საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.05.2018
საქმის ნომერი
2კ-669აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №669აპ-17 ქ. თბილისი

დ-ი ლ., 669აპ-17 1 მაისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა სიგუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის განაჩენით ლ. დ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 25000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ლ. დ-ს სასჯელი, დაკავების ვადის გათვალისწინებით (2014 წლის 11 აპრილიდან - 2014 წლის 14 აპრილის ჩათვლით), შეუმცირდა და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 24500 ლარი.

განაჩენით ლ. დ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ლ. დ-ი მუშაობდა სააქციო საზოგადოება ,,…..ბანკის“ ….. ფილიალში ლომბარდის ექსპერტ-შემფასებლის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედიოდა სალომბარდე სესხების გაცემა, აგრეთვე დალომბარდებული ნივთების ღირებულების შეფასება. ლ. დ-მ გადაწყვიტა, მოტყუებით დაუფლებოდა ,,…..ბანკის“ დიდი ოდენობით ფულად თანხას, რისთვისაც დაუკავშირდა მეგობრებს - ლ. კ-ს, ვ. მ-ს, ვ. კ-ს, მ. ს-ს, ლ. ა-ს, ლ. და ლ. რ-ს, გ. მ-ს, რომლებიც დაარწმუნა, რომ მას ჰქონდა ოქროს ნივთები და აპირებდა მათ დალომბარდებას და სანაცვლოდ თანხის აღებას. მისი განმარტებით, ვინაიდან თვითონ იყო ბანკის თანამშრომელი და არ შეეძლო საკუთარ სახელზე გაეცა სესხი, ზემოხსენებულ პირებს სთხოვა, რომ აღნიშნულ ბანკთან გაეფორმებინათ სალომბარდე ხელშეკრულებები და მიღებული თანხა მისთვის გადაეცათ. სინამდვილეში ლ. დ-ს ოქროს ნივთები არ გააჩნდა. მან ზემოხსენებულ პირებზე, ასევე ნაცნობ მ. ი-ზე სხვადასხვა დროს გააფორმა სესხის ხელშეკრულებები ოქროს ნივთების უზრუნველყოფით. ოქროს ნივთების სანაცვლოდ კი ლ. დ-ი იაფფასიან ბიჟუტერიას იყენებდა, ამასთან, ვინაიდან დასალომბარდებელი ნივთის ღირებულების განსაზღვრა შედიოდა მის მოვალეობაში, ხელშეკრულებებში ბიჟუტერიას აფიქსირებდა როგორც ძვირად ღირებულ ოქროს სამკაულებს. საერთო ჯამში ლ. დ-მ 2013 წლის 14 დეკემბრიდან 2014 წლის 8 აპრილის ჩათვლით ზემოხსენებულ პირებთან გააფორმა 27 სესხის ხელშეკრულება, რა დროსაც სესხის ხელშეკრულებას ძვირადღირებული ოქროს ნივთების ნაცვლად უზრუნველყოფდა იაფფასიანი ბიჟუტერიით. აღნიშნული ხერხით ლ. დ-ი დაეუფლა ,,….. ბანკის“ კუთვნილ 109347 აშშ დოლარს. ლ. დ-ს დანაშაულებრივი ქმედებით სააქციო საზოგადოება ,,…ბანკს“ მიადგა 191150 ლარის (დიდი ოდენობა) მატერიალური ზიანი.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ და ითხოვა სასჯელის გამკაცრება.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა სიგუამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და ლ. დ-თვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. დ-ს ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. ამასთან, ორივე ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ლ. დ-ს, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს; ამასთან, ლ. დ-მ ცნო სამოქალაქო სარჩელი და მზადაა, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი), განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, სამართლიანია და არ არსებობს მისი დამძიმების საფუძველი.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა სიგუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი