დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 21.01.2011
საქმის ნომერი
ას-1153-1030-2010
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.01.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1153-1030-10 21 იანვარი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძე

კასატორი _ შ. ბ-ავა

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შ. ბ-ავამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2009 წლის 4 ნოემბერს ¹1755/კ ბრძანებით იგი განთავისუფლებული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანება, მოსარჩელის განმარტებით არის უკანონო და იგი თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნა საქართველოს კონსტიტუციის, შრომის კოდექსის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ¹1755/კ ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ბ-ავამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინებით შ. ბ-ავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ბ-ავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 04 ნოემბრის ¹1755/კ ბრძანებით საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე შ. ბ-ავა 2009 წლის 04 ნოემბრიდან გათავისუფლებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან და მიეცა 22 დღის შრომის ანაზღაურების ოდენობით თანხა კომპენსაციის სახით.

პალატამ განმარტა, რომ აღსანიშნავია, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილი შეიცავს ამომწურავ ჩამონათვალს, რა დროსაც შესაძლებელია შეწყდეს შრომითი ურთიერთობები.

შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებში კანონმდებელი ერთმანეთისგან მიჯნავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ისეთ საფუძვლებს, როგორიცაა - “ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა” და “შრომითი ხელშეკრულების მოშლა”

შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს შრომის ხელშეკრულების მოშლა. შრომითი ხელშეკრულების მოშლა შესაძლებელია ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, ანუ ხელშეკრულების მოშლა შეუძლია როგორც დასაქმებულს, ასევე - დამსაქმებელს. შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დამოუკიდებელი საფუძველია და იგი არ გულისხმობს ხელშეკრულების შეწყვეტას ვალდებულების დარღვევის ან სხვა საფუძვლის გამო.

პალატამ განმარტა, რომ კანონმდებელი არ ზღუდავს მხარეთა ინიციატივას რაიმე დამატებითი პირობების დაწესებით ანუ ხელშეკრულების შეწყვეტისათვის საკმარისია ერთ-ერთი მხარის ინიციატივა ხელშეკრულების მოშლის შესახებ, თუმცა მხარეთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, კანონმდებელი შრომის კოდექსის 38-ე მუხლით შრომითი ურთიერთობის მონაწილეებისთვის ითვალისწინებს გარკვეულ გარანტიებს. აღნიშნული მუხლი ადგენს არა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს, არამედ შრომითი ხელშეკრულების მოშლის პროცედურას - მოშლისს წესს და თანაზომიერების პრინციპის დაცვით აწესებს მხარეთა ინტერესების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს.

თუ შრომის ხელშეკრულების მოშლის ინიციატორი დასაქმებულია, იგი ვალდებულია გააფრთხილოს დამსაქმებელი არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინებით, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში - დასაქმებულს მიეცემა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება.

აღნიშნული პირობების დაწესებით კანონმდებელმა დააბალანსა ერთი მხარის ნების თავისუფლება - თავისი ინიციატივით შეწყვიტოს ხელშეკრულება და მეორე მხარის უფლება - დაცული იყოს გარკვეულწილად ხელშეკრულების მოშლის უარყოფითი შედეგებისაგან.

ამასთან, კანონმდებელი არ ზღუდავს მხარეებს, რომ შრომის ხელშეკრულების დადებისას განსაზღვრონ მათი ინტერესების დამცავი სხვა პირობები ანუ მათ ენიჭებათ თავისუფლება ხელშეკრულებით მოაწესრიგონ აღნიშნული საკითხი და დააწესონ გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის, გაითვალისწინონ დასაქმებულისათვის მისაცემი შრომის ანაზღაურების ოდენობაც. შესაბამისად, დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების მოშლის დროს დაცული უნდა იქნეს როგორც საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი, ისე, არსებობის შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირობები.

საბოლოოდ პალატამ დაასკვნა, რომ შ. ბ-ავასთან, როგორც დასაქმებულთან, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა ადმინისტრაციის მხრიდან შრომის ხელშეკრულების მოშლით, რასაც პირდაპირ ითვალისწინებს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი და საამისოდ დამატებითი წინაპირობების არსებობა შრომის კოდექსის მიხედვით გათვალისწინებული არ არის.

შესაბამისად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო ნებისმიერ დროს (თუნდაც სამსახურებრივი შემოწმების დასრულებამდე), მარტოოდენ მისი სურვილის საფუძველზე, ცალმხრივად შეეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ასეთი მოშლის საფუძვლისა (სამსახურებრივი შემოწმების დასკვნის, შემოწმების აქტის შედგენის, საარქივო მასალების გადაბარების, წინასწარი გაფრთხილების) და დასაბუთებულობის გარეშეც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანაშ. ბ-ავამ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორის განმარტებით, აღნიშნული საქმე განსხვავდება უზენაეს სასამართლოში ადრე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, დადგენილების მღებისას დასაქმებულისათვის არ იქნა განმარტებული მისი უფლებების დასაცავად არსებული საქართველოსა და საერთაშორისო კანონდებლობის არც ერთი ნორმა. კასატორმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა შესაბამისი კანონი და იგნორირება გაუკეთა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის ¹2/1/456 გადაწყვეტილებაში არსებულ ნორმის განმარტებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი სსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ბ-ავას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შ. ბ-ავას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ შ. ბ-ავას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. ბ-ავას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შ. ბ-ავას დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.