დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 24.02.2011
საქმის ნომერი
ას-1228-1079-2010
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.02.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1228-1079-2010 24 თებერვალი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ რ. მ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ ... ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ სარჩოს გაცემის აღდგენა, სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რ. მ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სსიპ ... ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისაგან 2005 წლიდან მიუღებელი სარჩოს 3125 ლარის ანაზღაურება და ამ უკანასკნელისათვის ყოველთვიური სარჩოს დაკისრება 80 ლარის ოდენობით, აგრეთვე, მოპასუხისათვის ადვოკატის მომსახურების ხარჯების გადახდის დავალება (ტომი I, ს.ფ. 99-105).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით რ. მ-ძის სარჩელი მოპასუხის მიმართ 2005 წლის იანვრიდან შეჩერებული ყოველთვიური სარჩოს გადახდის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე დაწესებულებას რ. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს გადახდა 2005 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების გამოტანის მომენტამდე 2160 ლარის ოდენობით და შემდგომი პერიოდისათვის ყოველთვიურად 40 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ამავე გადაწყვეტილებით რ. მ-ძეს უარი ეთქვა ადვოკატის მომსახურების თანხის მოპასუხისათვის დაკისრებაზე.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:

ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1991 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ რ. მ-ძე მუშაობდა სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება “ბ.-ში” სტერილიზატორად, რა დროსაც მიიღო პროფესიული დაავადება, ალერგიული დერმატიტი. პროფესიული დაავადება გამოიწვია შრომის არაჯანსაღმა პირობებმა, რაც დასტურდება სანეპიდსაგურის 1998 წლის 20 იანვარს შედგენილი აქტით. საექსპერტო კომისიის შემოწმების აქტით რ. მ-ძე არის II ჯგუფის ინვალიდი, მას დაკარგული აქვს შრომის უნარი 60%-ით, მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 186.28 მანეთს, მისი გადამოწმება უნდა მომხდარიყო 1992 წლის 1 აპრილს, აღნიშნულ პერიოდამდე 1991 წლის 15 აპრილიდან მოპასუხე ორგანიზაციას რ. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 111.76 მანეთის ოდენობით სარჩოს გადახდა, მთლიანობაში 2089 მანეთი. ამ გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდა;

რ. მ-ძე წარმოადგენს მეორე ჯგუფის ინვალიდს, მას დანიშნული აქვს ინვალიდობის პენსია 1988 წლის 14 დეკემბრიდან, ხოლო 1993 წლის 1 მარტიდან პენსია დაენიშნა უვადოდ საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს დასკვნის საფუძველზე;

პროფესიული დაავადება, რის შედეგადაც რ. მ-ძე გახდა მეორე ჯგუფის ინვალიდი, განაპირობა 10 წლის მანძილზე სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება “ბ.-ში” შრომის არაჯანსაღ პირობებში სტერილიზატორად მუშაობამ;

რ. მ-ძე სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება “ბ.-ში” სტერილიზატორად მუშაობდა 10 წლის განმავლობაში, 1978 წლიდან 1988 წლის 14 მარტამდე, ხოლო ამ პერიოდიდან გათავისუფლდა სამუშაოდან ინვალიდობისა და ავადმყოფობის გამო;

მოსარჩელეს სარჩო დანიშნული ჰქონდა 111.76 მანეთის ოდნობით სასამართლო გადაწყვეტილებით, საშუალო ხელფასიდან, 1991 წლის 15 აპრილიდან გარკვეული ვადით, ხოლო შემდეგ უნდა მომხდარიყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება;

გადამოწმების შემდგომ საექიმო-საექსპერტო კომისიის 1993 წლის 11 მარტის დასკვნის თანახმად მოსარჩელეს დაუდგინდა პროფესიული შრომის უნარის დაკარგვის ხარისხი 60%-ით უვადოდ;

რ. მ-ძე 2008 წლის 11, 20, 24 ივნისის მდგომარეობით გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით ამჟამადაც დაავადებულია ალერგიული დერმატიტით;

მოსარჩელის მიერ წარდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით და მხარეთა განმარტებით, ... ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი წარმოადგენს სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება “ბ.-ს” უფლებამონაცვლეს;

სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ რ. მ-ძეს, როგორც II ჯგუფის ინვალიდს 1993 წლის 1 მარტიდან დაენიშნა პენსია, რის საფუძველსაც წარმოადგენდა საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს დასკვნა, 2008 წელს მას აღუდგინეს შეჩერებული ინვალიდობის პენსია და იგი გასცეს სრულად.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, თუ როდემდე და რა ოდენობით იღებდა იგი შესაბამის სარჩოს. მისი განმარტებით, სარჩოს ის იღებდა 2005 წლის იანვრამდე. მოპასუხეს აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარუდგენია, თუმცა უდავო იყო ის, რომ რ. მ-ძე პენსიასა და სარჩოს იღებდა 1991 წლის 15 აპრილიდან, როგორც ეს ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1991 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებაშია მითითებული.

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებმა სასამართლოს ვერ წარუდგინეს მოპასუხე ორგანიზაციაში შესაბამისი პროფესიის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოპასუხის განმარტებით, იმავე თანრიგის პროფესიები და თანამდებობები ამ დროისათვის არ არსებობდა, რამდენადაც თანამედროვე პერიოდში ჭურჭლის სტერილიზება აღარ ხდება, გამოიყენება ერთჯერადი ჭურჭელი.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 42-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის რეორგანიზაციის (შერწყმა, შეერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) შემთხვევაში უფლებამონაცვლე ორგანიზაცია ვალდებულია ზიანის აანაზღაუროს. ამასთან, “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მოთხოვნათა დაცვით დანიშნული სარჩო ექვემდებარება ანაზღაურებას დამსაქმებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს, რომ დამსაქმებლის გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში წყდება დანიშნული სარჩოს გაცემის ვალდებულება.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეს შეიძლებოდა დაკისრებოდა შესაბამისი პასუხისმგებლობა “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილების მე-2 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე როგორც სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება “ბ.-ს” უფლებამონაცვლეს. რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა პროფესიული დაავადებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ ვალდებულების შეუსრულებლობა, აღნიშნულზე უნდა გავრცელებულიყო სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 992-ე მუხლის მოთხოვნები.

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, პირს დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების სათანადო პირობები, კერძოდ: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, მიზეზობრივი კავშირი მოქმედებასა და დამდგარ შედეგს (ზიანს) შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალი. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

რამდენადაც მოსარჩელე ითხოვდა არა სარჩოს დანიშვნას, არამედ უკვე დანიშნული, მაგრამ შეწყვეტილი სარჩოს მიღებას, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგენილიყო პერიოდი, რა დროის მანძილზეც მოსარჩელეს დანიშნული სარჩო არ მიუღია, ამასთან, უნდა დადგენილიყო სარჩოს ოდენობა. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში პროფესიული დაავადების შედეგად მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ ყოველთვიური სარჩოს გადახდა უნდა მომხდარიყო 2005 წლის იანვრიდან.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაციაში აღარ არსებობდა დაზარალებულის ან იმავე თანრიგის პროფესიები და თანამდებობები, დაზარალებულს სარჩო განესაზღვრებოდა სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური ხელფასის ოდენობით. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის ¹351 ბრძანებულების პირველი მუხლით განსაზღვრულია მინიმალური ხელფასი _ 20 ლარი, ხოლო ბრძანებულებაში 2006 წლის 26 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად მინიმალური ხელფასი განისაზღვრა 40 ლარით. აქედან გამომდინარე, რამდენადაც სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში იმავე თანრიგის პროფესიები და თანამდებობები არ არსებობდა, მოსარჩელისათვის მისაცემი სარჩოს თანხის დაანგარიშება უნდა განხორციელებულიყო მინიმალური ხელფასის ოდენობით, კერძოდ, მისი მოთხოვნა 2005 წლის იანვრიდან 2007 წლის იანვრამდე დაანგარიშებულიყო მინიმალური ხელფასის 20 ლარის საფუძველზე (20X4=480), ხოლო 2007 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე 40 ლარის საფუძველზე (42X40=1680), რაც ჯამში შეადგენდა 2160 ლარს.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნის არგუმენტაცია სარჩოს დაკისრების თაობაზე იმ ოდენობით, რა ოდენობითაც იგი ინვალიდობის პენსიას იღებდა 2005 წლის იანვრიდან დღემდე და რაც წლების მიხედვით სხვადასხვა თანხებს შეადგენდა. სასამართლომ განმარტა, რომ სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურება გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ხოლო სარჩოს ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმი უნდა იყოს ხელფასის ის ოდენობა, რასაც დაზარალებული იღებდა დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე, შრომის უნარის დაკარგვის ხარისხის გათვალისწინებით. აღნიშნული თვალსაზრისით საკითხის შეფასებისას სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1991 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებითაც რ. მ-ძის მიმართ სარჩოს ოდენობა დაანგარიშდა მისი იმჟამინდელი ხელფასიდან და არა ინვალიდობის პენსიიდან, რომელსაც ეს უკანასკნელი იმ პერიოდში იღებდა (ტომი I, ს.ფ. 111-118).

რ. მ-ძის მოთხოვნა ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება რ. მ-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 121-130).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით რ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც აპელანტი სააპელაციო საჩივარში სადავოდ არ ხდიდა, იურიდიულად არ ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას.

რ. მ-ძის სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა სარჩოს დაკისრება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც იგი ინვალიდობის პენსიას იღებდა 2005 წლის იანვრიდან 2010 წლის მარტამდე. აპელანტმა სააპელაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

საქმეზე დადგინდა, რომ რ. მ-ძემ მიიღო პროფესიული დაავადება სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება “ბ.-ში” და სასამართლო გადაწყვეტილებით ამ უკანასკნელს მის სასარგებლოდ 1991 წლის 15 აპრილიდან დაეკისრა ყოველთვიურად სარჩოს გადახდა 111.76 მანეთის ოდენობით, საშუალო ხელფასიდან, გარკვეული ვადით, ხოლო შემდგომ უნდა მომხდარიყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება. ამასთან, რ. მ-ძეს, როგორც მეორე ჯგუფის ინვალიდს, 1993 წლის 1 მარტიდან დაენიშნა პენსია.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სარჩო წარმოადგენს მიყენებული ზიანის ერთგვარ კომპენსაციას. სარჩოს ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმი როგორც წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილებით, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-11 მუხლის “ა” პუნქტით ხელფასის იმ ოდენობით, რასაც დაზარალებული იღებდა დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე, შრომის უნარის დაკარგვის ხარისხის გათვალისწინებით. შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძველზე დანიშნული პენსიის ოდენობა კი, თავის მხრივ, წარმოადგენს პირის საარსებო საშუალებით უზრუნველყოფის საყოველთაო უფლების საფუძველზე კანონით განსაზღვრული პირობებით სახელმწიფოსგან პირის ყოველთვიურ ფულად უზრუნველყოფას _ საკომპენსაციო თანხას შრომისუუნარობის გამო. აქედან გამომდინარე, სარჩოს ოდენობის გათანაბრების შესახებ მოსაზრება შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძველზე დანიშნული პენსიის ოდენობასთან, არ გამომდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობიდან (ტომი II, ს.ფ. 18-27).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. მ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი მიიჩნევს, რომ დღეის მდგომარეობით მისთვის ასანაზღაურებელი სარჩოს ოდენობის განსაზღვრისას ამოსავალი უნდა იყოს მისივე განმარტება იმის თაობაზე, თუ რას ემსახურებოდა სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის სარჩოს დაკისრება მოსარჩელის ხელფასის ოდენობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში სარჩოს დანიშვნა ემსახურება ზიანის იმგვარად ანაზღაურებას, რომ აღნიშნულმა უზრუნველყოს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს სადავო საკითხის გადაწყვეტისას არ უნდა გამოეყენებინა 1999 და 2007 წლების ნორმატიული აქტები, რამდენადაც საქმეზე დადგენილია, რომ მასა და მოპასუხეს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 1988 წელს.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ სარჩოს ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ქვეყანაში არსებული ხელფასის არა მინიმალური, არამედ საშუალო ოდენობა (საარსებო მინიმუმი), რომელიც ამ დროისათვის 140 ლარზე მეტია (ტომი II, ს.ფ. 31-39).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 დეკემბრის განჩინებით რ. მ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. მ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. მ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.