დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1244-1094-2010 24 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ყ-ავა (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. რ-შვილი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
დავის საგანი – წყლისა და კანალიზაციის მილების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, ზიანის ანაზღაურება (ძირითად სარჩელში); საცხოვრებელი ბინის კედლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. რ-შვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მ. ყ-ავას მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის წყლისა და კანალიზაციის მილების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა და მიყენებული მატერიალური ზიანის _ 1312 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელის განმარტებით, 1973 წლიდან, ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ქ. თბილისში, ... ქ. ¹8/1-ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში პირველ სართულზე. მის მეზობლად, იმავე სართულზე, 2002 წლიდან ცხოვრობს მ. ყ-ავა, რომელმაც სააბაზანოში და სამზარეულოში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად, დადგენილი წესის უგულვებელყოფით, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მილები მოათავსა კედელში, რამაც გამოიწვია მათი საერთო კედლის დაზიანება წყლის ავარიული გაჟონვის გამო და არსებობს მისი ჩამონგრევის საშიშროებაც. მიუხედავად არაერთი თხოვნისა მ. ყ-ავა წინააღმდეგია აღადგინოს მის საცხოვრებელ ბინაში წყალმომარაგების სისტემა და აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, რაც სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, შეადგენს 1312.70 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. რ-შვილმა მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
მოპასუხე მ. ყ-ავამ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო და, თავის მხრივ, შეგებებული სარჩელით მოითხოვა საცხოვრებელი ბინის ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება _ 658.41 ლარის ოდენობით იმ საფუძვლით, რომ მან თავისივე ხარჯებით შეამოწმა კედელში გამავალი მილები და წყლის გაჟონვის ფაქტი არ დადასტურდა, ასევე გასწია ექსპერტიზის ხარჯი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. რ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა მ. ყ-ავას შეგებებული სარჩელი. მ. ყ-ავას დაევალა ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹8-ში მდებარე კუთვნილ ¹2 საცხოვრებელ ბინაში წყლისა და კანალიზაციის მილების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, მასვე გ. რ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1312 ლარის გადახდა.
სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ. თბილისში, ... ქ.¹8-ში არსებული რვასართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ¹1 და ¹2 ბინები, რომლებსაც აქვთ საერთო კედელი ეკუთვნით გ. რ-შვილსა და მ. ყ-ავას;
გ. რ-შვილის საცხოვრებელ ბინაში, საძინებელ ოთახში, იატაკიდან საშუალოდ ორი მეტრის სიმაღლეზე დანესტიანებული და დაზიანებულია კედელი. აღნიშნული კედლის მეორე მხარეს, მ. ყ-ავას კუთვნილ ბინა ¹2-ში მოწყობილია სველი წერტილები, სააბაზანო-საპირფარეშოსა და სამზარეულოს სველი წერტილების წყალსადენის მილები გადის ზუსტად იმ კედელზე, რომელიც დაზიანებულია ბინა ¹1-ში;
საქმეში არსებული მასალებით, მოწმეთა ჩვენებებითა და ექსპერტთა განმარტებებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. რ-შვილის საცხოვრებელი ბინის საძინებელი ოთახის კედელი დაზიანებულია წყლის გაჟონვის შედეგად და დანესტიანების კვალი აღინიშნება იატაკიდან ჭერის მიმართულებით. ექსპერტთა განმარტებებით, აღნიშნულ დაზიანებას ვერ გამოიწვევდა საცხოვრებელი ბინის ზედა სართულებიდან ჩამომავალი წყალი. იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემობის გათვალისწინებით, რომ დაზიანებული კედლის მეორე მხარეს, მ. ყ-ავას ბინა ¹2-ში მოწყობილია სველი წერტილები, და მილები გადის ზუსტად იმ კედელზე, რომელიც დაზიანებულია ბინა¹1-ში, რომლის დაზიანებულ კედელთან წყალგაყვანილობის რაიმე მილი არ არსებობს, რასაც შეიძლება კედლის დაზიანება გამოეწვია, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. რ-შვილის საცხოვრებელი ბინის საძინებელი ოთახის კედლის დაზიანება, სწორედ მ. ყ-ავას საცხოვრებელ ბინაში არსებულმა წყალგაყვანილობის მილიდან გამომავალმა წყალმა გამოიწვია.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 219.1-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტზე, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 21.1-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ მ. ყ-ავა ვალდებული იყო იმგვარ მდგომარეობაში შეენარჩუნებინა მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ფართზე ბინაში წყლისა და კანალიზაციის მილები, რომ, ამას არ გამოეწვია სხვა თანამესაკუთრეებისათვის ზიანის მიყენება. სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. რ-შვილის მიმართ მიყენებული ზიანი გამოწვეული იყო მ. ყ-ავას მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, კერძოდ, იმით, რომ მან არ უზრუნველყო ინდივიდუალური და საერთო საკუთრების სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნება და ამასთან, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ მოსარჩელის სახცოვრებელი ბინის კედელი ზიანდებოდა, აღნიშნული ზიანი ბრალეული გაუფრთხილებულობით იყო გამოწვეული, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 316.1-ე და 317.1-ე მუხლების საფუძველზე, მ. ყ-ავას გ. რ-შვილის სასარგებლოდ, უნდა დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურება.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 408-409-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილევლ შემთხვევაში, ვინაიდან შეუძლებელი იყო სრული სიზუსტით იმის განსაზღვრა თუ რა მდგომარეობაში იყო მოსარჩელის ბინა ზიანის მიყენებამდე, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირვანდელი მდგომარეობა ვერ აღდგებოდა. აღნიშნული ცხადყოფდა, რომ გ. რ-შვილს უნდა მისცემოდა ფულადი ანაზღაურება, რაც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შეადგენდა 1312.70 ლარს.
ზემოაღნიშნულის გათავალისწინებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ გ. რ-შვილის სარჩელი მ. ყ-ავას მიმართ წყლისა და კანალიზაციის მილების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანი იყო და დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.
მ. ყ-ავას შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან არ არსებობდა გ. რ-შვილის მიერ მ. ყ-ავას მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე და 992-ე მუხლებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, კერძოდ, საქმეში არსებული მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ყ-ავას საცხოვრებელი ბინის კედელში წყალგაყვანილობის მილები თავად მ. ყ-ავამ გამოათავისუფლა და ნაწილობრივ შეცვალა ახალი მილებით, რაც ვერ ჩაითვლებოდა გ. რ-შვილის მიერ მის მიმართ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ყ-ავამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ. რ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თავისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მ. ყ-ავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების მიმართ მის მიერ გაკეთებული დასკვნები და სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ყ-ავამ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 992-ე მუხლი, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ იყო მ. ყ-ავას ბრალეულობა და არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი, რითაც შეიძლებოდა დამდგარიყო მისი სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. კასატორის აზრით, დარღვეულია ასევე სსსკ-ის მე-4 მუხლი, რადგან მან შეძლო იმის დამტკიცება, რომ კედლის დაზიანებაში არანაირი ბრალი არ მიუძღვოდა. სასამართლომ კი, ასევე არასწორად გამოიყენა სკ-ის 219-ე მუხლი, რადგან მას ეს მუხლიც არ დაურღვევია, ასევე სკ-ის 316-ე, 317-ე და 408-ე მუხლების პირველი ნაწილები, 409-ე მუხლი, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ასევე ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლი. ამასთან, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ექსპერტების დასკვნები და გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო მოწმეთა (მეზობლების) ჩვენებებს, რომლებიც არ იყვნენ კომპეტენტურები გადაეწყვიტათ საკითხი _ ნამდვილად მისი ბინიდან ხდებოდა თუ არა მოსარჩელის კედლის დაზიანება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 დეკემბრის განჩინებით მ. ყ-ავას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ყ-ავას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ყ-ავას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ყ-ავას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.