დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 08.12.2008
საქმის ნომერი
ას-964-1166-08
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.12.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-964-1166-08 8 დეკემბერი,2008 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ... სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,,ი...” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

... სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,ი...ს” მიმართ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საჯარიმო სანქციის _ 136224,02 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელესა და სს ,,ი...ს” შორის 2006 წლის 27 ივლისის დადებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მოპასუხეს 2006 წლის 25 აგვისტოს ... სამინისტროსათვის უნდა მიეწოდებინა სასკოლო ინვენტარი. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა ჩაბარების ფორმა და შესრულების ვადის გადაცილებისათვის საჯარიმო სანქცია _ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულების 0,5%-ის ანაზღაურება. 2006 წლის ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით სს ,,ი...მა” ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ, კერძოდ, მან სასკოლო ინვენტარი შეიტანა მხოლოდ 15 საჯარო სკოლაში, ხოლო, ხელშეკრულების თანახმად, მას ხსენებული ვალდებულება უნდა შეესრულებინა კიდევ 22 საჯარო სკოლის მიმართ, რაც არ განუხორციელებია. სს ,,ი...ს” 2006 წლის 22 ნოემბრის წერილის თანახმად, მან აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა ფორსმაჟორული გარემოების გამო, თუმცა მოვალეს დასახელებული გარემოება სათანადოდ არ დაუსაბუთებია, რის გამოც ... სამინისტრომ ხელშეკრულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა საჯარიმო თანხის ანაზღაურება, რამაც შეადგინა 136224,02 ლარი. სს ,,ი...მა” არც აღნიშნული ვალდებულება შეასრულა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება გამომდინარეობს ფორსმაჟორული გარემოებიდან, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, ასევე მისაწოდებელი საქონლის საქართველოში დაგვიანებით იმპორტის გამო, რაც სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევას. სარჩელზე დართული მიღება-ჩაბარების აქტებიდან ირკვევა, რომ ისინი გაფორმებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ. ასევე მითითებულია, რომ ჩაბარება განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. მხარეთა მიერ თავდაპირველად გათვალისწინებული ვადის დაუცველობას მოსარჩელისათვის არ მიუყენებია არავითარი ზიანი. ასევე აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების 10.2 მუხლის თანახმად, საჯარიმო სანქციის გამოყენება წარმოადგენს არა სავალდებულო პირობას, არამედ შემსყიდველის უფლებას. გარდა დასახელებული გარემოებისა, ხელშეკრულების თანახმად შესრულების ვადის გაგრძელება დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა. დასახელებული ხელშეკრულების 15.1 მუხლი ითვალისწინებს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უზრუნველყოფის გარანტიის შემსყიდველის მიერ გამოყენებას ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ. 10.5 მუხლის თანახმად, ვალდებულების შესრულების ვადის 10 დღეზე მეტი ხნით გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველი მიმწოდებელს არ უბრუნებს შესრულების უზრუნველმყოფ საბანკო გარანტიას. ის გარემოება, რომ დასახელებული გარანტია მოსარჩელის მიერ დაბრუნებულია, ადასტურებს სს ,,ი...ს” მიერ ნაკისრი ვალდებულების დროულად შესრულებას. თავად ფორსმაჟორული გარემოების გამო ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის პირობები ხელშეკრულების მე-19 მუხლითაა მოწესრიგებული და იგი საჯარიმო სანქციის გამოყენებისაგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ... სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად იქნა დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა 2008 წლის პირველ სექტემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით. დასახელებული გარემოებიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, ... სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა ჰქონდა 2008 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო მან სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა 2008 წლის 16 სექტემბერს _ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დაუცველად, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე საქართველოს ... სამინისტრომ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება ... სამინისტროს კანცელარიას ჩაბარდა 2008 წლის პირველ სექტემბერს და რეგისტრაციაში გატარდა 2 სექტემბერს. საქართველოში არსებული საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე 2008 წლის პირველი სექტემბრის სამუშაო დღის მეორე ნახევარი გამოცხადდა უქმედ, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება რეგისტრაციაში გატარდა 2 სექტემბერს, ხოლო გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ბოლო დღე არის 16 სექტემბერი. ამდენად, სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში იქნა შეტანილი და სააპელაციო სასამართლომ ... სამინისტროს უსაფუძვლოდ უთხრა უარი სააპელაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ... სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები ითვალისწინებს სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების წესს. სწორედ დასახელებული მუხლების საფუძველზე ხდება სასამართლო გადაწყვეტილებათა და სხვა საპროცესო დოკუმენტების მხარისათვის ჩაბარება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ადრესატისათვის სასამართლო უწყების (გზავნილის) ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ... სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 ივნისის დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2008 წლის პირველ სექტემბერს (ს.ფ. 192), შესაბამისად, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2 სექტემბრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად და სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ამოიწურა 2008 წლის 15 სექტემბერს.

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ ვინაიდან 2008 წლის პირველი სექტემბრის სამუშაო დღის მეორე ნახევარი გამოცხადდა უქმედ, საპროცესო ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო არა სასამართლო გზავნილის ჩაბარების დღიდან, არამედ მისი რეგისტრაციაში გატარებიდან _ 2008 წლის 2 სექტემბრიდან. როგორც ზემოთმითითებულ ნორმათა ანალიზი ცხადჰყოფს, საპროცესო ვადის ათვლა იწყება მხარისათვის სათანადო წესით გზავნილის ჩაბარებიდან და არა კონკრეტულ უწყებაში არსებული კორესპოდენციების რეგისტრაციის წესების შესაბამისად.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ 2008 წლის პირველი სექტემბრის მეორე ნახევარი გამოცხადდა უქმედ, აღნიშნული არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას, ვინაიდან მხარემ, როგორც ზემოთ აღინიშნა, გზავნილი ჩაიბარა 2008 წლის პირველ სექტემბერს, დღის პირველ ნახევარში, სამუშაო დროს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას, რის გამოც მიიჩნევს, რომ ... სამინისტროს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

... სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.