საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.09.2018
საქმის ნომერი
2კ-179აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #130100117002240295

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №179აპ-18 ქ. თბილისი

ხ. ლ. 179აპ-18 11 სექტემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ხ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ლ. ხ., - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასსასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 25 აპრილიდან.

განაჩენით მსჯავრდებულ ლ. ხ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 20 აპრილს ქ-ს რაიონის სოფელ ბ-ს მეურნეობაში, სატვირთო ავტომანქანებისათვის განკუთვნილი სასწორების ქვეშ არსებულ ორმოში, ლ. ხ-მ თ. გ-ს სახისა და თავის არეში ცემით მიაყენა (როგორც შემდეგ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგად დადგინდა), სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

2017 წლის 20 აპრილს ლ. ხ. იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-ს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც განზრახ დააზიანა მოწმეთა დასაკითხ და პირთა ამოსაცნობად განკუთვნილ ოთახებს შორის დამონტაჟებული სარკისებრი მინა-პაკეტი, რამაც გამოიწვია 198 ლარისა და 80 თეთრის მატერიალური ზიანი.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და ლ. ხ-ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში.

გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4.კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. ხ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში, ხოლო სსკ-ის 187-ე მუხლით - სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც მის ბრალეულობას დაადასტურებდა და მიუთითებს, რომ მის მიმართ მსჯავრად შერაცხული დანაშაული დასტურდება დაზარალებულ თ. გ-ს და მოწმეების - ვ. რ-ს, გ. მ-ს, ე. ბ-ს, მ. ჭ-სა და სხვათა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებითგონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდებამსჯავრდებულ ლ.ხ-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლითგათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №57აპ-15).

7. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. ხ-ს საკასაციო საჩივარიარ იქნეს დაშვებულიგანსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

ვ. როინიშვილი