საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 21.12.2018
საქმის ნომერი
2კ-389აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700062031

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №389აპ-18 ქ. თბილისი

ჯ. მ. 389აპ-18 21 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ჯ.-ს (იმავე გ. რ-ს) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით: მ. ჯ. (იგივე გ. რ.), - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მას მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით მ. ჯ-ს (იმავე გ. რ-ს) მიმართ დანიშნული სასჯელი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობითად. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მ. ჯ-ს (იმავე გ. რ-ს) განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 20 იანვრიდან.

ი. მ., - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მას მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 ივნისის განაჩენით ი. მ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი - 4 წელი, რაც ჩათვლილი აქვს პირობითად. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ი. მ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 20 იანვრიდან.

განაჩენით მსჯავრდებულ მ. ჯ-ს (იმავე გ. რ-ს) მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა მ. ჯ-მ (იმავე გ. რ-მ) განიზრახა სახელგამტეხი ცნობის, კერძოდ, თ. თ-ს ინტიმური ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების მუქარით, აეძულებინა იგი მასთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი და გამოეძალა ფულადი თანხები. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2016 წლის ნოემბერში თ. თ-ს დაუკავშირდა მ. ჯ. (იგივე გ. რ.), რომელმაც უთხრა, რომ ჰქონდა მისი და გ. თ-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები, რასთან დაკავშირებითაც მოსთხოვა მას შეხვედრა. შეხვედრისას მ. ჯ. (იგივე გ. რ. ) თ. თ-ს დაემუქრა, რომ თუ მასთან არ დაამყარებდა სქესობრივ კავშირს, ზემოხსენებულ ვიდეოჩანაწერებს აჩვენებდა მისი ოჯახის წევრებს. აღნიშნული სახელგამტეხი ვიდეოჩანაწერების გავრცელების მუქარით შეშინებულმა თ. თ-მ რამდენჯერმე დაამყარა სქესობრივი კავშირი მ. ჯ-სთან. ასევე, მ. ჯ-მ სახელის გამტეხი ვიდეოჩანაწერების გახმაურების მუქარით, რაც არსებითად დააზიანებდა თ. თ-ს ინტერესებს, მოსთხოვა მისთვის 20000 ლარის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა აღნიშნული ვიდეოჩანაწერების მისი მეუღლისა და ოჯახის სხვა წევრებისათვის ჩვენებით. ვინაიდან თ. თ-ს მართლაც ჰქონდა სქესობრივი კავშირი გ. თ-სთან, საფუძვლიანად აღიქვა მ. ჯ-ს მუქარა მისი სახელგამტეხი ვიდეოკადრების გავრცელების თაობაზე, რის გამოც დასთანხმდა მას სქესობრივ კავშირსა და ფულის გადაცემაზე, თუმცა 20000 ლარის გადაცემა ვერ შეძლო თანხის უქონლობის გამო, მაგრამ დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი.

აღნიშნულის შემდეგ, ვინაიდან გარკვეული პერიოდი მ. ჯ. (იგივე გ. რ.) ვერ უკავშირდებოდა თ. თ-ს, იგი მივიდა გ. თ-ს მეუღლის - მ. თ-ს ბინაში, სადაც მიიტანა მეხსიერების ბარათი, ე.წ. ,,ფლეშკა“ და განუცხადა მ. თ-ს, რომ აღნიშნულ ე.წ ,,ფლეშკაზე" იყო გ. თ-ს და მისი საყვარლების სქესობრივი კავშირის ვიდეოჩანაწერები, რასაც აყურებინებდა მაშინ, როდესაც თ. თ. და მისი მეუღლე მ. მ. იქნებოდნენ მასთან ერთად. რამდენიმე დღის შემდეგ მ. ჯ. (იგივე გ. რ.) მობილური ტელეფონის მეშვეობით კვლავ დაუკავშირდა თ. თ-ს, რა დროსაც ისევ მოსთხოვა შეხვედრა. 2017 წლის 19 იანვარს ქ. თ. მეტროსადგურ ,,ი- ს" მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა თ. თ-ს და კვლავ განუცხადა, რომ ჰქონდა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები და ამ ჩანაწერების გაუხმაურებლობის სანაცვლოდ მოსთხოვა იმავე დღეს 150 ლარის გადაცემა, ხოლო მომდევნო დღეს - 100 ლარის გადაცემა, ასევე მომდევნო დღეს და მას შემდეგ ყოველ კვირა, კვირაში სამჯერ მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება. იმავე დღეს, 2017 წლის 19 იანვარს, შეხვედრის შემდეგ, მ. ჯ-მ (იმავე გ. რ-მ), სატელეფონო საუბრებითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით კვლავ მოსთხოვა შეხვედრა თ. თ-ს, ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და მისთვის 300 ლარის გადაცემა. ასევე განუცხადა, რომ თან ჰქონდა მეხსიერების ბარათი ე.წ ,,ფლეშკა“, თ. თ-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით და მისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იგი მივიდოდა თ. თ-ს და მ. თ-ს საცხოვრებელ სახლში და დაემუქრა მისი ინტიმური ცხოვრების ჩანაწერების გახმაურებით.

2017 წლის 19 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ., ლ-ს დასახლების მე-2 კვარტალში მდებარე პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ. თ. შეხვდა მ. ჯ-ს (იმავე გ. რ-ს), რომელმაც გამოართვა მის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 100 ლარი, რა დროსაც თ. თ-ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებით, ასევე აიძულებდა სქესობრივი კავშირის დამყარებას. მანვე თ. თ-ს გასტაცა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ასევე, მოსთხოვა, რომ მომდევნო დღეს შეხვედროდა მეტროსადგურ ,,ი-სთან“, სქესობრივი კავშირის დამყარების მიზნით, სასტუმროში წასასვლელად. შემდეგ მ. ჯ. (იგივე გ. რ.) მობილური ტელეფონის მეშვეობით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, კვლავ დაუკავშირდა თ. თ-ს და კატეგორიულად მოსთხოვა მომდევნო დღეს, დილის საათებში, შეხვედრა, რა დროსაც სასტუმროსთვის საჭირო ფულთან ერთად თ. თ-ს მისთვის უნდა გადაეცა 300 ლარი და მასთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი. ამავე დროს, მოსთხოვა მუდმივად, კვირაში სამჯერ ჰქონოდა მასთან სქესობრივი კავშირი, რის სანაცვლოდაც არ გაახმაურებდა მისი პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებს და მას გადასცემდა ამ მეხსიერების ბარათებს.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა მ. ჯ-ს (იმავე გ. რ-ს) მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით, 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას, ხოლო სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით მის მიმართ განსაზღვრული მსჯავრის უცვლელად დატოვებას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ჯ-მ (იმავე გ. რ-მ), რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებითა და 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ. თ-ს ჩვენებით, მოწმეების - ი. მ-ს, ს. მ-ს, დ. მ-ს, ბ. ა-ს, ნ. ს-ს, ნ. ფ-ს, ვ. შ-ს, ქ. მ-ს, ნ. გ-ს, ნ. მ-ს, რ. მ-ს, გ. შ-ს, ბ. ტ-ს, ვ. შ-ს, ლ. გ-ს, ზ. ბ-ს, რ. ფ-ს, დ. შ-ს და სხვათა ჩვენებებით, თ. თ-ს ხელწერილით, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დათვალიერების ოქმით, განაჩენებით, წერილებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, შეხვედრის აუდიო/ვიდეოჩანაწერებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების - სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მიღებული კრებსებით და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა მ. ჯ-ს (იმავე გ. რ-ს) ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით, 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი უცვლელად დატოვა.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვა (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ჯ-ს (იმავე გ. რ-ს) საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. ქათამაძე