შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ ა-1727-შ-59-06 23 იანვარი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. ა-ს შუამდგომლობაY რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის ვოლგოგრადის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაბადების ფაქტის რეგისტრაციის დადგენის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. ა-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დაბადების ფაქტის რეგისტრაციის დადგენა. მისი განმარტებით, .... წლის .... მარტს დაიბადა საქართველოს სსრ .... რაიონის ... სასოფლო საბჭოს სოფელ ... . მისი გვარი ქორწინებამდე იყო ჟ-ა. 1944 წელს გადაცხოვრდა უზბეკეთის სსრ ტაშკენტის ოლქის .... რაიონში. 1957 წლის 24 აგვისტოს გათხოვდა და მიეკუთვნა გვარი _ ა-ა. 1990 წლის 28 ივნისს გადაცხოვრდა როსტოვის ოლქში, .... რაიონში, სადაც იგი ცხოვრობს დღემდე. გადაცხოვრების დროს დაკარგა დაბადების მოწმობა, რის გამოც ცხოვრობს უპასპორტოდ.
რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის ვოლგოგრადის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა. დადაგინდა ი. ა-ს დაბადების რეგისტრაციის ფაქტი შემდეგი დაბადების მონაცემებით: ჟ-ა ი. დაიბადა .... წლის ... მარტს საქართველოს სსრ ... რაიონის ... სასოფლო საბჭოს სოფელ ... .
ი. ა-მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის ვოლგოგრადის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. ა-ს შუამდგომლობაY არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების ჩანაწერში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანას აწარმოებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შესაცვლელი ჩანაწერის არსებობის მიხედვით. განმცხადებელს შეცვლილი ჩანაწერის საფუძველზე დაუყოვნებლივ გადაეცემა სამოქალაქო აქტის შესაბამისი ახალი მოწმობა.
ამავე კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორებასა და შეცვლას საქართველოს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ორგანო არ ახდენს. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორება და შეცვლა წარმოებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზედაც შესრულდა ჩანაწერი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
აღნიშნული ნორმების თანახმად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას ახორციელებენ სახელმწიფო ორგანოები. სახელმწიფო ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლა ან შესწორება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას მიეკუთვნება.
საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა აქტების შეცვლის კომპეტენცია სხვა სახელმწიფოს სასამართლო ორგანოებს არ გააჩნიათ. ასეთი ვალდებულება არ არის გათვალისწინებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ” მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილებათა ცნობასა და აღსრულებაზე ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში თუ ამ კონვენციის დებულებათა თანახმად, ან მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას.
ზემომითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ა-ს შუამდგომლობაY რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის ვოლგოგრადის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.