საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.05.2018
საქმის ნომერი
2კ-687აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№687აპ-17 ქ. თბილისი

ბ. დ, 687აპ-17 14 მაისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის განაჩენით დ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

საქართველოს სსკ–ის 67–ე და 59–ე მუხლების საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა 2016 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით დ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

მსჯავრდებულ დ. ბ-ს სასჯელის მოხდა აეთვალა 2016 წლის 19 ოქტომბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ბ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117, 118–ე ან 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, კერძოდ:

თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის განაჩენით დ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

2016 წლის 19 ოქტომბერს თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, თავის საცხოვრებელ სახლში, დ. ბ-მ დედას - ც. ძ–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რის შედეგადაც ც. ძ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად.

4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ბ-მ და ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, მისთვის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით. დ. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მან დანაშაული ჩაიდინა იმავე კატეგორიის დანაშაულისთვის განსაზღვრულ გამოსაცდელ ვადაში, სახეზეა დანაშაულის რეციდივი (ვინაიდან იგი წინათ, გარდა ოჯახური ძალადობისა, ნასამართლევია ნარკოტიკული დანაშაულისთვისაც), რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ბ--ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე