გაუქმდა გამამტყუნებელი განაჩანი და გამოტანილი ინქნა გამამართლებელი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
#5აპ.-18 ქ. თბილისი
დ–ი გ, 5აპ.-18 10 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ _ ლევან ჯალაღანიას
მსჯავრდებულების _ გ. დ–ის, დ. ქ–ის, მ. ტ-ას
ადვოკატების - გ. ს–ის, შ. გ–ის, თ. ნ-ას, ვ. ს-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ტ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ.- ს–ისა და მსჯავრდებულების - გ. დ–ისა და დ. ქ–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის განაჩენით გ. დ–ი, - დ–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 20 500 ლარი, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2013 წლის 23 ივლისიდან იმავე წლის 26 ივლისის ჩათვლით), შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 20 000 ლარი.
იმავე განაჩენით დ. ქ–ი, - დ–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 10 500 ლარი, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2013 წლის 23 ივლისიდან იმავე წლის 26 ივლისის ჩათვლით), შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარი.
იმავე განაჩენით მ. ტ-ა, - დ–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 2 500 ლარი, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2013 წლის 23 ივლისიდან იმავე წლის 26 ივლისის ჩათვლით), შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 2 000 ლარი.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წლის 3 ოქტომბერს მ–ის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის - გ. დ–ის ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გ. დ–ის დეიდაშვილს - დ. ქ–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. მ–ში, რ–ის ქუჩის N---ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 1947 მ2 მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული 886 მ2 პოლიციის ყოფილი შენობა დამხმარე ნაგებობებით (საკადასტრო კოდი ----) მ–ის რაიონში მდებარე 15 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ორი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ (საკადასტრო კოდი ----; საკადასტრო კოდი ----) გადაეცა დ. ქ–ს.
აღნიშნული ურთიერთგასაცვლელი ქონება, მათ გაცვლამდე შპს ,,ა -ის“ ექსპერტ მ. ტ-ას დახმარებით, კერძოდ, გ. დ–სა და დ. ქ–თან დანაშაულებრივი შეთანხმებით, შეფასდა თითოეული -128000 ლარად, რის საფუძველზეც მითითებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა მოახერხა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოტყუება და საქართველოს მთავრობის თანხმობის მიღება ქონებათა გაცვლაზე.
გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ გაცვლის მომენტში სახელმწიფო მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების რეალური ღირებულება შეადგენდა 982420 ლარს, ხოლო დ. ქ–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ღირებულება - 102742 ლარს, ხსენებული ქმედებით სახელმწიფოს მიადგა 879678 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
4. მსჯავრდებულ მ. ტ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ს–ი და მსჯავრდებულები - გ. დ–ი და დ. ქ–ი საკასაციო საჩივრებით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ. დ–ის, დ. ქ–ისა და მ. ტ-ას ბრალეულობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, ფიზიკური პირებისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები განსაზღვრულია ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის №- ბრძანებით. კანონმდებლობის რელევანტური ნორმების ანალიზის შედეგად აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქონების ურთიერთგადაცემის ინიციატორი შეიძლება იყოს სამინისტრო ან ფიზიკური პირი, ურთიერთგადასაცემი ქონება ტოლფასი უნდა იყოს, ურთიერთგადასაცემი ქონების ღირებულება დგინდება აუდიტორული (საექსპერტო) დასკვნის საფუძველზე, ხოლო ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს მთავრობის თანხმობით.
3. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 19 სექტემბერს დ. ქ–მა განცხადებით მიმართა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარე დ. გ-ს ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ მოთხოვნით და წარადგინა მ. ტ-ას მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნები. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 27 სექტემბრის N- განკარგულებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ მიეცა თანხმობა, რომ ფიზიკურ პირ დ. ქ–ს საკუთრებაში გადასცემოდა ქალაქ მ–ში, რ–ის ქუჩა N-ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 1947 მ2 მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი ----).
4. 2012 წლის 3 ოქტომბრის ხელშეკრულება ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ დადებულია სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ წარმომადგენელ მარიამ დევდარიანსა და მხარე დ. ქ–ს შორის. ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. მ–ში, რ–ის ქუჩის N---ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 1-47 მ2 მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 886 მ2 პოლიციის ყოფილი შენობა დამხმარე ნაგებობებით (საკადასტრო კოდი ----) მ–ის რაიონში მდებარე 15 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ორი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ (საკადასტრო კოდი ----, საკადასტრო კოდი ----) გადაეცა დ. ქ–ს.
5. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ქონების ურთიერთგადაცემის პროცესში მონაწილე პირების ჩვენებებზე. კერძოდ, მოწმე მ. დ-ის განმარტებით, რომელიც სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ წარმომადგენელია, ირკვევა, რომ მას ხელშეკრულების გაფორმებისას საეჭვო გარემოება არ შეუნიშნავს და არც სპეციალური დავალება მიუღია. დ. ქ–ს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის მიზნით შეხვდა, ხოლო გ. დ–ს არ იცნობს, შესაბამისად, არც ხელშეკრულების გაფორმებამდე და არც მას შემდეგ მას არ შეხვედრია; მოწმეების - გ. მ-ისა და ზ. შა-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ურთიერთგადასაცემი ქონებების შეფასება გ. დ–ისა და დ. ქ–ისგან დამოუკიდებლად განხორციელდა; მოწმე ზ. კ-ე, რომელსაც პირდაპირი სახის კომუნიკაცია ჰქონდა ეკონომიკის სამინისტროსთან, ურთიერთგადასაცემი ქონებებით დაინტერესებულ პირებზე ვერ უთითებს, ხოლო მოწმე თ. კ-ის ჩვენებით მიწის გაყიდვის პროცესში სხვა პირები არ მონაწილეობდნენ და შეთანხმება არ ჰქონიათ, რომ თანხა მსჯავრდებულებს შორის განაწილდებოდა.
6. შესაბამისად, თავად ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქონების გადაცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურული ნორმების დაცვით განხორციელდა და დ. ქ–ის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, ხოლო პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ქონების ურთიერთგადაცემის პროცესზე გ. დ–ის გავლენა და მის მიერ დანაშაულის ორგანიზება, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
7. რაც შეეხება ბრალდების იმ ნაწილს, რომელიც დაკავშირებულია სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, შპს ,,ა-ის“ ექსპერტ მ. ტ-ას მიერ ურთიერთგადასაცემი ქონების არარეალურ ფასად -128000 ლარად შეფასებასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს:
8. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარის პოზიციით, მ. ტ-ამ გ. დ–თან და დ. ქ-თან დანაშაულებრივი შეთანხმებით, ურთიერთგადასაცემი ქონება შეაფასა არარეალურ ფასად - 128000 ლარად, რომლის გამოყენებითაც მოტყუებით უნდა დაუფლებოდნენ სახელმწიფო ქონებას.
9. აღსანიშნავია, რომ მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მ. ტ-ას განზრახვას - დახმარება გაეწია სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება. შესაბამისად, ქმედების სუბიექტური შემადგენლობა არ იკვეთება. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის, რომ მ. ტ-ამ გ. დ–თან და დ. ქ–თან დანაშაულებრივი შეთანხმებით, ურთიერთგადასაცემი ქონება განზრახ შეაფასა არარეალურ ფასად -128000 ლარად, შემდგომში სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით.
10. ხსენებული საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აუდიტმა მ. ტ-ამ ურთიერთგასაცვლელი ქონება შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, რასაც მოწმე გ. მ-ეც ადასტურებს.
11. თავად მ. ტ-ას ჩვენებით ირკვევა, რომ არის შპს დამოუკიდებელ შემფასებელთა და აუდიტორთა კომპანია ,,ა-ის“ დირექტორი. მათ საქმიანობას შეადგენდა საკონსულტაციო და აუდიტორული მომსახურება და ქონების შეფასება. 2012 წლის 18 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იღებდა დავალებებს, რომელიც ეხებოდა ქონების პრივატიზებას ან მათ გაცვლას. 2012 წლის 12-13 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით შეაფასა სახელმწიფოსა და კერძო პირის საკუთრებაში არსებული ქონებები. ქონების შესაფასებლად წავიდა გ. დ–თან ერთად. ადგილზე მისვლისას გ. დ–ი წავიდა, თვითონ დარჩა ქონების შემოწმების მიზნით. შემოწმების დასრულების შემდეგ კი კვლავ გ. დ–ის ავტომანქანით დაბრუნდა თ–ი. მსჯავრდებულის განმარტებით, გ. დ–ს ტელეფონით მხოლოდ ორჯერ ესაუბრა თავის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. გ. დ–ს ურთიერთგადასაცემი ქონებების მიმართ დაინტერესება არ ჰქონია, ამასთან, ხსენებულ ქონებებთან მიმართებით რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო გარიგება არ განუხორციელებია.
12. საკასაციო პალატა ზემოხსენებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ მ. ტ-ამ შემდგომში სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით აუდიტის დასკვნაში განზრახ არასწორი ინფორმაცია მიუთითა, განსახილველ საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: დაცვის მხარის მიმართვის საფუძველზე დამოუკიდებელმა აუდიტორულმა კომპანიებმა შეაფასეს ქ. მ–ში, რ–ის ქუჩა N-ში მდებარე მიწის ნაკვეთი. შპს ,,ა -ას“ მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, ქ. მ–ში, რ-–ის ქუჩა N-ში მდებარე 1-47 მ2 მიწის ფართობის საბაზრო ფასი 2012 წლის სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 73986 ლარს, ხოლო შპს ,,ჯ -ის“ დასკვნის თანახმად, ხსენებული ქონების საბაზრო ფასია 80000 ლარი. ქ. მ–ში, რ–ის ქუჩა N-ში მდებარე მიწა ასევე შეაფასეს შპს ,,ს -ის“ ექსპერტებმა: გ. ბ-ემ და გ. ს–მა. ექსპერტიზის N- დასკვნის თანახმად, ქ. მ–ში, რ–ის ქუჩა N---ში მდებარე მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა 125000 აშშ დოლარი, რაც დაახლოებით ოთხჯერ ნაკლებია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ქონების ღირებულებაზე.
13. საკითხის შეფასებისას სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, ადგილზე დათვალიერების შედეგად ქ. მ–ში, რ–ის ქუჩა N-ში მდებარე მიწის ნაკვეთი არის ვაკანტური. ინსპექტირების მომენტისთვის შესაფასებელ მიწის ნაკვეთზე აღარ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა. ექსპერტებს წარედგინათ შენობა-ნაგებობის ინტერიერისა და ექსტერიერის ამსახველი ფოტომასალა. შესაბამისად, ღირებულების დადგენისას ექსპერტები დაეყრდნენ დამკვეთის მიერ წარდგენილ შენობა-ნაგებობის ფოტომასალას და შიდააზომვით ნახაზს. ექსპერტს ასევე წარედგინა ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ქ. მ–ში, რ–ის ქუჩა N-ში მდებარე მიწის ნაკვეთი გაიყიდა განვადებით - 600000 აშშ დოლარად. ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასი გამოყენებულ იქნა 2012 წლის 1- სექტემბრის მდგომარეობით შესაფასებელი ობიექტის ღირებულების დასადგენად. ამდენად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
1-. დაუსაბუთებელია ასევე სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ დ. ქ–ის, მ. ტ-ასა და გ. დ–ის ბრალეულობა დადასტურებულია მობილური ოპერატორებისგან ამოღებული ინფორმაციით, ვინაიდან თავად მ. ტ-ა ადასტურებს ამ ზარების ნამდვილობას. მითითებული სატელეფონო ზარები ვერ იქნება იმის მამტკიცებელი, რომ ხსენებული საუბრები სწორედ თაღლითობას ეხებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სატელეფონო კავშირი გამოძიებისთვის საინტერესო პერიოდში ჰქონდა მხოლოდ მ. ტ-ას და გ. დ–ს და სხვა ბრალდებულთან მისი კონტაქტი საერთოდ არ ფიქსირდება. ეს სატელეფონო კავშირი, რომელიც არ გამოირჩევა რაიმე განსაკუთრებული ინტენსივობით, ვერ იქნება თაღლითობაში მათი მონაწილეობის დამადასტურებელი.
15. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, გ. დ–ის, დ. ქ–ისა და მ. ტ-ას მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება მოწმეების - ს. და ნ. მ-ების ჩვენებებით. ხსენებული პირების ჩვენებებით ირკვევა, რომ ს. მ-სგან სოფელ ა-ში მდებარე 5 ჰა მიწის ნაკვეთი გ. დ–მა შეიძინა. პალატა მიუთითებს, რომ მათი ჩვენებები შესაძლოა, გამხდარიყო მათი ბრალის გამამყარებელი მტკიცებულება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, ცალკე აღებული კი ვერ გახდება მათი კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობის დამადასტურებელი გარემოება.
16. რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებლებს, მათ დაადასტურეს ჩატარებულ საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტები, ხოლო ექსპერტებმა თავიანთი დასკვნების სისწორე და რაიმე ინფორმაცია უშუალოდ ბრალდებულთა დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობის შესახებ სასამართლოსთვის არ მიუწვდიათ.
17. ზემოაღნიშნული გარემოებები, რაც დადგენილია ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სრულიად გამორიცხავს მოცემულ შემთხვევაში თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანს - ,,სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით“ და ასევე თაღლითობის სუბიექტურ მხარეს - განზრახვას, რომ პირს გათვითცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა, ასევე, გამორიცხავს ანგარების მოტივისა და მიზნის არსებობას.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გ. დ–ის, მ. ტ-ასა და დ. ქ–ის მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (ECtHR, El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia, 39630/09, §151, 13.12.2012; ECtHR, Hassan v The UK, 29750/09, §48, 16.09.2014). საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ. ტ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ს–ისა და მსჯავრდებულების - გ. დ–ისა და დ. ქ–ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
2. გ. დ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
3. დ. ქ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
4. მ. ტ-ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 25, 180–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
5. გამართლებულებს - გ. დ–ს, დ. ქ–სა და მ. ტ-ას განემარტოთ, რომ უფლება აქვთ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენი გირაოსა და ყადაღის გაუქმების, ასევე -ნივთმტკიცებების ნაწილში დარჩეს უცვლელად.
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე