საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№685აპ-17 ქ. თბილისი
კ. პ., 685აპ-17 18 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ პ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ზ. რ-სა და ლ. დ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივლისის განაჩენით პ. კ, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით პ. კ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 23 მარტიდან.
”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, პ. კ-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
პ. კ-მ ს-ში, ქ. ლ-ში ყოფნისას, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0.28 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ (მარილი) და 0.2719 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი,“ რაც ჟენევა-ვარშავა-თბილისის რეისით თბილისის აეროპორტის გავლით 2017 წლის 23 მარტს უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. 2017 წლის 23 მარტს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში პ. კ-ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს 0.28 - გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ შემცველი ქარხნული წესით დამზადების ნიშნების მქონე, ყავისფერი-თეთრით 7 კაფსულა და 0.2719 გრამი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი ქარხნული დამზადების ნიშნის მქონე, თეთრი, ოვალური ფორმის 31 ტაბლეტი, ერთი ტაბლეტი ჩამონატეხით და თეთრი, ერთ მხარეს ოვალური ფორმის 7 ტაბლეტის ნატეხი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ პ. კ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ზ. რ–მა და ლ. დ–მა ითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და პ. კ-ს გამართლება იმ მოტივით, რომ სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს შორის არსებობს წინააღმდეგობები და ნარკოტიკული საშუალება შსს თანამშრომლებმა მსჯავრდებულს ჩაუდეს; ყველა მოწმე, რომელიც პ. კ-ს მამხილებელ ჩვენებას იძლევა, შედეგით დაინტერესებული შსს თანამშრომელია; პ. კ. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ გაიყვანეს სხვა ოთახში, მას არ განუმარტეს უფლებები, არც ადვოკატის მიყვანაზე განუცხადეს თანხმობა და უთხრეს, რომ წარმოედგინა ნარკოტიკული საშუალება; პ. კ-მ გადაყლაპული ნარკოტიკების აღმოჩენისთანავე აღიარა მისი წარმომავლობა, რაც მეტყველებს მის გულწრფელ დამოკიდებულებაზე; კასატორის მითითებით, პ. კ-ს დაკავების დროდ უნდა ჩაითვალოს ის დრო, როდესაც მას შეეზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ე.ი როცა დაიწყეს მისი პირადი ჩხრეკა, რის გამოც მას კონსტიტუციითა და საერთაშორისო კანონმდებლობით განსაზღვრული ბრალდებულის უფლებების განმარტება 20 წუთით დაუგვიანეს.
6. მსჯავრდებულ პ. კ-ს მიერ შედგენილი საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ მას არ დაუნიშნა ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელი. პ. კ-ს არ გააჩნია კრიმინალური წარსული, ჰყავს მეუღლე და სამი ვაჟი, მათ შორის - მცირეწლოვანი და ოჯახის მარჩენალი არის თავად. მსჯავრდებულის მითითებით, იგი იყო ნარკოტიკის მომხმარებელი.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს პ. კ-ს მიერ - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენას. სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის პრეტენზიებს (მათ შორის მოწმეთა ჩვენებებს შორის წინააღმდეგობასა და პოლიციის თანამშრომლების დაინტერესებაზე) არგუმენტირებული პასუხი გასცა.
10. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს პ. კ-ს დაკავების ვადის მისი პირადი ჩხრეკის მომენტიდან ათვლასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, ბრალდებულის უფლებების განმარტების 20 წუთით დაგვიანებასთან მიმართებით, ვინაიდან პ. კ. დააკავეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების (პირადი ჩხრეკის) ჩატარების შედეგად შეიქმნა საქართველოს სსსკ-ის 171-ე მუხლით დადგენილი დაკავების საფუძვლები; ხოლო დაკავების ოქმიდან გამომდინარე, ბრალდებულს დაკავებისთანავე განემარტა მისი უფლებები.
11. რაც შეეხება პ. კ-ს მითითებას ნაკლებად მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ ინდივიდუალურად შეაფასა პ. კ-ს პიროვნული მახასიათებლები და სამართლიანად დაუნიშნა მას სასჯელი.
12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ პ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ზ. რ-სა და ლ. დ-–ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე