საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001233626
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№296აპ-18 ქ. თბილისი
ლ. ი., 296აპ-18 15 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით ი. ლ., ნასამართლობის არმქონე - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ი. ლ-ეს მიესაჯა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ი. ლ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 31 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2015 წლის 18 სექტემბრიდან იმავე წლის 19 სექტემბრის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის პერიოდი.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ი. ლ-ემ განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა თ-ი, დ-ს სასწავლო-საცდელ მეურნეობაში მდებარე გ. და ლ. ი-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთების გაყიდვის შედეგად მიღებულ დიდი ოდენობით თანხას. ამ მიზნით ი. ლ-ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დაამზადა ორი ყალბი მინდობილობა ნომრებით N--. 2012 წლის 2 ნოემბერს თ-ი, ს-ოს ქუჩის N-ში მდებარე ი-ში მან 2008 წლის 9 იანვრით დათარიღებული N-- ყალბი მინდობილობის გამოყენებით, ი. ლ-ზე 70 000 აშშ დოლარად გაასხვისა ლ. ი-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ხოლო 2012 წლის 5 ნოემბერს N-- ყალბი მინდობილობის გამოყენებით ი. ლ-ზე 60 000 აშშ დოლარად გაასხვისა გ. ი-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რითიც დაზარალებულებს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. კასატორის მითითებით, საქმეში აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით გარკვეულ პირთა დაინტერესება იკვეთება. მაგ., ი. ლ-ემ, ერთ-ერთმა ძირითადმა მოწმემ, ისე შეიძინა მიწის ნაკვეთი, რომ არ იცოდა მისი მესაკუთრე ვინ იყო, არც უძრავი ქონების რეალური ღირებულების გარკვევა უცდია. მან მალევე გაასხვისა აღნიშნული ქონება; მოწმეთა ჩვენებები არათანმიმდევრული და არადამაჯერებელია; ექსპერტმა სასამართლოს განუცხადა, რომ მის მიერ გაცემული დასკვნა არ არის კატეგორიული; ი. ლ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია: მას გადატანილი აქვს ინსულტი და ამპუტირებული აქვს ბარძაყი. ერთადერთი თირკმელიც დაავადებული აქვს; ის ცხოვრობს ქირით მოხუც დედასთან ერთად; მათი შემოსავლის წყარო მხოლოდ პენსია და სახელმწიფო დახმარებაა.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №52აპ-13, 511აპ-17 გადაწყვეტილებები), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.
9. დაცვის მხარის მითითებას, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ი. ლ-ის ბრალეულობა ვერ დასტურდება, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება და აღნიშნავს, რომ დაზარალებულებმა - გ. და ლ. ი-მა დაადასტურეს დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნების ტერიტორიაზე 1500-1500 კვ.მ მიწის ნაკვეთების ფლობის ნამდვილობა. მათ განმარტეს, რომ არავისთვის მიუციათ საკუთარი ქონების გასხვისების უფლება. ხოლო ი. ლ-ემ კი განმარტა, რომ 1500-1500 კვ.მ მიწის ნაკვეთების შესყიდვის დროს მესაკუთრის წარმომადგენლად (მინდობილ პირად) მონაწილეობდა ი. ლ.. გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნისა და ექსპერტ თ. კ-ის ჩვენების მიხედვით კი, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკურლების გრაფებში: „გამყიდველის წარმომადგენელი“ ი. ლ-ის გვარით არსებული ხელმოწერები, სავარაუდოდ, შესრულებულია ი. ლ-ის მიერ.
10. რაც შეეხება მინდობილობების სიყალბეს, მოწმე ე. მ-ემ განმარტა, რომ სანოტარო აქტები მას არ შეუსრულებია და არც დაურეგისტრირებია. მინდობილობაზე არსებული ბეჭედი, მის სანოტარო ბეჭედთან შედარებით, ვიზუალურად შესამჩნევად პატარაა. ამასთან, გამორიცხულია, რომ მას გამორჩენოდა სანოტარო აქტის საზღაურის მითითება. აღსანიშნავია, რომ ნოტარიუსთა არქივიდან გამოთხოვილი ე. მ-ის „სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის საერთო რეესტრის (ინდექსი --)“ თანახმად, N- სანოტარო მოქმედება არ არის შესრულებული ი. ლ-ზე.
11. ამდენად, მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებას დაედო საფუძვლად, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი. ლ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ნიშნების არსებობას.
12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე