გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-1219-1070-10 24 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს ავტორთა საზოგადოება (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ო.” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი _ სალიცენზიო შეთანხმების გარეშე მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემის (კაბელით ხელახალი გადაცემის) აკრძალვა, ფულადი კომპენსაციის დაკისრება, სალიცენზიო შეთანხმების დადების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს ავტორთა საზოგადოებამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ო.-ის” მიმართ მოპასუხისათვის საქართველოს ავტორთა საზოგადოებასთან დადებული მუსიკალური სალიცენზიო შეთანხმების გარეშე მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემის (კაბელით ხელახალი გადაცემის) აკრძალვის, აღნიშნული ნებართვის გარეშე მუსიკალური ნაწარმოების გადაცემისათვის ფულადი კომპენსაციის _ 205024.90 ლარის დაკისრებისა და სალიცენზიო შეთანხმების დადების დავალდებულების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2006 წლის 17 თებერვლის ¹585 გადაწყვეტილებით საქართველოს ავტორთა საზოგადოებას მიენიჭა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სპეციალური სტატუსი. მოსარჩელემ ორჯერ მიმართა მოპასუხეს “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” 64-ე მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნით, თუმცა შპს “ო.-ს” არანაირი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. აღნიშნული და ასევე საავტორო ჰონორარის გადაუხდელობა იწვევს საავტორო უფლების დარღვევას.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, კონკრეტულად რა ნაწარმოები შესრულდა საჯაროდ. შესაბამისად, სარჩელის აღძვრის საფუძვლის არსებობა საქართველოს ავტორთა საზოგადოებამ ვერ დაადასტურა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით “საქართველოს ავტორთა საზოგადოების” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ავტორთა საზოგადოებამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინებით საქართველოს ავტორთა საზოგადოების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ მიუთითა კონკრეტულ ნაწარმოებზე, რომლის გადაცემამ დაარღვია იმ ავტორის უფლება, რომელსაც იგი წარმოადგენს. ამასთან, შესაბამისი მტკიცებულებით ვარ დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა რომელიმე ავტორმა გამოხატა რაიმე პრეტენზია მოპასუხის მიერ გადაცემული გადაცემების მიმართ.
სასამართლომ არ გაიზიარა შპს “ო.-ს” მოსაზრება მოსარჩელის სათანადო მხარედ მიჩნევის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი წერილით “საქპატენტიდან”, იუსტიციის სამინისტროს ბრძანებით, აგრეთვე იმ ფაქტით, რომ მოსარჩელე რეგისტრირებულია ფინანსთა სამინისტროს მიერ, სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოსარჩელეს დაცული აქვს “საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები. შესაბამისად, მას აქვს უფლება წარმოადგინოს ავტორთა უფლებები მისი კომპეტენციის ფარგლებში.
სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოპასუხე აწარმოებს მაუწყებლობის ტრანზიტს, ვინაიდან აღნიშნული დგინდება როგორც მისი ლიცენზიით (რაც გაცემულია საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე), ისე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 10 თებერვლის ¹04/177-09 წერილით და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი “საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირთან” დადებული ხელშეკრულებებით. აღნიშნული მტკიცებულებებით სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე თავად არ ქმნის ახალ სატელევიზიო ნაწარმს გადაცემის ან სიუჟეტის სახით, არამედ თავისი ქსელით აწვდის აბონენტებს სხვა საწარმოების _ მაუწყებლობის ადგილობრივი თუ უცხოური ლიცენზიატების _ ნაწარმს.
სასამართლომ იხელმძღვანელა “საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ” საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მესამე პუნქტით და მიუთითა, რომ მოსარგებლეს მტკიცების ტვირთი ეკისრება ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის ამა თუ იმ ფორმით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში. ამასთან, გახდა თუ არა ესა თუ ის ნაწარმოები საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი, ეს გარემოება მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე კუთვნილი ქსელით ავრცელებს თავის აბონენტებში მაუწყებლების მიერ მომზადებულ გადაცემებსა თუ სიუჟეტებს, მაგრამ მითითებული გარემოება არ ათავისუფლებს მოსარჩელეს იმის მტკიცებისაგან, თუ რომელი კონკრეტული ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების სხვა ობიექტი გახდა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი მოპასუხის მიერ.
სასამართლომ გაიზიარა შპს “ო.-ს” მოსაზრება, რომ იგი არ ახდენს კაბელით იმდაგვარ გადაცემას, რომლის დროსაც იქმნება ახალი ნაწარმი (პროდუქტი). მოპასუხის სახელზე გაცემული ლიცენზიიდან უდავოდ დადგენილია, რომ მისი უფლებამოსილება შემოიფარგლება საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებით. სასამართლოს განმარტებით, თავად ტრანზიტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ განხორციელდეს სიგნალის გატარება და მისი უცვლელი მიტანა საბოლოო მომხმარებლამდე _ აბონენტამდე. ის ფაქტი, რომ მოპასუხე არ წარმოადგენს საკაბელო ტელემაუწყებლობის ლიცენზიატს, დგინდება ზემოაღნიშნული წერილით კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან. ამდენად, ყველა ფაქტის შეჯერებით ცხადია, რომ მოპასუხე არ არის საკაბელო ტელემაუწყებელი, არამედ მხოლოდ ატარებს მაუწყებელი დაწესებულებისაგან მიღებულ სიგნალს თავისი ქსელის საშუალებით საბოლოო მომხმარებლამდე.
“საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “ი” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელახალი გადაცემა არ მომხდარა, ვინაიდან, როგორც მოპასუხემ განმარტა, იგი ახორციელებს მიწოდებული სიგნალის უცვლელ გატარებას და საბოლოო მომხმარებლამდე მიტანას.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა, აეკრძალოს მოპასუხეს მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემა (კაბელით ხელახალი გადაცემა) საქართველოს ავტორთა საზოგადოებასთან დადებული სალიცენზიო შეთანხმების გარეშე, მოკლებულია რაიმე დასაბუთებას მოსარჩელის მხრიდან. მოპასუხისათვის ფულადი კომპენსაციის გადახდის დაკისრების შემთხვევაშიც, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ შესძლო, დაედასტურებინა სადავო ოდენობის დაანგარიშების საფუძველი, რის გამოც ამ ნაწილშიც მოთხოვნა დაუსაბუთებლად ჩათვალა. სასამართლომ არ გაიზიარა მოთხოვნა მოპასუხისათვის ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასთან – საქართველოს ავტორთა საზოგადოებასთან სალიცენზიო შეთანხმების დადების დავალდებულების შესახებაც, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა იძულებით კონტრაჰირების ვალდებულებას არ ითვალისწინებს (გარდა ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის მქონე პირებისა).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს ავტორთა საზოგადოების თავმჯდომარე ე.შ-ავამ შპს “ო.-ს” მიერ საქართველოს ავტორთა საზოგადოებასთან დადებული სალიცენზიო შეთანხმების გარეშე მუსიკალური ნაწარმოების (ტექსტით ან ტექსტის გარეშე) კაბელით გადაცემის (კაბელით ხელახალი გადაცემის) აკრძალვის ნაწილში გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არ გამოიყენა “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 64-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილები და არ გაითვალისწინა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მოთხოვნისამებრ სათანადო დოკუმენტები არ წარუდგენია. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ შპს “ო.-ს” შესაბამისი დოკუმენტაცია არ უწარმოებია.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს “ო.” წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს, თუმცა სამართლებრივად არ შეაფასა საზოგადოების საქმიანობა. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ შპს “ო.” ახორციელებს მაუწყებლობის ტელეპროგრამების ტრანზიტს _ კაბელით ხელახალ გადაცემას ისე, რომ მას კოლექტიური მართვის ორგანიზაციასთან სალიცენზიო შეთანხმება გაფორმებული არ აქვს და არ გადაუხდია საავტორო ჰონორარი.
მოცემული საკასაციო საჩივარი დასაშვებია, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის სასამართლო განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ავტორთა საზოგადოების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს შპს “ო.-სათვის’’ სალიცენზიო ხელშეკრულების გარეშე მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემის აკრძალვა. საკასაციო ინსტანციაში სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ შპს “ო.’’ ახდენს გადაცემებს კაბელით. მას ნებართვები აღებული აქვს მაუწყებლობის ორგანიზაციებიდან. მოწინააღმდეგე მხარე კი ავტორთა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციაა, რომელსაც ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის 64-ე მუხლის საფუძველზე უფლება აქვს ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის შესაბამისი ფორმით გამოყენებისათვის მოსარგებლეებზე გასცეს ლიცენზია. ამავე კანონის 65-ე მუხლის თანახმად, სწორედ ეს ორგანიზაცია Aათანხმებს მოსარგებლესთან ჰონორარის ოდენობას და ლიცენზიის სხვა პირობებს და უფლებამოსილია შეაგროვოს ჰონორარი. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სარჩელი ჰონორარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს თუ რამდენად აუცილებელია მოპასუხის მიერ სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმება მოპასუხესთან ანუ უნდა აეკრძალოს თუ არა მას მუსიკალური ნაწარმოებების გადაცემა. პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა შეესაბამება მოქმედი სამართლის ნორმებს და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც სხვა უფლებებთან ერთად მოიაზრებს ნაწარმოების საჯარო გადაცემას, პირველი ან\და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემას სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროსა და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). ამავე კანონის მე-4 მუხლის “ი1” და “ჟ” ქვეპუნქტები განმარტავენ “კაბელით ხელახალი გადაცემისა” და “საჯარო გადაცემის” ტერმინებს. “საჯარო გადაცემა” გულისხმობს ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემას ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე, რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე, მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლების ობიექტები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან. ხოლო “კაბელით ხელახალი გადაცემა” განსაზღვრულია, როგორც სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისათვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. მოცემულ შემთხვევაში კაბელით გადაცემა არ გულისხმობს ცალკე დამოუკიდებელი პროგრამის შექმნას, მომზადებას და გადაცემას, არამედ უკვე მომზადებული და ეთერში მიმდინარე პროგრამის შეუწყვეტლად, შეუკვეცავად დაEერთდროულად გადაცემას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კაბელით გადაცემაში იგულისხმება არა როგორც ცალკე დამოუკიდებელი სამაუწყებლო ტელევიზიის გადაცემებში ჩართული გადაცემა, არამედ ტელე-რადიო გადაცემების ყოველგვარი სახეცვლილების გარეშე მაყურებლისათვის მიწოდება გადაცემის სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, როგორიცაა გადაცემები სადენით, საჰაერო (სატელიტური კავშირის) გზით. ბუნებრივია, სატელიტური კავშირით ან კაბელით ტელე თუ რადიო პროგრამების გადაცემისას იზრდება საჯარო გადაცემის არეალი, გადაცემები მიეწოდება უფრო მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომი ხდება უფრო მეტი მომხმარებლისათვის. პალატა თვლის, რომ მითითებული ტექნიკური საშუალებების მეშვეობით გადაცემაც წარმოადგენს ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტის მე-18 მუხლით დაცულ უფლებას და იგი საჭიროებს ავტორის თანხმობას.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე შპს “ტვ-ერა” ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შეუცვლელად ახორციელებს მიღებული გადაცემების ტრანზიტს, რითაც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას, რაც არ გამორიცხავს ნაწარმოებების გამოყენების ფაქტს, რომლის დაცვის უფლება გააჩნია მოსარჩელეს, როგორც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ მაუწყებლობის გადაცემები, კერძოდ, მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით ტრანზიტი წარმოადგენს “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით დაცვის ობიექტს.
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მითითებული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციაც. მითითებული ნორმატიული აქტის მე-11ბის(1)(იი) მუხლის თანახმად, ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების ავტორებს განსაკუთრებული უფლება აქვთ, გასცენ ნებართვა, რომ სადენებით და უსადენოდ კავშირგაბმულობის საშუალებებით, ეთერში განმეორებით გადაიცეს ყოველგვარი საჯარო გადაცემა, თუ ამას აკეთებს სხვა და არა თავდაპირველი ორგანიზაცია. მითითებული ნორმა მოიცავს უფლებას ეთერით გადაცემული ნაწარმოების ნებისმიერ საჯარო გადაცემაზე სადენით, ან ეთერით ხელახალ გადაცემაზე. აღნიშნული ნორმით ყურადღება გამახვილებულია, ერთი მხრივ, საჯარო გადაცემაზე, როგორც დაცვის აუცილებელ ელემენტზე, მეორე მხრივ, სადენით ან ეთერით ხელახალ გადაცემაზე, როგორც ავტორის დამოუკიდებელ უფლებებზე, ასევე, იმაზე, რომ ავტორის აღნიშნული განსაკუთრებული უფლება ვრცელდება არა პირვანდელ, არამედ სხვა ორგანიზაციაზე, რომელიც ახორციელებს ნაწარმოების საჯარო გადაცემას.
ბერნის კონვენციის აღნიშნულ რეგულირებას სრულად შეესაბამება “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება. პალატა თვლის, რომ კაბელით გადაცემა წარმოადგენს ნაწარმოების გამოყენების ერთ-ერთ სახეს და ასეთი სახით ნაწარმოების გამოყენებისათვის აუცილებელია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის ნებართვა.
ამასთან, გასათვალისწინებელია “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-3 ნაწილი. ამ ნორმის თანახმად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით, ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. მოცემული ნორმა ადგენს პრეზუმფციას, რომ კოლექტიური მართვის ორგანიზაცია უფლებამოსილია, დაიცვას ნებისმიერი საჯაროდ შესრულებული, კაბელით ეთერით ან სხვა საშუალებით გადაცემული ნაწარმოებების ავტორთა და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა უფლებები. აღნიშნული პრეზუმფცია მოქმედებს, ვიდრე მოსარგებლე არ დაამტკიცებს საწინააღმდეგოს, ე.ი. მიუთითებს ფაქტებზე, რომლითაც დასტურდება, რომ კონკრეტული ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლებების ობიექტი არ შედის კოლექტიური მართვის ორგანიზაციაში. კანონის თანახმად, დაცვის ობიექტია რეპერტუარში შემავალი ყველა ნაწარმოები, ხოლო სალიცენზიო ხელშეკრულებები, “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-40 მუხლის თანახმად, იდება რეპერტუარში შემავალ კონკრეტულ ნაწარმოებებზე.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილზეც, რომლის თანახმად, კოლექტიური მართვის ორგანიზაცია უფლებამოსილია წარმოადგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა მისთვის უცნობი მფლობელი, ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ჩართოს მათი ნაწარმოებები და დაცვის სხვა ობიექტები მოსარგებლეებზე გაცემულ ლიცენზიებში. ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა უცნობი მფლობელი, ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, შედის კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში.
კონკრეტულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე _ მოსარგებლე ვერ ადასტურებს, არ უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებმაც შეიძლება გამორიცხოს მოსარჩელის უფლება მის რეპერტუარში შემავალი მუსიკალური ნაწარმოებების დაცვაზე.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონის თანახმად განსაზღვრულია დაცვის ობიექტი _ მოსარჩელის რეპერტუარში შემავალი ნაწარმოებები და, არსებობს მოსარჩელის უფლების განსახორციელებლად საკმარისი პირობა. აღნიშნულის გათვალისწინებით ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შპს “ო.-ს” აეკრძალოს საქართველოს ავტორთა საზოგადოების რეპერტუარში შემავალი მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით გადაცემა საქართველოს ავტორთა საზოგადოებასთან დადებული სალიცენზიო შეთანხმების გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
საქართველოს ავტორთა საზოგადოების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
საქართველოს ავტორთა საზოგადოების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
შპს “ო.-ს” აეკრძალოს საქართველოს ავტორთა საზოგადოების რეპერტუარში შემავალი მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით გადაცემა საქართველოს ავტორთა საზოგადოებასთან დადებული სალიცენზიო შეთანხმების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.