაწევა. ამავე მიზნით, 2013 წლის 18 ოქტომბერს, ვითომდა კლიენტთა მოთხოვნის შესაბამისად, ავიაბილეთებისა და სასტუმროების ნომრების დასაჯავშნად, მ. ფ.მ. ი-მა სს „ბ----- “ განცხადების საფუძველზე შპს „ჰ---ის“ სახელზე აიღო POS ტერმინალი, რომლითაც გადახდა შესაძლებელი იყო პლასტიკური ბარათის გარეშე, ინტერნეტით, ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით მიღებული შეკვეთების მიხედვით, მხოლოდ და მხოლოდ პლასტიკური ბარათის მონაცემების შეტანით.

შპს „ჰ---ს“ დარეგისტრირებისა და სს „ბ---- “ ვითომდა კლიენტთა მოთხოვნის შესაბამისად სასტუმროების ნომრების დაჯავშნის მიზნით, POS ტერმინალების აღების შემდეგ, მ.ფ.მ. ი-ს განზრახული ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლება და შემდგომში მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის ასარიდებლად, 2014 წლის 1 აპრილს ფორმალურად გააფორმა ხელშეკრულება შპს „ჰ---ს“ 100%-იანი წილის 30 000 ლარად დათმობის შესახებ და სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელად და დირექტორად დარეგისტრირდა ეგვიპტის მოქალაქე ა. ქ.ა. ი. მ-ი, თუმცა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ღირებულების დაფარვა დღემდე არ მომხდარა, ვინაიდან აღნიშნული გარიგება ატარებდა ფორმალურ ხასიათს და განხორციელდა მ. ფ.მ. ი-ს მიერ წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის შენიღბვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა და განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით.

შპს „ჰ---ს“ 100%-იანი წილის ეგვიპტის მოქალაქე ა. ქ. ა. ი. მ-ზე ფორმალურად გადაფორმების შემდეგ, მ. ფ.მ. ი., დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, სს „ბ–- “ შპს „ჰ--“-ს სახელზე აღებული POS ტერმინალების გამოყენებით დანაშაულებრივად მოპოვებული სხვადასხვა ფიზიკური პირის პლასტიკური ბარათების მონაცემები შეჰყავდა ბარათის რეალურ მფლობელთა ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ ახდენდა პლასტიკური ბარათებიდან, ვითომდა ამ უკანასკნელთა მიერ დაჯავშნული სასტუმროების ღირებულებისათვის საჭირო თანხების ჩამოჭრას, წინასწარ დარეგისტრირებული ზემოაღნიშნული კომპანიის სს „ბ-–-“ გახსნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვას და რამდენადაც შპს „ჰ-ზე“ გაცემული POS ტერმინალი წარმოადგენდა სს „ბ–--ას“ საკუთრებას, პლასტიკური ბარათის მონაცემების შეყვანისა და ბარათის მფლობელის ანგარიშიდან ჩამოსაჭრელი თანხის ოდენობის მითითების შემდეგ, შპს „ჰ---ს“ სს „ბ–-“ გახსნილ საბანკო ანგარიშებზე თანხას ურიცხავდა სს „ბ---“, როგორც POS ტერმინალის მესაკუთრე. საბანკო ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის შემდეგ მ.ფ.მ. ი-მა შპს „ჰ---ს“ ფორმალურ მფლობელსა და დირექტორს - ეგვიპტის მოქალაქე ა. ქ. ა. ი. მ-ს, კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან 2014 წლის 22 აპრილს ნაღდი ფულის სახით გამოატანინა 290 000 ლარი, თანხის ნაწილი კი საწარმოს ბუღალტერიიდან ამ უკანასკნელზე გაიცა სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულებით, რომელიც ქ. ა. ი. მ-მა გადასცა მ. ი-ს. სულ 2014 წლის 2 აპრილიდან 2014 წლის 23 აპრილის ჩათვლით, მ. ფ.მ. ი. სს „ბ–--ის“ POS ტერმინალების გამოყენებით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ 533 555 ლარს, რის შედეგადაც სს „ბ–--ას“ მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

მ. ფ.მ. ი. ეტაპობრივად ახდენდა რა მართლსაწინააღმდეგოდ და მოტყუებით, სხვისი კუთვნილი ქონების დაუფლებას, განიზრახა უკანონოდ მიღებული დიდი ოდენობით ფულადი თანხებისათვის მიეცა კანონიერი სახე და მოეხდინა მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა. კერძოდ: შპს „ჰ---ს“ 100%-იანი წილის ეგვიპტის მოქალაქე ა. ქ.ა. ი. მ-ზე ფორმალურად გადაფორმებისა და ეტაპობრივად სს „ბ---“ შპს „ჰ---ს“ სახელზე აღებული POS ტერმინალების გამოყენებით სხვადასხვა ფიზიკურ პირთა ბარათებიდან მათი ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ თანხების დაუფლების შემდეგ, ა. ქ.ა. ი. მ-ს მ. ფ.მ. ი-ს მითითებით სს „ბ-–-“ გახსნილი შპს „ჰ---ს“ საბანკო ანგარიშებიდან ეტაპობრივად გამოჰქონდა დანაშაულებრივად მოპოვებული დიდი ოდენობით ფულადი თანხები და აძლევდა ამ უკანასკნელს. მ. ფ.მ. ი-მა დანაშაულებრივად, მართლსაწინააღმდეგოდ და უკანონოდ მოპოვებული თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემის, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, მასზე საკუთრების უფლების დამალვისა და შენიღბვის მიზნით, თაღლითურად დაუფლებული თანხებიდან 2014 წლის აპრილში 110 000 ლარი შეიტანა მის მიერვე დაფუძნებულ შპს „ჰ---სა“ და თავის პირად საბანკო ანგარიშებზე. კერძოდ, 2014 წლის 8 აპრილს შპს „ჰ------–-----ს“ თანამშრომელ ნათია ვაშაკიძეს გადასცა და შპს „ჰ--ს“ საბანკო ანგარიშზე შეატანინა 20 000 ლარი, რომლის დანიშნულებად მიეთითა „დამფუძნებლის შენატანი მ. ფ.მ. ი------სათვის“. 2014 წლის 17 აპრილს მ. ფ.მ. ი-----მა შპს „ჰ------–-----ს“ საბანკო ანგარიშზე პირადად შეიტანა 20 000 ლარი, 23 აპრილს კი - 50 000 ლარი. ორივე შემთხვევაში დანიშნულებაში მიეთითა „დამფუძნებლის შენატანი“. 2014 წლის 23 აპრილსვე მ. ფ.მ. ი-მა თაღლითურად დაუფლებული თანხებიდან 20 000 ლარი შეიტანა სს „ბ-–-“ გახსნილ თავის პირად ანგარიშზე. მ. ფ.მ. ი-ს მიერ სს „ბ-–-“ ზემოაღნიშნული თანხების შეტანას წინ უძღოდა ა. ქ. ა. ი. მ-ის მიერ შპს „ჰ---ს“ საბანკო ანგარიშებიდან თანხების გამოტანა და მ. ფ.მ. ი-სათვის გადაცემა. აღნიშნული ქმედებით მ. ფ.მ. ი-მა განახორციელა რა ფინანსური ტრანზაქცია, შპს „ჰ--სა“ და თავისი პირადი საბანკო ანგარიშების გამოყენებით მოახდინა მის მიერ თაღლითურად დაუფლებული თანხებიდან 110 000 ლარის ლეგალიზაცია, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, მასზე საკუთრების უფლების დამალვა-შენიღბვა და, შესაბამისად, მისთვის კანონიერი სახის მიცემა.

მ. ფ.მ. ი. განაგრძობდა დანაშაულებრივ საქმიანობას და 2014 წლის 2 ივნისს შპს „ჰ------–-----ს“ ოფის მენეჯერ ე. ბ-ს სს „ლ-ში“ გაახსნევინა საბანკო ანგარიშები, რომლებითაც სარგებლობდა თავად ფ.მ. ი. და საბანკო ანგარიშებს იყენებდა სწორედ მართლსაწინააღმდეგოდ და თაღლითურად დაუფლებული თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემის, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროსა და მასზე საკუთრების უფლების დამალვისა და შენიღბვის მიზნით. კერძოდ, მ. ფ.მ. ი-მა ე. ბ-ს მისსავე სახელზე სს „ლ-ში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე შესატანად გადასცა 47 200 ლარი, რომელიც ე. ბ-მა, მ ფ.მ. ი-ს დავალებით, სამ ეტაპად შეიტანა - 2014 წლის 2 ივნისს მის მიერ სს „ლ-ში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე შეიტანა 30 000 ლარი, 7 აგვისტოს - 10 000 ლარი, ხოლო 4 სქტემბერს - 7 200 ლარი. 2014 წლის 29 სექტემბერსა და 21 ოქტომბერს მ.ფ.მ. ი-მა ე. ბ-ს ასევე გადასცა 5 000 და 3 000 აშშ დოლარი (14 035 ლარი), რომელიც მან შეიტანა თავისავე სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე ორ ეტაპად, თუმცა სს „ლ-ში“ გახსნილ ე. ბ-ის საბანკო ანგარიშებით რეალურად სარგებლობდა მ. ფ.მ. ი. და იყენებდა მათ მართლსაწინააღმდეგოდ და თაღლითურად დაუფლებული თანხებისათვის კანონიერი სახის მისაცემად, აგრეთვე ხსენებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროსა და მასზე საკუთრების უფლების დამალვისა და შენიღბვის მიზნით.

ზემოაღნიშნული ქმედებებით მ. ფ.მ. ი-მა მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ და თაღლითურად დაუფლებული თანხებიდან 171 235 ლარისათვის კანონიერი სახის მიცემა, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

2013 წლის 16 დეკემბერს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ დარეგისტრირდა შპს „რ- “ (ს/კ 4--), რომლის 55%-იანი წილის მფლობელად და დირექტორად დაფიქსირდა ლ. კ.ი. ა-ი. კომპანიის იურიდიულ მისამართად მიეთითა თბილისი, მ I მიკრორაიონი, კორპუსი N-, ბინა N--, ხოლო საქმიანობის საგნად განისაზღვრა ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული კანონით. შპს „რ-ის“ დარეგისტრირების შემდეგ, ლ. კ.ი. ა-მა თავისი მეგობრის მ. ფ.მ. ი-ს რეკომენდაციით სს „ბ-“ კომპანიისა და თავის სახელზე გახსნა საბანკო ანგარიშები და საზოგადოების საქმიანობის ძირითად საგნად, რათა შემდგომში გაადვილებოდა წინასწარ მოფიქრებული დანაშაულებრივი სქემის განხორციელება, მიუთითა სხვადასხვა ფიზიკური პირისათვის ტურისტული მომსახურების გაწევა. ამავე მიზნით, 2014 წლის 12 მარტს, ვითომდა კლიენტთა მოთხოვნის შესაბამისად, ავიაბილეთებისა და სასტუმროების ნომრების დასაჯავშნად, ლ. კ.ი. ა-მა სს „ბ-- “ განცხადების საფუძველზე შპს „რ-ის“ სახელზე აიღო POS ტერმინალი, რომლითაც გადახდა შესაძლებელი იყო პლასტიკური ბარათის გარეშე, ინტერნეტით, ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით მიღებული შეკვეთების მიხედვით, მხოლოდ და მხოლოდ პლასტიკური ბარათის მონაცემების შეტანით.

შპს „რ-ის“ დარეგისტრირებისა და სს „ბ-“ ვითომდა კლიენტთა მოთხოვნის შესაბამისად სასტუმროების ნომრების დაჯავშნის მიზნით, POS ტერმინალების აღების შემდეგ, ლ. კ.ი.ა-ს განზრახული ჰქონდა რა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლება, კომპანიაში რეალურად მიღებული ჯავშნების პარალელურად, სს „ბ-- “ შპს „რ-ის“ სახელზე აღებული POS ტერმინალების გამოყენებით დანაშაულებრივად მოპოვებული სხვადასხვა ფიზიკური პირის პლასტიკური ბარათების მონაცემები შეჰყავდა ბარათის რეალურ მფლობელთა ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ ახდენდა პლასტიკური ბარათებიდან, ვითომდა ამ უკანასკნელთა მიერ დაჯავშნული სასტუმროების ღირებულებისათვის საჭირო თანხების ჩამოჭრას და წინასწარ დარეგისტრირებული ზემოაღნიშნული კომპანიის სს „ბ–-“ გახსნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვას და რამდენადაც შპს „რ-ზე“ გაცემული POS ტერმინალი წარმოადგენდა სს „ბ-ის“ საკუთრებას, პლასტიკური ბარათის მონაცემების შეყვანისა და ბარათის მფლობელის ანგარიშიდან ჩამოსაჭრელი თანხის ოდენობის მითითების შემდეგ, შპს „რ-“-ს საბანკო ანგარიშებზე თანხას ურიცხავდა სს „ბ-“, როგორც POS ტერმინალის მესაკუთრე. სულ, 2014 წლის 15 მარტიდან 2014 წლის 20 აპრილამდე პერიოდში, ლ. კ.ი. ა-მა სს „ბ-“ აღებული POS ტერმინალების გამოყენებით, ქონებრივი სარგებლის მოტყუებით მიღების მიზნით, განახორციელა 55 უკანონო ტრანზაქცია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ 81 994,44 ლარს, რის შედეგადაც სს „ბ--ას“ მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულმა მ. ი-მა, მსჯავრდებულ მ. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ტ-ემ, მსჯავრდებულმა ლ. ა-მა, მსჯავრდებულ ლ. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. გ-მა, მსჯავრდებულ ლ. ა-ის ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა - ვ. ა-ემ და მ. პ–მა.

მსჯავრდებული მ. ფ.მ. ი. და მისი ადვოკატი ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებათა გამო: წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა და არ ემყარება მტკიცებულებებს. მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან დაკავებიდან 4 თვის შემდეგ დაენიშნა ადვოკატი, მისი მხრიდან წარდგენილი არცერთი დოკუმენტი არ ყოფილა მიღებული, არ გადასცემია მტკიცებულებები, უსაფუძვლოდ გაერთიანდა მ. ფ.მ. ი-სა და ლ. კ.ი. ა-ის საქმეები. საქმეში წარმოდგენილია „ჩარჯბექები“, თუმცა არ არის დაკითხული არცერთი ამ საჩივრის გამომგზავნი პირი და წარმომავლობა დაუდგენელია. 2014 წლის აპრილში, მ. ფ.მ. ი-მა გაასხვისა შპს „ჰ--“, მესაკუთრეს გადასცა POS ტერმინალები და დიჯიპასი, ა/გამომდინარე, მსჯავრდებულისთვის უცნობია შემდეგ განვითარებული მოვლენები. ა. ქ. ა. ი. მ-ის ჩვენება არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული, რადგან სწორედ აღნიშნული პირი იყო კომპანიის მესაკუთრე და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, იგი ეცადა სხვისთვის დაებრალებინა დანაშაული. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, ისინი დამყარებულია მხოლოდ ეჭვებსა და ვარაუდებზე და არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს. კერძოდ: ვიდეომასალით არ დასტურდება, რომ მ. ი. თანხის გამოტანისას თან დაჰყვებოდა ა. ქ–ს. ჩანაწერში არ ჩანს არც ავტომანქანის ნომერი და არც თავად მსჯავრდებული. თავად მსჯავრდებულმა დაადასტურა, რომ ორჯერ გაჰყვა ა. ქ–ს ბანკში მისივე თანხის - 30000 ლარის მისაღებად. „ჰ---ის“ გასხვისების შემდეგ, იმავე IP მისამართიდან შესვლა არ დასტურდება წერილობითი მტკიცებულებებით. ძველი IP მისამართიდან შესვლა განხორციელდა მხოლოდ 4 აპრილს, რაც გამოწვეული იყო ახალი მესაკუთრის მიერ მ. ი-ს wifi-ს გამოყენებით. ბანკის თანამშრომლებმა არ იციან, თუ რომელმა პირმა შეასრულა ტრანზაქცია - ძველმა მფლობელმა თუ ახალმა, ისინი ყვებიან სხვის გაგონილს, მათ შორის -ა-ის ინფორმაციას „ბ “ შესახებ. თემატური რევიზიის აქტი არასწორად არის დათვლილი და შეჯამებული. მხედველობაში არ ყოფილა მიღებული სრული დოკუმენტაცია და ასევე არ ყოფილა გათვალისწინებული სხვადასხვა შემოსავალი და გასავალი (ვრცლად იხ. საკასაციო საჩივრები).

მსჯავრდებული ლ. კ.ი. ა-ი და მისი ადვოკატები ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ლ. ა-ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში. გამოძიება ჩატარებულია არასრულყოფილად, საქმეზე არ დაკითხულან ბარათის მფლობელი პირები, ასევე „იქსპედიას“ წარმომადგენლები. ბრალდება ემყარება 55 ,,ჩარჯბექს“, რაც თანხობრივად შეადგენს 81994 ლარს, თუმცა, ასეთი დოკუმენტი საქმეში მოიპოვება 2, ხოლო დანარჩენი 53 დოკუმენტი არ წარმოადგენს „ჩარჯბექს“, რადგან არცერთ დოკუმენტში არ არის თანხის მოთხოვნა და არც ის არის მითითებული, რომ ჩადენილია თაღლითობა. აღნიშნული დოკუმენტაციიდან ნახევარზე მეტში მითითებულია დამკვეთის ვინაობა, რომლებიც ნამდვილად იყვნენ ჩამოსულები თბილისში და ცხოვრობდნენ მსჯავრდებულის მიერ დაქირავებულ სასტუმროში. მოწმეთა ჩვენებები პიდაპირ არ მიუთითებენ ლ---- ა-–-----ის ბრალეულობაზე. ბანკსა და მსჯავრდებულს შორის არსებული დავა სამოქალაქო დავას წარმოადგენდა, ხოლო ბანკმა თავისი გულგრილობით და დაუდევარი ქმედებით შეცდომაში შეიყვანა საგამოძიებო ორგანოები. ლ. ა-ის ბიზნესსაქმიანობა შეჩერდა ყოველგვარი კანონიერი მოთხოვნის გარეშე, ბანკის მიერ უკანონოდ გამოყენებული ფინანსური ბერკეტების მეშვეობით, რა დროსაც არ ყოფილა დაცული საბანკო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა. სასამართლომ მტკიცებულებად არ დაუშვა საქმესთან პირდაპირ დაკავშირებული და არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება და მსჯავრდებულისთვის მიუწვდომელი გახდა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. მტკიცებულებათა ნუსხაში არ მოიპოვება არცერთი სახის ობიექტური მტკიცებულება, საექსპერტო დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულებები, შესაბამისად, არ დაკითხულან ექსპერტები და სპეციალისტები, რომელთა კომპეტენტურ განმარტებებსაც დაეყრდნობოდა სასამართლო. ბანკისთვის ქონებრივი ზიანის მიყენების შესახებ საქმეში წარმოდგენილი არ არის არც რაიმე წერილობითი დოკუმენტი და არც საექსპერტო ანუ ფინანსურ-ბუღალტრული დასკვნა. არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ბანკმა ,,ჩარჯბექების“ ფული გადაურიცხა რომელიმე აპლიკანტს. როგორც ხელშეკრულებით, ასევე კანონით, ბანკი კლიენტის არანაირ რისკზე, ტრანზაქციაზე და ფინანსურ გადარიცხვებზე არ აგებს პასუხს და არც ასეთი ვალდებულება გააჩნია მესამე პირებთან ურთიერთობაში. ასევე, სასამართლომ ვერ ახსნა და დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატა ლ.ა-ის მიერ ბანკის მოტყუება. სასამართლო შეცდომით მიიჩნევს 55 ტრანზაქციას ჩარჯბექად, თუმცა არ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა მისი უკანონობა. ბანკმა სცადა საკუთარი შეცდომების დაბრალება მსჯავრდებულებისთვის (ვრცლად იხ. საკასაციო საჩივრები).

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება მ. ი-სა და ლ. ა-ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

8. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა დაცვის მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი გახდებოდა, კასატორები არ უთითებენ.

9. პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ, (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECHR; 20.03.2009).

10. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს მ. ი-სა და ლ. ა-ის ბრალეულოს თაობაზე, არ მიიჩნევს მიზანშეწონილად საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვებას, დაცვის მხარის არგუმენტებზე განმეორებით მსჯელობის მიზნით.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ი-ს, მსჯავრდებულ მ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ტ-ის, მსჯავრდებულ ლ. ა-ის, მსჯავრდებულ ლ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ის, მსჯავრდებულ ლ. ა-ის ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ვ. ა-ისა და მ. პ–ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. გვენეტაძე