საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002223621
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№244აპ-18 ქ. თბილისი
მ. ლ., 244აპ-18 26 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით ლ. მ., - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელმაც შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლით პირობითი მსჯავრი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 2 დეკემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. მ-მ ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 2 დეკემბერს ლ. მ. ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ი მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ „ს-ი“ თ. წ-ის პირადობის მოწმობის გამოყენებით ცდილობდა, უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შესულიყო თურქეთის რესპუბლიკაში.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ა. კ-ე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ლ. მ-ის მიმართ სამართლიანი განაჩენის გამოტანას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარადაა დადგენილი, რომ მსჯავრდებულ ლ. მ-ისათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის მე-19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის – 4 წლით თავისუფლების აღკვეთის შემცირებას, პალატა აღნიშნავს, რომ ლ. მ-მ დანაშაული ჩაიდინა იმ დროს, როდესაც იგი პირობით მსჯავრდებული იყო და გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი – იგი ნასამართლევია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც შეფარდებული ჰქონდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი – ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ: „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“.
9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მოთხოვნის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ლ. მ-ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის მე-19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე