საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 12.10.2018
საქმის ნომერი
2კ-264აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001495159

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №264აპ-17 ქ. თბილისი

მ. გ. 264აპ-17 12 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი რამიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. მ-ს და ნ.მ-ს ბრალი დაედოთ ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, ჩადენილი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევი პირების მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 5 საათზე, ქ. ბ., ჭ-ს ქუჩის №... უკანონო შეღწევით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ნ. მ.და ასევე, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი გ. მ., წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ დ. ც-ს, თ. ც--სა და ზ.ც-ს მაჯის საათს, სამაჯურს, საფულეებს, მათში მოთავსებულ ნივთებსა და ფულად თანხას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით:

ნ. მ., - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

გ. მ., - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

გამართლებულებს განემარტათ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განაჩენი გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი რამიშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, გ. მ-ს და ნ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მათთვის კანონით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელების შეფარდებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასწორად შეფასდა და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენი უცვლელად დატოვა. პალატა სრულად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას გ. მ-ს და ნ. მ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს მათ ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი რამიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. ქათამაძე